Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებს ბაქოში მესამე მედლის მოპოვების შანსი აქვს
  • ქართველმა მძიმეწონოსნმა სამივე შევეხვედრა იპონით მოიგო
  • თუშიშვილი 1/2-ფინალში მონღოლ დურენბაიარ ულზიბაიარს შეხვდება 

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ბოლო წარმომადგენელმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) სასტარტო შეხვედრები მოიგო და ნახევარფინალშია, სადაც მონღოლ დურენბაიარ ულზიბაიარს შეხვდება.

ევროპის 2017 წლის ჩემპიონი ქართველი მძიმეწონოსანი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი რუმინელ დანიელ ნატეას დაუპირისპირდა. გურამმა მეტოქეს ორი შიდო მიაღებინა, შეხვედრის დასრულებამდე 1:15 წუთით ადრე კი იპონზე დააგდო.

თუშიშვილის შეხვედრა ნატეასთან

თუშიშვილს პრობლემა არც მესამე წრეში ჰქონია, სადაც უკრაინელ იაკივ ხამო ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი იპონზე.

თუშიშვილის შეხვედრა ხამოსთან

1/4-ფინალში ქართველი ძიუდოისტი ნიდერლანდების წარმომადგენელ როი მეიერს შეხვდა. გურამმა მეტოქეს ჯერ შიდო მიაღებინა, შეხვედრის დასრულებამდე 38 წამით ადრე კი ვაზარზე დააგდო, რომელიც მოგვიანებით გაუუქმეს. შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, 2:05 წუთზე კი თუშიშვილს ვაზარი მეორედაც გაუუქმეს. მაგრამ ქართველმა ძიუდოისტმა მიზანს მაინც მიაღწია - 3:30 დამატებულ წუთზე მეტოქე იპონზე დააგდო და ნახევარფინალში გავიდა.

თუშიშვილის შეხვედრა მეიერთან

აღსანიშნავია, რომ მეორე ნახევარფინალურ წყვილში გამოდის აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური, რომელსაც მეტოქედ უზბეკი მეკმუროდ ოლტიბოევი ჰყავს. კოკაურმა იქამდე სამი შეხვედრა იპონით მოიგო.

ბაქოში ფინალური ბლოკი 16:00-საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალზე იხილავთ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ დრომდე საქართველოს ანგარიშზე ორი მედალია- 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა, 60-ში კი ბრინჯაო ამირან პაპინაშვილმა მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები