Thumbnail
  • ერნესტო ვალვერდეს გუნდის პირველი მარცხი სეზონში
  • ლეგანესმა თამაში 68 წამში შემოატრიალა

ლა ლიგის მე-6 ტურის მორიგ მატჩში ბარსელონამ სეზონში პირველი მარცხი იწვნია, თანაც ეს კატალონიურმა გრანდმა აქამდე ბოლოადგილოსან ლეგანესთან "მოახერხა" მადრიდში - 1:2. არადა, თავიდან სტუმრები იგებდნენ - მე-12 წუთზე ლეო მესიმ ფილიპე კოუტინიო მოძებნა და ბრაზილიელმა ჯერ აიგდო ბურთი, რომელიც მიწაზე დაუშვებლად ლეგანესის კარში გაგზავნა.

52-ე წუთზე ნაბილ ელ-ჟარმა თავურით გაათანაბრა. ბოლო მატჩებში ჟერარდ პიკე ხშირად ცდება უხეშად. ამ შეხვედრაში კი მის შეცდომას ბარსას წაგება მოყვა - პიკემ ფაქტობრივად გაატანინა არნაის როდრიგესს (იგივე ოსკარი). ეს ყველაფერი საპასუხო გოლიდან ერთ წუთში მოხდა.

მესის სუპერმომენტი

ერნესტო ვალვერდეს, რომელსაც უკვე ბევრი აკრიტიკებს, არც ამ თამაშში უღალატია ექსპერიმენტებისთვის - დაცვის მარცხენა ფლანგზე ვერმალენი იდგა და არა ალბა, შეტევაში კი ლუის სუარესის ნაცვლად მუნირ ელ ჰადადი გამოჩნდა. ბარსელონას 6 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს, ხოლო ლეგანესს 4 გაუხდა. 

ლეგანესის ფეხბურთელების უსაზღვრო სიხარული - ბარსა დამარცხებულია!

ბოლოს ყველა წაგებაზე მწვრთნელია პასუხისმგებელი

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა): "ასეთი რამ ძნელი ასახსნელია, მაგრამ ფეხბურთია, რომელშიც მსგავსი მოულოდნელობები ხდება. შეიძლება თამაში აკონტროლო და ყველაფერი ერთ წუთში დაკარგო. რა თქმა უნდა, ბოლოს ყველა წაგებაზე პასუხისმგებელი მწვრთნელია. თავს ისე ვგრძნობ, როგორც ნებისმიერი მწვრთნელი მწარე მარცხის შემდეგ.

დღეს მხოლოდ ორ პოზიციაზე მივმართე როტაციას - ლუისს და ჟორდის დასვენება ესაჭიროებოდათ, განსაკუთრებით ამ უკანასკნელს, რომელსაც არ დაუსვენია აქამდე. როგორმე ბოლო ორი თამაში უნდა დავივიწყოთ".

საინტერესო ფაქტები

► ესპანიოლის გარდა 2018 წელს მხოლოდ ლეგანესმა შეძლო, როგორც ბარსელონას, ასევე რეალის დამარცხება.

► ლეგანესმა გათანაბრების მერე მეორე გოლი 68 წამში გაიტანა.

► ბოლო 4 თამაშში ბარსელონამ 7 გოლი გაუშვა და აქედან სულ მცირე, სამში ჟერარდ პიკეს შეცდომა აშკარაა. 

ლეგანესი 2:1 ბარსელონა

გოლები: 0:1 კოუტინიო (12), 1:1 ელ-ჟარი (52), 2:1 ოსკარი (53)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ვერმალენი (70. ალბა) - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო - ელ ჰადადი (61. ლ. სუარესი), მესი, დემბელე (71. მალკომი)

📺 მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები