Thumbnail

ხელბურთი | ევრო 2022-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრები კვიპროსს, აზერბაიჯანს და მალტას დაუპირისპირდება
  • ჩახლართული ფორმატის დეტალები

გაირკვა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მეტოქეების ვინაობა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში. საქართველო ერთ წრედ დაუპირისპირდება კვიპროსს, აზერბაიჯანს და მალტას. მატჩები 2019 წლის 4-6 ან 11-13 იანვარს გაიმართება. მეორე ჯგუფში არიან ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია და ბულგარეთი. 

ტურნირის მასპინძლობის პრიორიტეტი აქვს მალტას, შემდეგ აზერბაიჯანს, საქართველოსა და კვიპროსს. ამ ორი ჯგუფის გამარჯვებული გავა მეორე ეტაპზე, პლეიოფში, დანარჩენები კი ითამაშებენ EHF განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატში, რომლის მოგებულიც ასევე მიიღებს პლეიოფის საგზურს. პლეიოფში ეს სამი გუნდი დაუწყვილდება ევრო 2020-ის მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში სამი უარესი შედეგის მქონე გუნდს, ითამაშებენ შინ/სტუმრად პრინციპით და 3 გამარჯვებული მიიღებს ევრო 2022-ის მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში თამაშის უფლებას, ევროპის ყველა გრანდის მხარდამხარ.

მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდი დაიწყება 2020 წლის ოქტომბერში, გაგრძელდება 2021 წლის იანვარში და დასრულდება აპრილში. ევრო 2020-ის მასპინძელი ქვეყნებია უნგრეთი და სლოვაკეთი. შეჯიბრება, 24 გუნდის მონაწილეობით 2022 წლის 14-30 იანვარს გაიმართება.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ტურნირი დაიწყება 24 ოქტომბერს დასრულდება 2019 წლის ივნისში. ამის შემდეგ, გაირკვევა ევრო 2020-ის 20 მონაწილე და 3 აუტსაიდერი, რომელიც პლეიოფში, 2020 წლის აპრილში უნდა შეხვდეს პირველი ეტაპის ორ გამარჯვებულსა და EHF განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონს. როგორც ხედავთ, სისტემა საკმაოდ რთულია, თუმცა არსი ისაა, რომ მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში სულ 32 ადგილია და საქართველოს ნაკრების მიზანიც ამ 32 გუნდში მოხვედრაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები