Thumbnail
  • ედენ აზარმა ჩელსისთან ერთად სეზონი იდეალურად დაიწყო
  • ბელგიელი მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენებ ბრწყინვალე თამაშს აგრძელებს
  • ლონდონელთა ლიდერი ისეთ ფორმაშია, შეიძლება მალე თამამად ვუწოდოთ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი

“ვფიქრობდი, რომ აზარი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მას მერე, რაც ჩელსიში მუშაობა დავიწყე, აზრი შევიცვალე: შესაძლოა, ის უკვე საუკეთესოა ევროპაში!” - ეს ლონდონური კლუბის ახალი იტალიელი დამრიგებლის, მაურიციო სარის სიტყვებია, რომელიც მან კარდიფთან მოგებული (4:1) მატჩის შემდეგ თქვა. ედენ აზარმა იმ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა და პრემიერლიგაში აღზევებულ კლუბს, ფაქტობრივად, მარტომ მოუგო.

► მშრალი დარტყმა 16 მეტრიდან, საჯარიმოში შექმნილი არეულობით სარგებლობა, ცივსისხლიანი პენალტი - ბელგიელი საუკეთესო ფორმაშია და ისე გააქვს, როგორც უნდა.

პრემიერლიგას ბევრი მსოფლიოში უძლიერეს ჩემპიონატად მიიჩნევს. 5 ტურის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონატის ბომბარდირთა რეიტინგს სწორედ აზარი ლიდერობს - 5 გოლით 5 თამაშში, მის გუნდს კი ხუთივე მატჩი მოგებული აქვს. ბელგიელი ბომბარდირთა დავაში ისეთ გოლეადორებს უსწრებს, როგორებიც რომელუ ლუკაკუ (4) ან კუნ აგუერო (3) არიან.

არადა, ზაფხულში იყო მოლოდინი, რომ 27 წლის შემტევი, მუნდიალზე ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ, ჩელსის დატოვებდა - აზარი მადრიდის რეალში კრიშტიანო რონალდოს ნომერ პირველ შემცვლელად განიხილებოდა, ფლორენტინო პერესის სასურველი ფეხბურთელების სიაში მისი გვარი ერთიანის გასწვრივ ეწერა.

რეალში, ან სხვა რომელიმე გრანდში შესაძლო გადასვლის სპეკულაციებს აზარმა აგვისტოს შუა რიცხვებში მოუღო ბოლო. “ახლა აქ ბედნიერი ვარ და კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაქვს გაფორმებული. წელს ჩელსიდან არ მივდივარ. რეალში გადასვლის შესახებ ჭორები ნონსენსია!” - თქვა მაშინ ბელგიელმა.

ჩელსიში დარჩენით აზარი საკმაოდ დიდ კომპრომისზე წავიდა - სუპერვარსკვლავმა, რომელსაც რეალში ეპატიჟებოდნენ, ჩემპიონთა ლიგაზე უარი თქვა და ევროპალიგაში თამაშს დათანხმდა. თუმცა, “თაიმსი” წერდა, აზარი, რომელსაც ბელგიის ნაკრებში 94 მატჩი აქვს ჩატარებული, ჩელსისთან 2020 წლამდე გაფორმებულ კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ ლონდონური კლუბი ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებსო. 

► ფაქტია: ლონდონელებმა სეზონი ისე დაიწყეს, რომ მხოლოდ საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა კი არა, მიზნად ჩემპიონობა უნდა დაისახონ! 5 თამაში, 5 მოგება, ბურთების შეფარდება 14:4 - ჩელსი პრემიერლიგის ლიდერია.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ აზარის, არამედ ახალი მწვრთნელის დამსახურებაცაა. სარიმ ბევრი რამ შეცვალა - პირველ რიგში კი, მის ხელში, ჩელსიმ დომინანტი, ბურთის ფლობაზე ორიენტირებული ფეხბურთის თამაში დაიწყო. ლონდონელები დაცვაში აღარ დგანან და მხოლოდ პრესინგსა და კონტრშეტევებზე აღარ არიან ორიენტირეულები.

ბურთის ფლობაზე ორიენტირებული ტაქტიკა და დომინანტი ფეხბურთი ზედგამოჭრილია ისეთი კრეატიული ნახევარმცველებისთვის, როგორიც აზარია. “ანტონიო კონტე და ჟოზე მოურინიო ბრწყინვალე მწვრთნელები არიან, მაგრამ ფეხბურთი, რომელსაც ახლა ვთამაშობთ, მათი ფეხბურთისგან ძალიან განსხვავდება. ახლა ბურთი უფრო ხშირად და უფრო დიდხანს გვაქვს, რაც ჩემთვის ძალიან კარგია!” - აცხადებს აზარი.

წინა სეზონში ჩელსის ბურთის ფლობის 55-პროცენტიანი საშუალო მაჩვენებელი ჰქონდა, წელს კი უკვე 71 პროცენტი აქვს. გარდა ამისა, პრემიერლიგაში ყველაზე მეტი პასის ავტორების საუკეთესო ხუთეულში 4 ჩელსიდანაა.

“მოედანზე უფრო თავისუფლები ვართ - ეს არა მარტო შემტევებს გვეხება, არამედ უკანახაზელებსაც. უბრალოდ, ბურთი უნდა მოვიპოვოთ და მერე შეგვიძლია, ყველაფერი ვცადოთ. ფაქტია, რომ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად გამოგვდის, რამაც თავდაჯერებაც შეგვმატა,” - უთხრა აზარმა კლუბის არხს.

► პრემიერლიგის პირველ 5 ტურში აზარმა 14-ჯერ დაარტყა, გასულ სეზონში კი, 38 ტურის შემდეგ 71 დარტყმა ჰქონდა.

კონტე აზარს უმეტესად ნახევარდაცვის ცენტრში, ან ცრუ 9 ნომრის პოზიციაზე ათამაშებდა, სარიმ კი ბელგიელი თავის საყვარელ პოზიციაზე დააბრუნა - ზუსტად ისე, როგორც ბელგიის ნაკრებში, ედენი ახლა ისევ მარცხენა ფლანგიდან უტევს. მას კარგი სისწრაფე და მაგარი დრიბლინგი აქვს, რის გამოც მარცხენა ფლანგზე უფრო პროდუქტიულია და ნიჭს უკეთ ავლენს.

ხუთშაბათს, ჩელსიმ ევროპალიგის პირველ ტურში, პაოკ-თან ითამაშა (1:0 მოიგო), მაგრამ აზარი ამ თამაშზე არ ყოფილა - სარიმ სანაკრებო პაუზის შემდეგ დაასვენა. კვირას ჩელსის პრემიერლიგაში, ვესტ ჰემთან მნიშვნელოვანი მატჩი აქვს - სარის კი, ისევ ედენ აზარის იმედი.

“ედენს ვუთხარი, რომ ამ სეზონში 40 გოლის გატანა შეუძლია. რაღაც-რაღაცები გამოსასწორებელი აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მალე გამოასწორებს,” - ამბობს ლონდონელთა იტალიელი თავკაცი.

ბელგიელი ისეთ ფორმაშია, თუ ასე გააგრძელა, 40 გოლის გატანა მართლაც რეალურია და თუ ამას მოახერხებს, ბევრი, წინადადებაში “აზარი უკვე საუკეთესოა”, კითხვის ნიშანს ძახილის ნიშნით ჩაანაცვლებს...

კომენტარები

ბოლო ამბები