Thumbnail

თებერვლამდე გარანტირებული ოძეკობა - 5 ფაქტი აკი ბაშოზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის 400 გამარჯვება, 74 კენშო
  • გაგამარუ ელიტას ემშვიდობება
  • ცოცხალი ლეგენდა ჰაკუჰო

შემოდგომის (აკი) ბაშო დასრულებულია. ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ტურნირი დადებითი ბალანსით დაასრულა, თეიმურაზ ჯუღელისთვის (გაგამარუ) კი ეს ბაშო წარუმატებელი გამოდგა. აკი ბაშო დიდმა მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ მოიგო. გთავაზობთ 5 ყველაზე საინტერესო ფაქტს აკი ბაშოზე.

1. ტიტული დაცულია!

სუმოს ელიტის ელიტა: 3 იოკოძუნა და 3 ოძეკი

ტოჩინოშინი 30 მაისს გახდა ისტორიაში მესამე ევროპელი სუმოისტი, რომელსაც პროფესიულ სუმოს იერარქიაში მეორე რანგი - ოძეკობა (ჩემპიონი) მიანიჭეს. ტოჩინოშინისთვის პირველი ბაშო ოძეკის რანგში მეტად უიღბლო გამოდგა. ივლისის ბაშოს სტარტზე მას 5-0 ბალანსი ჰქონდა, როცა მონღოლ ტამავაშისთან ფეხზე მყესი გაიწყვიტა და ბაშოზე ბრძოლა ვეღარ გააგრძელა. 

როდესაც ოძეკი ბაშოს უარყოფითი ბალანსით ასრულებს, ის მომდევნო ბაშოზე ვალდებულია ტიტული დადებითი ბალანსით დაიცვას. ოძეკი ეგრეთ წოდებულ კადობანშია ჩაყენებული, რომლისგანაც უნდა "გამოძვრეს". 

ტოჩინოშინმა სწორედ ეს შეძლო - აკი ბაშო 9-6 ბალანსით დაასრულა და ოძეკის ტიტულიც დაიცვა.
ახლა ლევანს ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ორ ბაშოზე მაინც აქვს გარანტირებული ოძეკის რანგში ჭიდაობა (თებერვლის ბანძუკემდე). რა მოხდებოდა, თუ ტოჩინოშინი დადებით ბალანსს ვერ დაიბევებდა? მას ჩამოაქვეითებდნენ და იმ შემთხვევაში დაუბრუნდებოდა ოძეკის რანგს თუ ნოემბერში მინიმუმ 10 მოგებას დააფიქსირებდა. 

2. მშვიდობით ელიტა!

გაგამარუ

სუმოს დივიზიონებიდან ელიტად ითვლება უმაღლესი დივიზიონი მაკუუჩი და მეორე დივიზიონი ჯურიო. ამის ქვემოთ დივიზიონებში არც ხელფასებია და პუბლიკის დაინტერესებაც ნაკლებია. თითოეული სუმოისტისთვის ელიტაში ამოსვლა, როცა სულ 600-მდე პროფესიონალი სპორტსმენია, დიდ მიღწევად ითვლება. 

სწორედ ელიტის წევრი იყო დიდხანს 31 წლის თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). 2009 წელს გაგამარუ პირველად აღზევდა ჯურიოს დივიზიონში. ერთ წელიწადში ის უკვე უმაღლესშიც იყო, ხოლო 2010 წელს კომუსუბის ტიტულიც მოიპოვა. ამის შემდეგ იყო პერიოდი, როცა გაგამარუ ხან უმაღლეს დივზიონში ჭიდაობდა და ხან ჯურიოში. და, აი ეს ყველაფერი აკი ბაშოზე დასრულდა. ჯურიოს მე-12 ნომერმა ქართველმა 6-9 ბალანსი აჩვენა და უდიდესი ალბათობით, მას მესამე, მაკუშიტას დივიზიონში დააქვეითებენ. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს 212-კილოიანი ქართველი გოლიათი, დაიწყებს ბრძოლას დაბრუნებისთვის თუ მავაშის ლურსმანზე ჩამოკიდებს.

3. მეტი, ვიდრე დადებითი

ბოლო დღეს ტოჩინოძინმა ოძეკი ტაკაიასუ დაამარცხა

ტოჩინოშინისთვის მთავარი დადებითი ბალანსი იყო, მაგრამ ამავე დროს ქართველმა სუმოისტმა დიდებულად იჭიდავა. მან დიდი ჩემპიონი კაკურიუ და ჩემპიონი ტაკაიასუ დაამარცხა, მოუგო სეკივაკე იჩინოჯოსა და კომუსუბი ტამავაშის. 

ტოჩინოშინმა უმაღლეს დივიზიონში მე-400 გამარჯვებაც იზეიმა (ახლა უკვე 408 აქვს), რაც დიდებული შედეგია. 

4. 74 კენშო

ბაშოზე ტოჩინოშინმა 74 კენშო მიიღო

თითოეული ბრძოლისთვის ფირმები თუ კერძო სპონსორები სპეციალურ ჯილდოს აწესებენ, რომელიც მოგებულ სუმოისტს გადაეცემა. ასე რომ, წარმატებული სუმოისტები დამატებით ჰონორარებს იღებენ. 

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე 15-დან 9 ორთაბრძოლა მოიგო, რომლებზეც ჯამში 74 კენშო (1 კენშო დაახლოებით 1 300 ლარია) იყო დაწესებული. ლევანმა სწორედ 74 კენშო მიიღო - დაახლოებით 96 ათასი ლარი. 

აკი ბაშოზე ეს მე-7 შედეგია. ყველაზე მეტი, 410 კენშო აკი ბაშოს გამარჯვებულმა ჰაკუჰომ მოიგო. 

შეგახსენებთ, რომ ეს დამატებით შემოსავალზეა საუბარი, ოძეკის ხელფასი არაოფიციალური ინფორმაციით, თვეში დაახლოებით 20 ათასი დოლარის ტოლფასია. 

5. ცოცხალი ლეგენდა

ყველა დროის რეკორდი - ჰაკუჰომ იმპერატორის თასი 41-ედ მოიგო

33 წლის მონღოლი ჰაკუჰო სუმოს ცოცხალი ლეგენდაა - მან აკი ბაშოზე რეკორდი გააუმჯობესა - დაუმარცხებლად მოიგო (15-0) და იმპერატორის თასი კარიერაში 41-ედ მოიპოვა. ჰაკუჰომ ბაშო 1001 მოგებით დაასრულა უმაღლეს დივიზიონში, დიდი ჩემპიონის რანგში მან 800-ზე მეტი მოგება მიითვალა. კიდევ დიდხანს, ვერავინ გააუმჯობესებს სუმოს ისტორიაში 69-ე იოკოძუნას შედეგს. 

კომენტარები

ბოლო ამბები