Thumbnail

ვინ არის 'ბორჯღალოსნების' შერკინების ახალი მწვრთნელი გრემ როუნთრი

  • ეროვნულ ნაკრებში ბრედ ჰარისს გრემ როუნთრი შეცვლის
  • ინგლისელი მწვრთნელი ახალი სამსახურით აღფრთოვანებულია

ივნისიდან მოყოლებული საქართველოს ნაკრებს არ ჰყავდა შერკინების მწვრთნელი, რადგან გუნდის ხელმძღვანელობამ ივლისში ავსტრალიელი ბრედ ჰარისი გაუშვა. გრემ როუნთრი რაგბის კავშირმა დღეს წარუდგინა საზოგადოებას:

ბოლოს შერკინებაში რეგრესი შეინიშნებოდა

ნაკრების შერკინებამ ბოლოს მოუკლო

გოჩა სვანიძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტი): "წარმოგიდგენთ "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბის ახალ წევრს, ინგლისელ შერკინების სპეციალისტს გრემ როუნთრის. ის არის მაღალი რეპუტაციისა და კვალიფიკაციის მორაგბე და მწვრთნელი, რაზეც მისი ბიოგრაფიაც მეტყველებს.

ვენი გუნდის თამაშის ხარისხში ბოლო დროს გარკვეული რეგრესი შეინიშნებოდა, რასაც ზაფხულში ავსტრალიელ მწვრთნელებთან განშორება მოყვა და ნაკრები შერკინების მწვრთნელის გარეშე დარჩა. ახლა ამ პოზიციას როუნთრი დაიკავებს, რომელსაც ქართული რაგბის მიმართ დიდი პატივისცემა და სიყვარული გააჩნია. გრემმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და ამბობს, რომ მისთვის საინტერესოა ჩვენი შერკინების თამაში, რის გამოც მზადაა ეს გამოწვევა მიიღოს. მასთან კონტრაქტი 2019 წლის დასრულებამდე გაფორმდა".

ერთნაირი სარაგბო ფილოსოფია

მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "გრემ როუნთრის დიდი დახასიათება არ ჭირდება, მისი სარაგბო და საერთაშორისო გამოცდილება შთამბეჭდავად გამოიყურება. 2019 წლის მსოფლიო თასი მისთვის მეოთხე იქნება მწვრთნელის რანგში. ვფიქრობ, გაგვიმართლა ასეთი გამოცდილებისა და კალიბრის მწვრთნელის დაკონტრაქტების შესაძლებლობა რომ მოგვეცა, განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან პერიოდში, მსოფლიო თასამდე ერთი წლით ადრე. პრეზიდენტმაც აღნიშნა და მეც გავიმეორებ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის ენთუზიაზმი და დამოკიდებულება, რომელიც მან ოთხი კვირის წინ, ჩვენი პირველი შეხვედრისას გამოავლინა.

მას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ჩვენი თამაშის გაუმჯობესებაში. კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენი საუბრიდან გაირკვა, რომ გუნდის წინსვლასთან დაკავშირებით ერთნაირი ფილოსოფია გვაქვს და ეს უმნიშვნელოვანესია. მოუთმენლად ველოდები უშუალოდ პროცესის დაწყებას“.

ამ შანსის ხელიდან გაშვება დანაშაული იქნებოდა

გრემ როუნთრი: "გადამეტების გარეშე - ახლა უფრო აღელვებული ვარ, ვიდრე სხვა ნებისმიერი თანამდებობის დაკავებისას. დიდი ხანია საქართველოს ნაკრების, განსაკუთრებით მისი შერკინების თამაშის გულშემატკივარი ვარ. მსოფლიოში ცნობილი შერკინების მწვრთნელობის და მსოფლიო თასის წელიწადში მისი კიდევ უფრო გაუმჯობესების შანსის ხელიდან გაშვება დანაშაული იქნებოდა.

თბილმა დახვედრამ, როგორც მილტონისგან და გოჩასგან, ასევე სხვა ადამიანებისგან, ჩემი ენთუზიაზმი კიდევ უფრო გაზარდა და მოუთმენლად ველოდები უშუალოდ საწვრთნელ პროცესში ჩართვას“.

პრესკონფერენციაზე
rugby.ge

ვინ არის ბორჯღალოსნების' ახალი მწვრთნელი?

გრემ როუნთრი ლესტერ თაიგერსში ბურჯის პოზიციაზე თამაშობდა. მან 2-ჯერ ჩემპიონთა თასი მოიგო, 4-ჯერ კი - ინგლისის ჩემპიონატი. ინგლისის ნაკრებში მან 54 კეპი მოიპოვა. ითამაშა მსოფლიოს ორ თასზე - 1995 და 1999 წლებში. 

მწვრთნელობა ლესტერ თაიგერსში დაიწყო და 2007 წელს ის ინგლისის ნაკრებში მიიწვიეს შერკინების მწვრთნელად. ინგლისის ნაკრებში მან 2015 წლამდე იმუშავა. ბოლოს ის ინგლისურ ჰარლექუინზში მუშაობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები