Thumbnail
  • 2019/20 წლების სეზონიდან უეფა VAR-ს შემოიღებს
  • VAR-ს გამოიყენებენ 2019 წლის უეფას სუპერთასზე და ევრო 2020-ზე
  • დღის მეორე ნახევარში უეფა ევრო 2024-ის მასპინძელს გამოაცხადებს

VAR - ანუ ვიდეო-ასისტენტ რეფერი (ვიდეორეფერი) მომავალი სეზონიდან ახალი ხილი არც უეფას ეგიდით გასამართი შეხვედრებისთვის იქნება. ოფიციალურად გადაწყდა, რომ ვიდეორეფერი ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე დამკვიდრდება, ოღონდ, ახალი სეზონის საკვალიფიკაციო პლეი ოფის ეტაპიდან. ეს გადაწყვეტილება ნიონში დღეს უეფას აღმასკომზე მიიღეს. 

ცნობილია, რომ VAR-ს გამოიყენებენ უეფას სუპერთასზე სტამბოლში (2019), ასევე ევრო 2020-ზე. 
უეფას გადაწყვეტილებით, ტექნოლოგია ევროპალიგამდე 2020/21 წლების სეზონისთვის (ჯგუფური ეტაპი) მიაღწევს. ერთა ლიგაში VAR-ის დებიუტი 2021 წლის ფინალურ ეტაპზე შედგება. 
უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი: "ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვიდეორეფერის სისტემის შემოღება 2019 წლის აგვისტოდან ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას. მანამდე კი ამ სისტემის სრულყოფა მოხდება, ასევე დასრულდება მატჩის მომსახურე ოფიციალური პირების გადამზადება, რათა მსოფლიოს მოწინავე საკლუბო პირველობაზე, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა, ტექნოლოგია მაქსიმალურად ეფექტური გამოდგეს".

VAR-ის სისტემა 2017/18 წლების სეზონიდან მოქმედებს ბუნდესლიგასა და სერია A-ში, ახლანდელი სეზონიდან კი - ლა ლიგაშიც. ინგლისში და საფრანგეთში ჯერჯერობით ტექნოლოგია სათასო მატჩებში გამოსცადეს. VAR-ის პირველი საწვრთნელი ცენტრი მსოფლიოში იტალიურ კოვერჩანოში 2018 წლის იანვარში გაიხსნა.  

ევრო 2020-ის წილისყრის დეტალები დაზუსტდა

უეფას აღმასკომი ნიონში

ნიონში, უეფას აღმასკომზე სხვა გადაწყვეტილებებიც მიიღეს. დამტკიცდა ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირისა და უეფას ერთა ლიგის ფინალური ეტაპის წილისყრის პროცედურა.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დუბლინის Convention Centre-ში 2 დეკემბერს გაიმართება. ადგილობრივი დროით დილის 11 საათზე. გუნდები 10 ჯგუფში გადანაწილდებიან (5 ან 6-გუნდიანი), ორ-ორი გამარჯვებული (20 გუნდი) ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. 4 დარჩენილი საგზური უეფას ახალი ტურნირის, ერთა ლიგის პლეი ოფის ტურნირის შემდეგ განაწილდება. 

2019 წელს უეფას ერთა ლიგის პირველი 4-გუნდიანი ფინალური ტურნირი ჩატარდება, რომლის წილისყრაც ასევე დუბლინში 2018 წლის 3 დეკემბერს გაიმართება. 

ევრო 2024

უეფას აღმასკომი შესვენების შემდეგ განაახლებს მუშაობას უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად - უეფამ ევრო 2024-ის მასპინძელი ქვეყანა უნდა აირჩიოს. მასპინძლობისთვის მხოლოდ ორი ქვეყანა იბრძვის, გერმანია და თურქეთი. 

სხვა გადაწყვეტილებები

► ქალთა ფუტზალის ევრო 2019-ს პორტუგალიის ქალაქი გონდომარი უმასპინძლებს. ეს ოთხთა ტურნირი 14-17 თებერვალს გაიმართება.

►19-წლამდელთა ფუტზალის პირველ ევროპის ჩემპიონატს ლატვია უმასპინძლებს (8 მონაწილე).

► კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას სამსაჯო კონვენციაში გაწევრიანდა. 

►უეფას აღმასკომის მომდევნო სხდომა დუბლინში (ირლანდია) 3 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები