Thumbnail

ვერცხლი ბაქოდან - ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე დრამატული ფინალი წააგო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონი კარიერაში მესამედ წააგო
  • საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ბაქოში მოპოვებული ორი მედალია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელ გუჰამ ჩოსთან თითქმის 9-წუთიან დაძაბულ შეხვედრაში ვაზარით დამარცხდა. 

100 კგ. პოდიუმი

შეხვედრის ძირითად დროში მეტოქეებმა თითო გაფრთხილება მიიღეს. ლიპარტელიანმა მეორე შიდო დამატებით დროში მიიღო, დამატებულ 4:58 წუთზე კი ვაზარზე დაეცა.

ლიპარტელიანის შეხვედრა ჩოსთან

ლიპარტელიანის კომენტარი ფინალის შემდეგ

აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირში ეს საქართველოს ნაკრების მეორე მედალია. ჩემპიონატის პირველ დღეს ბრინჯაო ამირან პაპინაშვილმა (-60) მოიპოვა.

29 წლის ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მანამდე ორჯერ იჭიდავა (2013 და 2017 წლებში) და ორივეჯერ ვერცხლს დასჯერდა. მის ანგარიშზე ასევე ტურნირში მოპოვებული ორი ბრინჯაოა (2014 და 2015 წლებში).

ლიპარტელიანი ტურნირში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ფრანგი ალექსანდრ იდირი ვაზარით დაამარცხა.

ლიპარტელიანის შეხვედრა იდირთან

მესამე წრის შეხვედრა ლიპარტელიანმა მასპინძელ ელმარ გასიმოვთან ჩაატარა. ძირითად დროში მეტოქეებმა თითო შიდო მიიღეს, დამატებითში კი ვარლამმა აზერბაიჯანელი მეტოქე რთული ილეთით იპონზე დააგდო.

ლიპარტელიანის შეხვედრა გასიმოვთან

1/4-ფინალში ქართველი ძიუდოისტი ეგვიპტელ რამად დარვიშს დაუპირისპირდა. ვარლამმა წუთის შემდეგ მეტოქეს კონტრილეთზე ვაზარი აუღო, ორთაბრძოლის დასრულებამდე 39 წამით ადრე კი შებოჭა და ნახევარფინალში გავიდა.

ლიპარტელიანის შეხვედრა დარვიშთან

ლიპარტელიანმა ნახევარფინალში მონღოლ ოტგონბაატარ ლხაგვასურენს, შეხვედრის დასრულებამდე 17 წამით ადრე მოპოვებული ვაზარით მოუგო.

ლიპარტელიანის შეხვედრა ლხაგვასურენთან

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალური შეჯიბრი ხვალ, 26 სექტემბერს დასრულდება და მედლები მძიმე წონაში გათამაშდება, სადაც საქართველოს ნაკრებიდან გურამ თუშიშვილი იასპარეზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები