Thumbnail

‘ჯერ კიდევ რეალური შანსი მაქვს!’ - ფეტელს რუსეთში მხოლოდ მოგება უნდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • შაბათ-კვირას ფორმულა 1-ის მორიგი ეტაპია
  • სებასტიან ფეტელს მხოლოდ პირველი ადგილი აწყობს
  • გერმანელს სჯერა, რომ ჯერ კიდევ შეუძლია ჩემპიონობა

სებასტიან ფეტელი არ ნებდება. ფერარის გერმანელი პილოტი მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონობისთვის ბოლომდე ბრძოლას აპირებს, თუმცა შანსი უკვე მინიმალური აქვს. ფორმულა 1-ის სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 6 რბოლაა დარჩენილი, 31 წლის გერმანელი კი ლუის ჰემილტონს უკვე 40 ქულით ჩამორჩება.

6 გრანპრი საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ფეტელმა ჩემპიონობაზე იოცნებოს, მაგრამ ჰემილტონი საუკეთესო ფორმაშია, ბოლიდიც იდეალური ჰყავს და ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ 6 რბოლაში 40-ქულიანი უპირატესობა ქარს გაატანოს.

“მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ მაინც რეალური შანსი გვაქვს. იმედი იმიტომ მაქვს, რომ ჩვენი ბოლიდი ძალიან კარგია. 40-ქულიანი სხვაობა რეალობას არ ასახავს. ასეთი დიდი ჩამორჩენა იმიტომ გვაქვს, რომ ეს ჩვენ დავუშვით. იყო რბოლები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოგვეგო, მაგრამ სხვებმა მოიგეს,” - აცხადებს გერმანელი რუსეთის გრანპრის წინ.

გერმანელმა სინგაპურის გრანპრიც გაიხსენა, რომელზეც მხოლოდ მე-3 ადგილი დაიკავა: “დიახ, სტრატეგიის გამო წავაგეთ, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილება რბოლის მოგების ერთადერთი შანსი იყო. ამ რისკზე უნდა წავსულიყავით. სამწუხაროდ, გეგმამ არ იმუშავა, მაგრამ ფაქტია, რომ უნდა გვეცადა.”

ლუის ჰემილტონმა პარასკევის ვარჯიშზე უკეთესი დრო აჩვენა

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის გრანპრი ოთხივეჯერ მერსედესმა მოიგო, ფერარიში სჯერათ, რომ სოჭში წარმატების მიღწევა შეუძლიათ. “მთავარია, კარგ setup-ს მივაგნოთ. რუსეთის გრანპრიზე ყველაზე მთავარი კარგი ბოლიდი და ძრავაა,” - დასძენს ფეტელი.

კომენტარები

ბოლო ამბები