Thumbnail
  • ნაპოლიმ ტურინში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა
  • კარლო ანჩელოტის გუნდმა ტორინო 3:1 დაამარცხა
  • მატჩის გმირი ლორენცო ინსინიეა, რომელმაც დუბლი შეასრულა

იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩები კვირას ტორინოსა და ნაპოლის დუელმა გახსნა. კარლო ანჩელოტის გუნდმა ტურინში მნიშვნელოვანი მატჩი დამსახურებულად, 3:1 მოიგო და ლიდერი იუვენტუსი წნეხის ქვეშ მოაქცია.

ტორინო 1:3 ნაპოლი

გოლები: 0:1 ინსინიე (4), 0:2 ვერდი (20), 1:2 ბელოტი (51-პენ), 1:3 ინსინიე (59)

ტორინო (3-5-2): სირიგუ - იცო, ნკულუ, მორეტი - აინა (77. პარიჯინი), მეიტე (62. სორიანო), ტინკონი, ბაზელი (87. ედერა), ბერენგური - ძაძა, ბელოტი.

ნაპოლი (4-4-2): ოსპინა - ჰისაი, რაულ ალბიოლი, კულიბალი, ლუპერტო (74. მაკსიმოვიჩი) - კალეხონი, როგი (60. ალანი), ჰამშიკი, ვერდი (54. ზილინსკი) - მერტენსი, ინსინიე.

ნეაპოლელებმა ძალიან მალე მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს ანგარიშშიც ასახეს. ანჩელოტის გუნდმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა - ნაპოლის ლიდერმა ლორენცო ინსინიემ ტურინელთა მცველის, ემილიალო მორეტის შეცდომით ისარგებლა. მე-20 წუთზე ანგარიში 0:2 გახდა: სიმონე ვერდიმ დრის მერტენსის პასი გამოიყენა.

მეორე ტაიმი ნაპოლის კარში დანიშნული პენალტით დაიწყო, რომელიც ლუპერტოს სინდისზეა - თერთმეტმეტრიანი ანდრეა ბელოტიმ ზუსტად შეასრულა და ტორინოს თამაშში დაბრუნების იმედი შეუნარჩუნა, მაგრამ ვალტერ მაცარის გუნდმა ამ შეხვედრაში მეტი ვეღარაფერი მოახერხა. მეტიც: 59 წუთზე ინსინიემ დაახლოებით 7 მეტრიდან, დამატებაზე ზუსტად დაარტყა, დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3 ანჩელოტის გუნდის სასარგებლოდ.

ახლო წარსულში ვალტერ მაცარი (მარცხნივ) ნაპოლის წვრთნიდა, ახლა კი ტორინოს დამრიგებელია. მისი გუნდი ანჩელოტის ნაპოლისთან, ინსინიეს დუბლით 1:3 დამარცხდა

5 ტურის შემდეგ ნაპოლის 4 მოგება და 1 მარცხი აქვს. სამხრეთიტალიელები ლიდერ იუვენტუსთან ყველაზე ახლოს არიან. ამ დუბლის შემდეგ, ინსინიეს 4 გოლი აქვს და სერია A-ს ერთ-ერთი ბომბარდირია.

კომენტარები

ბოლო ამბები