Thumbnail
  • ბაიერნმა ბუნდესლიგაში მეოთხე თამაშიც უპრობლემოდ მოიგო
  • რეკორდმაისტერის დომინანტობა გერმანიაში უსაზღვროა
  • აქვს თუ არა მიუნხენურ გრანდს სისუსტეები?

“ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ ბაიერნმა ბუნდესლიგაში თუნდაც ერთი მატჩი წააგოს. ასე მხოლოდ შალკეში კი არ ვფიქრობთ, არამედ ყველა კლუბში ასეთი განწყობაა. ბაიერნის წინააღმდეგ ყველა სხვა გერმანული კლუბი უშანსოდაა,” - ეს გელზენკირხენული კლუბის სპორტული დირექტორის, კრისტიან ჰაიდელის სიტყვებია. მისმა შალკემ შაბათს ბაიერნთან 0:2 წააგო. უშანსოდ.

ბაიერნთან ვიცე-ჩემპიონი შალკეც კი უშანსოდ იყო

რეკორდმაისტერის უკიდურესი დომინაცია ბუნდესლიგისთვის და ზოგადად გერმანული ფეხბურთისთვის უკვე სერიოზული პრობლემაა. დრო, როცა დორტმუნდის ბორუსია, ან სხვა გუნდები ბაიერნს კონკურენციას უწევდნენ, დიდი ხანია, ისტორიას ჩაბარდა. ბოლო წლებში, გერმანიის ჩემპიონატში პერიოდულადაც კი აღარ ჩნდებიან ისეთი გუნდები, რომლებიც მიუნხენურ გრანდს დროებით მაინც შეებრძოლებიან. ცხადია, ბაიერნი რაღაც თამაშებს ვერ იგებს და ხანდახან აგებს კიდეც, მაგრამ საერთო ჯამში, რეკორდმაისტერის პირველობას მინიმალური საფრთხეც კი არ ემუქრება.

მაგალითისთვის შაბათის ამბავიც გამოდგება: შალკე გერმანიის ვიცე-ჩემპიონია, წინა სეზონში მეორე ადგილი დაიკავა. წესით, გელზენკირხენული კლუბი ბაიერნის მთავარ კონკურენტაც უნდა მიიჩნეოდეს, მაგრამ სეზონი 4 წაგებით დაიწყო და ბაიერნთან შაბათსაც უშანსოდ დამარცხდა.

ბაიერნი რომ გერმანიაში უძლიერესია, ამაში ახალი არაფერია, მაგრამ მაინც: რას წარმოადგენს რეკორდმაისტერი ახალ სეზონში - მას მერე, რაც გუნდი ნიკო კოვაჩმა ჩაიბარა? ისევ ძალიან ადვილად მოიგებს ბუნდესლიგას, თუ აქვს რაიმე სისუსტეები?

შემადგენლობა

ნიკო კოვაჩის განკარგულებაში ახლა მხოლოდ 16 ჯანმრთელი ფეხბურთელია. ეს ცოტაა, მაგრამ გერმანიის ჩემპიონატისთვის მაინც საკმარისია. მიუხედავად იმისა, რომ კინგსლი კომანი, კორენტენ ტოლისო და რაფინია ტრავმირებულები არიან, ბაიერნს მაინც თითქმის ყველა პოზიციისთვის ჰყავს პირდაპირი, თუ ირიბი შემცვლელი. კოვაჩი როტაციას მიმართავს, სათადარიგო მოთამაშეები კმაყოფილები არიან, კონკურენცია იზრდება.

დომინანტი ფეხბურთი

როგორც მოსალოდნელი იყო, კოვაჩი ბურთის ფლობაზე აკეთებს აქცენტს, გუნდი პერიოდულად უმატებს ტემპს და პრესინგს. ბუნდესლიგის პირველ 4 თამაშში, ბაიერნს საშუალოდ ბურთის ფლობის 66-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. მიუნხენელები, როგორც წესი, პირველივე წუთიდან აქცევენ მეტოქეს წნეხის ქვეშ - ასე იყო შალკესთან მატჩშიც.

“როგორც კი თამაში იწყება, მაშინვე ხვდები, რომ ურთულესი ამოცანის წინაშე დგახარ. ბაიერნი მსოფლიო დონის გუნდია, რომელიც პირველივე წუთებიდან გაგრძნობინებს, რომ შენ ამ დონემდე ძალიან ბევრი გაკლია,” - ესეც ჰაიდელის სიტყვებია.

მაღალი მცველები

როტაციაა ბაიერნის დაცვის ცენტრშიც. ნიკლას ზიულე (1,95 მეტრი), ჯერომ ბოატენგი (1,92), მატს ჰუმელსი (1,91) - სამივე ცენტრალური მცველი ძალიან მაღალია. მიუხედავად ამისა, შალკე მთელი თამაშის განმავლობაში მაღალი ჩაწოდებებით ცდილობდა საგოლე მომენტის შექმნას და, რა გასაკვირია, რომ გელზენკირხენელებს არაფერი გამოუვიდათ.

“ზიულეს და ჰუმელსის ბარიერი ვერაფრით გადავლახეთ. ბაიერნის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია,” - განაცხადა მატჩის შემდეგ შალკეს მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ.

