Thumbnail

როდის შეიძლება გაიღოს ექვსი ერის კარი საქართველოსთვის?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ნაკრებს?
  • რა შეიცვალა?
  • ვინ გვიჭერს მხარს?
  • ვინ არის წინააღმდეგი?
  • როდის შეიძლება მიგვიღონ ექვს ერში?

ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ სარაგბო ექვსი ერის რეორგანიზაციაზე და, რაც ჩვენთვის უმთავრესია, ევროპის ამ უპრესტიჟულეს ტურნირში საქართველოს ნაკრების დამატებაზე.

საქართველოს ნაკრებმა პროგრესის ყველა რესურსი ამოწურა ერთა თასის გათამაშებიდან და ახლა მხოლოდ მსოფლიოს თასებითა და ტესტ-მატჩების წყალობით იმაღლებს კლასს. თუმცა პირველი დონის სარაგბო ქვეყნებთან "ბორჯღალოსანთა" მატჩები მაინც იშვიათი ხილია. თუმცა ეს არ არის საკმარისი, რასაც გუნდის ზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი თითქმის ყოველ ინტერვიუში ამბობს.

ახლახან, უელსის რაგბის კავშირის საიტთან საუბრისას, ჰეიგმა პირდაპირ თქვა, რომ თუ გუნდს რაც შეიძლება მეტი მაღალი დონის თამაში არ ექნება, საქართველო პროგრესს შეწყვეტს და შესაძლოა, რეგრესიც კი დაეწყოს.

საერთო შეფასებით, საქართველოსთვის 6 ერი შესაძლოა, მსოფლიოს თასის მერე გაიღოს


რა შეიცვალა ბოლო წლებში? მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ერის ორგანიზაციის პოზიცია ჯერაც უარყოფითია, შეიცვალა საერთაშორისო მედიის დამოკიდებულება საქართველოს ექვს ერში დამატების ალბათობაზე. ეს მთლიანად ჩვენი გუნდის დამსახურებაა. განსაკუთრებით დიდი აჟიოტაში გამოიწვია 2015 წლის მსოფლიოს თასზე ჩვენმა გამოსვლამ. ევროპული და, მათ შორის, ბრიტანული მედია, თითქმის ცალსახად ჩვენ მხარესაა.

კიდევ უფრო დიდი ცვლილებაა მოსალოდნელი სექტემბრის მერე. ინგლისის რაგბის კავშირს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - სტივ ბრაუნი, რომელმაც ახლახან განაცხადა, რომ “დროა, ექვსი ერის გაფართოების საკითხს უფრო პროგრესულად შეხედონ” და “საქართველო ყველაზე რეალური ვარიანტია”.

თუკი ინგლისელთა მხარდაჭერას დავიბევებთ, ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ძალთა თანაფარდობას ამ საკითხში.

ბრაუნის გამოსვლამდე, მაისში, საქართველოს ნაკრები შეაქო ინგლისელთა ავსტრალიელმა თავკაცმა ედი ჯონსმა - "საქართველოს სარაგბო გენები აქვს", "წარმოიდგინეთ, 60 ათასი ფანი თბილისის მატჩზე" - ეს ედი ჯონსის ფრაზებია.

ჩვენი დაწინაურების იდეას ყველაზე დიდი მხარდამჭერი მსოფლიო რაგბის ორგანიზაციაში არგენტინელი აუგუსტინ პიშო ჰყავს, რომელიც ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტია. ის შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, რომ სარაგბო ბობოლებს არ შეახსენოს - საქართველო მეტს იმსახურებს. "ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი" - თქვა აპრილში არგენტინელმა.

მხარს გვიჭერს რაგბი ევროპაც - მარტში სპეციალური დადგენილებაც მიიღეს, რომ ექვს ერს ოფიციალურად მიმართონ ტურნირის "გახსნის" თაობაზე. ამ ყველაფრის ერთ-ერთი ინიციატორი რაგბი ევროპას რუმინელი პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუა.

წინგადადგმული ნაბიჯია, რომ 2018 წლის ნოემბერში ტესტმატჩში იტალიის ნაკრებს შევხდებით, გუნდს, რომელიც აქამდე ჩვენთან დაპირისპირებას გასაგები მიზეზების გამო თავს არიდებდა.

დადებითი შეფასებები გამოუთქვამთ სერ კლაივ ვუდვორდს (ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცი) და უორენ გეტლანდს (უელსის ნაკრები). გეტლანდმა ერთხელ თქვა, იტალიამ უნდა დაამტკიცოს, რომ ერთა თასის გამარჯვებულს სჯობნისო. ვუდვორდმა კი საქართველოს პროგრესისთვის სარაგბო სამყაროს რამდენიმე იდეა შესთავაზა.

ყინული დაიძრა, თუმცა 2019 წლის ტურნირის ჩათვლით ექვს ერზე არაფერი შეიცვლება. შემდეგ მსოფლიოს თასია და მერე კი...

დღეისათვის ასეთი მდგომარეობა იკვეთება: ექვს ერში საქართველოს დამატების (ან პლეი ოფის შემოღების) მომხრეები არიან მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია, რაგბი ევროპა, ევროპული მედია, სარაგბო სამყაროში წონადი ფიგურები - აუგუსტინ პიშო, კლაივ ვუდვორდი, უორენ გეტლანდი, ედი ჯონსი და სხვები.

მონაწილე ქვეყნებიდან, შესაძლოა, დადებითისკენ გადაიხარონ ირლანდია, შოტლანდია, უელსი და უკვე ინგლისიც. რაც შეეხება იტალიას, იტალია პლეი ოფის წინააღმდეგია, თორემ 6 ერის გაფართოებას პირველ რიგში მიესალმება. აი, ფრანგული პოზიცია ჯერ არ გაჟღერებულა. სასწორი აშკარად ჩვენსკენ გადაიხარა, მსოფლიო სპორტის ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული სახეობის, ყველაზე კონსერვატიული ტურნირის ჩარაზული კარი შესაძლოა, მალე გაიღოს...

კომენტარები

ბოლო ამბები