Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა ბაქოში სამი მედალი მოიპოვა - თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო
  • თუშიშვილმა ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაურს იპონით სძლია
  • 23 წლის თუშიშვილმა ბაქოში ყველა შეხვედრა იპონით მოიგო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურ შეჯიბრში გამოსვლა სამი - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მძიმე წონაში ჩემპიონობა გურამ თუშიშვილმა იზეიმა, რომელმაც ხუთივე შეხვედრა სუფთად მოიგო, ფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური, შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე დააიპონა. 

თუშიშვილის შეხვედრა კოკაურთან

თუშიშვილის კომენტარი გამარჯვების შემდეგ

მანამდე ბაქოში ვიცე-ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი (-100) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ამირან პაპინაშვილმა (-60) მოიპოვა. ამ შედეგით საქართველომ ვაჟებში საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. 

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე ისტორიაში ნაჩვენები საუკეთესო შედეგი გაიმეორა. 2007 წელსაც თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო მოვიპოვეთ. 

საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი 4-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა. ბოლოს ეს ავთანდილ ჭრიკიშვილმა 2014 წელს, ჩელიაბინსკში გამართულ პირველობაზე შეძლო. 

გზა ფინალამდე

ევროპის 2017 წლის ჩემპიონი, 23 წლის ქართველი მძიმეწონოსანი მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი რუმინელ დანიელ ნატეას დაუპირისპირდა. გურამმა მეტოქეს ორი შიდო მიაღებინა, შეხვედრის დასრულებამდე 1:15 წუთით ადრე კი იპონზე დააგდო.

თუშიშვილის შეხვედრა ნატეასთან

თუშიშვილს პრობლემა არც მესამე წრეში ჰქონია, სადაც უკრაინელ იაკივ ხამო ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი იპონზე.

თუშიშვილის შეხვედრა ხამოსთან

1/4-ფინალში თუშიშვილი ნიდერლანდების წარმომადგენელ როი მეიერს შეხვდა. გურამმა მეტოქეს ჯერ შიდო მიაღებინა, შეხვედრის დასრულებამდე 38 წამით ადრე კი ვაზარზე დააგდო, რომელიც მოგვიანებით გაუუქმეს. შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, 2:05 წუთზე კი თუშიშვილს ვაზარი მეორედაც გაუუქმეს. მაგრამ ქართველმა ძიუდოისტმა მიზანს მაინც მიაღწია - 3:30 დამატებულ წუთზე მეტოქე იპონზე დააგდო და ნახევარფინალში გავიდა.

თუშიშვილის შეხვედრა მეიერთან

თუშიშვილმა ნახევარფინაში მონღოლი ურენბაიარ ულზიბაიარი დაამარცხა. თითო შიდოს მიღების შემდეგ, ქართველმა მეტოქე ორ წუთში დააიპონა. 

თუშიშვილის შეხვედრა ულზიბაიართან

ბაქოში მსოფლიოს ჩემპიონატი 27 სექტემბერს, გუნდური პირველობით დასრულდება. მასში საქართველოს ნაკრები არ გამოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები