Thumbnail

შერაზადიშვილი ესპანელთა ახალი გმირია - მისი სახელი ქუჩას მიენიჭება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ნიკო შერაზადიშვილის წარმატებას ესპანეთში დიდი რეზონანსი მოჰყვა
  • ისტორიული ოქროს მედალი და ესპანელების ახალი გმირი

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე 90 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა. ქართველი ძიუდოისტი უკვე 8 წელია ესპანეთში ცხოვრობს და შესაბამისად, ამ ქვეყნის სახელით ასპარეზობს. 

ნიკო შერამ, როგორც მას ხშირად ესპანეთში ეძახიან, ისტორიულ წარმატებას მიაღწია: ის გახდა პირველი ესპანელი ძიუდოისტი, რომელმაც ვაჟებში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. 22 წლის ქართველის წარმატებამ ესპანეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია, ცნობილმა გამოცემა მარკამ კი მას ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომლის ყველაზე საინტერესო მონაკვეთებს ქვემოთ გთავაზობთ…

ესპანური მედია ნიკო შერაზადიშვილის წარმატებას ეხმაურება

მარკა ნიკო შერაზადიშვილის შესახებ

“ნიკო შერაზადიშვილი პირველი ესპანელი ძიუდოისტია, რომელმაც ვაჟებში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. აქამდე, მხოლოდ ქალებს ჰქონდათ ასეთი წარმატება: იზაბელ ფერნანდესს და მირიამ ბლასკოს. შერაზადიშვილის წარმატება ისტორიულია, საფუძვლად კი უდიდესი შრომა უდევს, რომელიც 8 წლის წინ დაიწყო, როდესაც ნიკო ესპანეთში ჩამოვიდა.

ნიკო შერა 10 წლის იყო, როდესაც მამის გავლენით ძიუდოთი დაკავდა. მამაც ძიუდოისტი იყო, საქართველოს ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის მედალოსანი. ნიკო ძიუდოს ცურვას უთავსებდა, თუმცა მალევე გაერკვა სურვილებში და არჩევანი ძიუდოზე შეაჩერა. 14 წლის იყო, როდესაც ესპანეთში, მადრიდში ჩამოვიდა, რადგან რთული მდგომარეობის გამო, მის მშობლებს საქართველოდან ემიგრირება მოუხდათ. ნიკომ სპორტდარბაზის ძებნა დაიწყო, მალე კი მადრიდიდან 35 კილომეტრის მოშორებით მდებარე პატარა ქალაქის, ბრუნეტეს ძიუდოს სკოლაში ჩაეწერა. ნიკოლოზის მწვრთნელი ცნობილი ესპანელი ძიუდოისტი კუინო რუისი გახდა, რომელმაც ქართველში დიდი პოტენციალი დაინახა. სწორედ აქედან იწყება დიდი წარმატების ისტორია.

ემოციური კადრები: ნიკო შერაზადიშვილი და მისი მწვრთნელი - კუინო რუისი 

📽️El VÍDEO más EMOTIVO 🏅NIKO, CAMPEÓN DEL MUNDO, ABRAZA AL MAESTRO QUINO🇪🇦 🥋¡¡ENORMES!!! GRACIAS por escribir la HISTORIA del JUDO y la HISTORIA del DEPORTE ESPAÑOL con letras de #ORO. 🥋Sois nuestro mayor ORGULLO, Dojo Quino Judo Brunete . #Brunete 💪💪💪🔝🔝🔝

Posted by Brunete Ayuntamiento on ორშაბათი, 24 სექტემბერი, 2018

გარკვეული პერიოდი, ნიკო შერაზადიშვილი მხოლოდ შიდა-პირველობებზე ასპარეზობდა, 2014 წელს კი ესპანეთის მოქალაქე გახდა და საერთაშორისო ასპარეზზე გაეხსნა გზა. იქამდე, ნიკოს საქართველოს სახელით სთავაზობდნენ გამოსვლას, მაგრამ მას ესპანეთის სახელით უნდოდა ასპარეზობა. მოქალაქეობის მიღებიდან რამდენიმე დღეში, მადრიდში ევროპის ღია პირველობაზე იჭიდავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შემდეგ იყო ვერცხლის მედალი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. 2017 წელს ნიკომ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა უფროსებს შორის და ეს მნიშვნელოვანი მოვლენა აბუ დაბიში მოხდა. შერამ ეს გამარჯვება მამის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც იმ წელს გარდაიცვალა. ახალგაზრდა ძიუდოისტმა არაერთი მედალი მოიპოვა სხვადასხვა ტურნირებზე, ამ გზის გვირგვინი კი ბაქოში მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულია. ნიკო ყოველთვის ამბობდა, რომ მისი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატის და ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მოპოვება იყო. პირველი მიზანი მიღწეულია, წინ კი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია”.

ნიკოს სახელი ბრუნეტეში ქუჩას მიენიჭება

კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ნიკოლოზ შერაზადიშვილი პირველი ძიუდოისტია, რომელმაც ესპანეთს ვაჟებში მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი მოუტანა. დაფასების და აღიარების ნიშნად, ბრუნეტეში ერთ-ერთ ქუჩას ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელი მიენიჭება.  

ნიკოლოზ შერაზადიშვილის ფინალური ორთაბრძოლა ბაქოში

კომენტარები

ბოლო ამბები