Thumbnail
  • იოახიმ ლიოვს და ოლივერ ბირჰოფს მესუთ იოზილის ნახვა სურდათ
  • უნაი ემერიმ მათ არსენალის ბაზაზე შესვლის ნებართვა არ მისცა

გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა და მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა კიდევ ერთხელ სცადეს მესუთ იოზილთან დაკავშირება - ამჯერად, პირდაპირ ლონდონში და მასთან შეხვედრის იმედი ჰქონდათ.

როგორც იცით, ლიოვი და ბირჰოფი ცნობილი მუნდიალის შემდეგ ამაოდ ცდილობენ მესუთთან დაკავშირებას - გერმანიის ნაკრებიდან სკანდალურად წასული ფეხბურთელი მათ ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობს. საუბარი და შეხვედრა ვერც ამჯერად შედგა, რაც, როგორც ირკვევა, არსენალის და კონკრეტულად მისი მწვრთნელის, უნაი ემერის დამსახურებაცაა.

ლიოვი იოზილთან დაკავშირებას და შეხვედრას ამაოდ ცდილობს

“ბილდის” ინფორმაციით, ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლიოვს და ბირჰოფს არსენალის ბაზაზე შესვლისა და ვარჯიშზე დასწრების ნებართვა არ მისცა. შესაბამისად, არ შედგა პირდაპირი კონტაქტი ლიოვსა და იოზილს შორის.

გერმანიის ნაკრების დამრიგებელი და მენეჯერი ლონდონში ფიფას დაჯილდოებაზე იმყოფებოდნენ და არსენალის ვარჯიშზე მისვლა მიზნად იმისთვის დაისახეს, რომ იოზილთან გასაუბრების შანსი მისცემოდათ. “ბილდი” წერს, რომ ემერიმ მათი ბაზაზე შესვლა არ დაუშვა. ეს საკმაოდ მოულოდნელი ამბავია, რადგან როგორც წესი, კლუბის მწვრთნელები ცნობილ და მით უმეტეს, გერმანიის ნაკრების მსგავსი გუნდების მწვრთნელებს ვარჯიშებზე დასწრებას არ უკრძალავენ ხოლმე. მით უმეტეს, რომ არსენალში, იოზილის გარდა, კიდევ ორი გერმანელი თამაშობს (ბერნდ ლენო და შკოდრან მუსტაფი).

შკოდრან მუსტაფი და მესუთ იოზილი

“მესუთთან შეხვედრა და მასთან საუბარი ძალიან გვინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ მას ახლა ჩვენთან ლაპარაკი არ უნდა,” - უთხრა ბირჰოფმა “ბილდს”.

სამაგიეროდ, ლიოვი შეხვდა და დიდხანს ესაუბრა ლენოს და მუსტაფის. გარდა ამისა, ბუნდესმწვრთნელი და ბირჰოფი გერმანიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ პერ მერტეზაკერსაც შეხვდნენ, რომელიც ახლა არსენალში ბავშვთა ფეხბურთის დეპარტამენტში მუშაობს. ცხადია, რომ საუბრის მთავარი თემა სწორედ მესუთ იოზილი იქნებოდა...

კომენტარები

ბოლო ამბები