Thumbnail

პრემიერლიგა | იმედგაცრუებული სერ ალექსი, ლივერპული და სიტი დაფრინავენ

  • ინგლისის პრემიერლიგაში მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა
  • მანჩესტერ იუნაიტედი სერ ალექს ფერგიუსონის თვალწინ ვულვზს დაუზავდა
  • ლივერპულმა და მანჩესტერ სიტიმ კი მეტოქეებს დამაჯერებლად მოუგეს

ინგლისის პრემიერლიგაში მეექვსე ტური დაიწყო. ტურის სასტარტო შეხვედრაში ფულემი და უოტფორდი დაზავდნენ (1:1), შემდეგ კი თავ-თავიანთი მატჩები ლივერპულმა, მანჩესტერ სიტიმ და მანჩესტერ იუნაიტედმაც ჩაატარეს. იურგენ კლოპისა და ხოსეპ გვარდიოლას გუნდებმა მეტოქეებს 3-3 გოლი პირველსავე ტაიმში გაუტანეს და საქმე ადრევე მოითავეს, აი, ჟოზე მოურინიომ კი ისევ იწვალა და ქულას დასჯერდა. და ეს თვით სერ ალექს ფერგიუსონის თვალწინ!

მანჩესტერ იუნაიტედი 1:1 ვულვზი

გოლები: 1:0 ფრედი (18’), 1:1 მოუტინიო (53')

იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ლინდელოფი, შოუ - პოგბა, ფელაინი, ფრედი (63' მარსიალი)- ლინგარდი (75' პერეირა), ლუკაკუ, სანჩესი (63' მატა).

ვულვზი (3-4-2-1): პატრისიუ - ბენეტი, კოდი, ბოლი - დოერტი, მოუტინიო (80' სესი), ნევეში, ხონი - კოშტა (75' ტრაორე), ჟოტა (87' გიბზ-უაითი) - ხიმენესი. 

თამაშის დაწყებამდე "წითელი ეშმაკების" ქომაგებმა მნიშვნელოვანი ამბავი გაიგეს. გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი, გაზაფხულზე გადატანილი ინსულტის შემდეგ, პირველად ესტუმრა "ოლდ ტრაფორდს". 
 
"მიხარია, რომ დავბრუნდი. ცოტა არ იყოს, ვღელავ. ბოლოს მატჩზე ხომ აპრილში ვიყავი. იმედია, დღეს მანჩესტერ იუნაიტედი მოიგებს", - უთხრა ლეგენდარულმა შოტლანდიელმა სპეციალისტმა შეხვედრის დაწყებამდე კლუბის პრესსამსახურს, მაგრამ იმედი გაუცრუვდა.

მანჩესტერელმა ფეხბურთელებმა სერ ალექსს გოლის ხილვა დიდხანს არ ალოდინეს. უკვე მე-18 წუთზე პოლ პოგბამ ელეგანტურად უპასა ფრედს, ინგლისში შახტარიდან გადაბარგებულმა ბრაზილიელმა კი ერთი შეხებით მარცხენა კუთხეში გაუშვა და მანჩესტერში სადებიუტო გოლი მიითვალა.  

ფრედი გახდა მე-500 ფეხბურთელი, ვისაც მანჩესტერ იუნაიტედისთვის გაუტანია (ავტოგოლების გარეშე)

მაგრამ, შესვენების შემდეგ გოლი დე ხეას კარშიც გავიდა. პოგბამ მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგა და სტუმრებმა შეტევა მარჯვენა ფლანგიდან განავითარეს. ელდერ კოშტამ საჯარიმოში რაულ ხიმენესი მოძებნა, ამ უკანასკნელმა ჟოაო მოუტინიოს დაუგორა და პორტუგალიელმაც ძლიერი დარტყმით "ცხრიანში" გაუშვა ბურთი. დე ხეა გაშეშებული დარჩა - 1:1.

ჟოზე მოურინიომ ქულები დაკარგა. არასტაბილურ იუნაიტედს ჯერჯერობით ვერც სერ ალექს ფერგიუსონის ტრიბუნაზე დაბრუნება შველის. 

მოუტინიომ 28-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. ბოლოს მან 2017 წლის ნოემბერში პსჟ-ს გაუტანა

"მგლებმა" კი, რომლებმაც პრემიერლიგის ისტორიაში პირველად არ წააგეს "წითელ ეშმაკებთან", ამ სეზონში უკვე მეორედ აართვეს ქულები მანჩესტერულ გრანდს (მანამდე სიტისთანაც ფრედ 1:1 ითამაშეს) და დაამტკიცეს, რომ მათგან სიურპრიზები კიდევ მრავლადაა მოსალოდნელი. 

ლივერპული 3:0 საუთჰემპტონი

გოლები: 1:0 (10’ ჰუდტი. ავტოგოლი), 2:0 მატიპი (21’), 3:0 სალაჰი (45')

ლივერპული (4-2-3-1): ალისონი - ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი (55' გომესი), რობერტსონი - ვეინალდუმი (70' კეიტა), ჰენდერსონი - სალაჰი, შაჩირი (46' მილნერი), მანე - ფირმინო.

საუთჰემპტონი (4-1-4-1): მაკარტი - სოარესი, ვესტერგაარდი, ჰუდტი, ბერტრანდი - რომეუ (55' ბედნარეკი) - რედმონდი, ჰოიბიერგი, ლემინა, ტარგეტი (55' არმსტრონგი) - ლონგი (79' ოსტინი).

