Thumbnail

ძიუდო | ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბაქოში მიმდინარე ტურნირზე საქართველო ზედიზედ მეორე დღეა მედალს ვერ იგებს
  • ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი რეპეშაჟში მონღოლ მეტოქესთან დამარცხდა

ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც დღეს მედლები ვაჟთა შორის 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში თამაშდება, საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი რეპეშაჟში ჰქონდა ლაშა შავდათუაშვილს, თუმცა მონღოლ ცოგბაათარ ცენდ-ოჩირისთან იპონით დამარცხდა და ასპარეზობა დაასრულა.

1/4-ფინალში მარცხის შემდეგ, 26 წლის ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში მონღოლ მეტოქესთან უპირატესობას ფლობდა - 2 შიდო მიაღებინა, თავად კი ერთი მიიღო, მაგრამ ბოლო წამებზე ოთხი წლით უმცროს მეტოქეს სუფთა გდების შესრულების საშუალება მისცა. 

ოლიმპიური და ევროპის ქართველი ჩემპიონი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი არასდროს მოიპოვებია, აზერბიაჯანის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირში ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება და ყატარელ ხალილ რებაჰისა და ბელარუს ვაძიმ შოკას სძლია. ლაშამ ყატარელის გაფრთხილებებით დასამარცხებლად სამი წუთიც არ დასჭირდა.

ბელარუსთან კი, რომელსაც ორი შიდო მიაღებინა, დამატებით დროში იპონით გაიმარჯვა. 

1/8-ფინალში შავდათუაშვილის მეტოქე ფრანგი ბენჟამინ აქსუსი იყო, რომელიც ქართველმა ძიუდოისტმა ვაზარზე მალევე დააგდო და შეხვედრა საბოლოო გამარჯვებამდე მიღებული ერთი შიდოს ხარჯზე მიიყვანა.

1/4-ფინალში ქართველი ძიუდოისტი ირანელ მოჰამად მოჰამადის დაუპირისპირდა და სულ 13 წამში, ძალიან მარტივ სიტუაციაში იპონზე დაეცა. 

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ერთი ბრინჯაოა, რომლის მფლობელიც ამირან პაპინაშვილი (-60) გახდა. ტურნირზე უმედლოდ დაასრულეს გამოსვლა ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60) და ვაჟა მარგველაშვილმა (-66).

კომენტარები

ბოლო ამბები