რატომ არ სცადა შალკემ მოკლე პასებით თამაში? იმიტომ, რომ კლასი არ ჰყოფნის. ასე იყო წინა მეტოქეების, ლევერკუზენის, შტუტგარტისა და ჰოფენჰაიმის შემთხვევაშიც - რეკორდმაისტერთან კომბინაციური ფეხბურთი მათაც არ გამოუვიდათ. ბურთს მოიპოვებდნენ და მალევე კარგავდნენ.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ბაიერნის ტანმაღალი მცველები მთლად უშეცდომოდ არ თამაშობენ. მაგალითად, როდესაც მაგრად აპრესინგებენ, ჰუმელსი საკმაოდ ხშირად აკეთებს არაზუსტ პასს. წნეხის ქვეშ ყოფნის დროს ზიულეს და ბოატენგსაც უჭირთ ხოლმე. მიუხედავად ამისა, ბაიერნის მეტოქეები პრესინგს ვერ ბედავენ, რადგან თუ არაფერი გამოუვათ, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ კონტრშეტევაზე მწარედ დაისაჯონ.

ბურთის დაკარგვის შემდეგ, მიუნხენელები მეტოქეებს ამოსუნთქვის დროს არ უტოვებენ - ბაიერნი მაშინვე მიმართავს პრესინგს და ბურთს სწრაფადვე იბრუნებს. ასეთ დროს განსაკუთრებით კარგად და სწრაფად ფლანგის მცველები, ალაბა და კიმიხი მოქმედებენ. წინ ყოველთვის მიულერია ის ფეხბურთელი, რომელიც თანაგუნდელებს პრესინგისკენ მოუწოდებს.

ნიკო კოვაჩმა ბაიერნში კარგად დაიწყო - ჯერჯერობით მას ვერავინ აკრიტიკებს

ნიკო კოვაჩმა შეძლო და ორთაბრძოლებს ისეთი ტექნიკური ფეხბურთელებიც კი მიაჩვია, როგორებიც ტიაგო ალკანტარა და ხამეს როდრიგესი არიან. ისინი არც ფეხებში  ვარდნას ერიდებიან და მათთვის უჩვეულო, საჰაერო ორთაბრძოლებშიც აგრესიულად მონაწილეობენ. ამიტომაცაა, რომ ტიაგო ალკანტარა ნახევარდაცვის ცენტრში ძლიერ იარაღად ჩამოყალიბდა და ხამეს როდრიგესი მუდმივად აუმჯობესებს მოგებული ორთაბრძოლების მაჩვენებელს (პლუს 2 გოლი და 1 პასი ბოლო 3 მატჩში).

ვარსკვლავები სათადარიგოთა სკამზე

როტაციის შედეგად, გუნდის მთავარი ვარსკვლავები ხშირად სხედან სათადარიგოთა სკამზე. კოვაჩმა არაერთხელ აღნიშნა, ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ რომელიმე ფეხბურთელი დავსაჯო - უბრალოდ ვასვენებო.

არიენ რობენი და ფრანკ რიბერი

მართალია, ყველამ იცის, რომ დასვენება და სკამზე ჯდომა თვით ისეთ ვეტერანებსაც კი არ უყვართ, როგორებიც არიენ რობენი და ფრანკ რიბერი არიან, მაგრამ კოვაჩი ამის გამო ჯერ არცერთს არ გაუკრიტიკებია. ამის გამო ჯერჯერობით თვით სანდრო ვაგნერიც კი არ წუწუნებს. თუმცა ფეხბურთელებმა იციან, რომ კრიტიკა და წუწუნი უშედეგო იქნება, რადგან ბაიერნი თამაშებს იგებს და მოთამაშებს სხვა გზა არ აქვთ - მწვრთნელის გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.

“მწვრთნელი ძალიან ჭკვიანურ როტაციას მიმართავს. ფეხბურთელები კარგად მიყვებიან, გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. ამიტომაცაა, რომ კარგი შედეგები გვაქვს,” - აცხადებს ბაიერნის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი.

სისუსტეები?

შესაძლოა, დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ბაიერნს სისუსტეებიც აქვს. ეს ან მაშინ ჩანს, როცა მიუნხენური გრანდის ფეხბურთელები თამაშის დროს პაუზას აიღებენ ხოლმე და ბურთის გორებას იწყებენ, ანაც მაშინ, როცა ზედმეტად თავდაჯერებულები ხდებიან. 

შორს რომ არ წავიდეთ, ისევ შალკესთან მატჩი გავიხსენოთ: ხან ჰუმელსი აკეთებდა უაზრო პასებს, ან ბურთს პირდაპირ მეტოქეს აძლევდა (26-ე წუთი, პასი უთისკენ), ხანაც ტიაგო ალკანტარა კარგავდა ბურთს საკუთარ ნახევარზე. მაგრამ თუ ბაიერნი ასეთ შეცდომებს არ უშვებს, მეტოქე უშანსოდაა - ყოველ შემთხვევაში, ბუნდესლიგაში ასეა.

ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგაც მოგებით დაიწყო - 2:0 სტუმრად, ბენფიკასთან

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას: ბუნდესლიგაში ასეთმა დომინანტობამ, ყველა მეტოქის ადვილად დამარცხებამ, თვითონ ბაიერნსაც შეიძლება შეუქმნას პრობლემები. მაღალია იმის ალბათობა, რომ სუსტ გუნდებთან იოლ გასეირნებებს მიჩვეულ, ზედმეტად თავდაჯერებულ გუნდს, ჩემპიონთა ლიგაში სხვა გრანდებთან პრობლემები შეექმნას. ოღონდ, ეს ჯგუფურ ეტაპს არ ეხება, რადგან ჯგუფში რეკორდმაისტერს ბენფიკა (სტუმრად 2:0 მოუგო), აეკ და აიაქსი ჰყავს...

კომენტარები

ბოლო ამბები