"ენფილდზე" გამართული შეხვედრის ბედის გადასაწყვეტად იურგენ კლოპის შეგირდებს 45 წუთი ეყოთ. თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო, მაგრამ პირველი გოლი ალექს მაკარტის "წმინდანებმა" თავადვე გაუტანეს - მე-10 წუთზე ლივერპულმა კუთხური გაათამაშა, რის შემდეგაც შერდან შაჩირიმ კარისკენ დაარტყა. ბურთი ჯერ შეინ ლონგს მოხვდა, შემდეგ კი უესლი ჰუდტს და კარში შევარდა.

ენფლილდზე ანგარიში ავტოგოლით გაიხსნა

საუთჰემპტონში კარში მეორე გოლი ათიოდე წუთში, ისევ კუთხურის შემდეგ გავიდა. მოწოდებულ ბურთს ჟოელ მატიპი პირველი შეეგება და თავით კარში გაუშვა - 2:0.

საბოლოო ანგარიში ზედ შესვენების წინ, საჯარიმო დარტყმის შემდეგ დაფიქსირდა. შედრან შაჩირიმ საკმაოდ შორიდან კარისკენ მძლავრად დასცხო, ბურთი ხარიხას მოხვდა და მოედანზე დარჩა. სანამ საუთჰემპტონის მეკარე და მცველები ვითარებაში გაერკვნენ, ბურთს პირველმა მოჰამედ სალაჰმა მიუსწრო - 3:0.

მერსისაიდელებისთვის ეს გამარჯვება ზედიზედ მეექვსეა ინგლისის ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში შინ პარი სენ-ჟერმენთან მოგების ჩათვლით კი, იურგენ კლოპს სეზონის სტარტზე უკვე მოგებათა 7-მატჩიანი სერია აქვს, რაც ლივერპულის 126-წლიან ისტორიაში რეკორდულია!

ლივერპულის გამჩერებელი პრემიერლიგაში ჯერჯერობით არ ჩანს

კარდიფი 0:5 მანჩესტერ სიტი

გოლები: 0:1 აგუერო (32’), 0:2 სილვა (35’), 0:3 გიუნდოგანი (44'), 0:4 მაჰრეზი (67'), 0:5 მაჰრეზი (79')

კარდიფი (4-4-1-1): ეტერიჯი - პელტიე (51' რიჩარდსი), მორისონი, მანგა, კანინგემი - ჰოილეტი (75' მერფი), კამარასა, რალსი, არტერი - რიდი, უორდი (63' ზოჰორე).

სიტი (4-3-3): ედერსონი - ოილკოერი, ოტამენდი, ლაპორტი, დელფი - სილვა, ფერნანდინიო (74' სტოუნსი), გიუნდოგანი (69' ფოდენი) - სტერლინგი, აგუერო (61' მაჰრეზი), სანე.

სატურნირო ცხრილის ლიდერს არც მოქმედი ჩემპიონი ჩამორჩა, რომელმაც თავსხმა წვიმაში კარდიფს კიდევ უფრო მეტი გაუტანა. 10 დარტყმა კარში, 5 გოლი, ბურთის ფლობა 78% და არანაირი შანსი მეტოქეს - ასეთი იყო პეპ გვარდიოლას გუნდის სტუმრობა ლიგის ახალწვეულთან.

ანგარიში მალევე ილქაი გიუნდოგანს უნდა გაეხსნა, თუმცა ხელსაყრელ პოზიციაში მყოფს მიზანმა უმტყუნა. სამაგიეროდ, 32-ე წუთზე სერხიო აგუერო იყო ზუსტი, რომელმაც ფლანგიდან ბერნარდუ სილვას პასის შემდეგ ერთი შეხებით გაიტანა და მიმდინარე პრემიერლიგაში მე-4 გოლი მიითვალა.

კუნ აგეურომ მიმდინარე პრეიმერლიგაში ჩატარებულ 6 მატჩში მე-4 გოლი შეაგდო

აქედან სამ წუთში თავად სილვამაც გაიხარა, რომელმაც კუთხურის გათამაშების შემდეგ. ლეროი სანეს მაღალ ბურთს ლამის კეფით შეუცვალა მიმართულება და კარში ჩაჭრა.

ტაიმის მიწურულს სიტის მრავალსვლიანი კომბინაცია გიუნდოგანმა სტერლინგთან “კედლის” გათამაშებითა და კარში ზუსტი დარტყმით დაასრულა. 

შესვენების შემდეგ, მოედანზე შეცვალზე შემოსულ რიად მაჰრეზს ჰქონდა ბენეფისი. ალჟირელმა, რომელმაც ბოლო ნახევარ საათში აგუეროს ადგილი დაიკავა, 67-ე წუთზე სიტის მაისურით პირველი გოლი გიუნდოგანის პასით შეაგდო, შეხვედრის მიწურულს კი სტუმრებს ბურთი მათსავე საჯარიმოში ჩაუჭრა და დუბლი გაიფორმა. 

რიად მაჰრეზმა მანჩესტერ სიტის მაისურით პირველი გოლები გაიტანა

სიტის 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ლიდერ ლივერპულს 2 ქულით ჩამორჩება. 

კომენტარები

ბოლო ამბები