Thumbnail

რონალდო? მარიანო! რეალის ახალი მე-7 ნომრის ბრწყინვალე დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რეალის ახალმა შვიდიანმა მადრიდში ლამაზი გოლით დაიწყო
  • მარიანო დიასის ბრწყინვალე სტარტი “ბერნაბეუზე”

“ფეხბურთის სირცხვილი - სამართლიანობა დაბრუნდება. მათ უნდათ, რომ ჩემი ძმა გაანადგურონ, მაგრამ ღმერთს არ სძინავს!” - იმ დროს, როცა კრიშტიანო რონალდოს და კატია ავეირო ინსტაგრამზე საკუთარი ძმის გაძევების გამო ბრაზობდა, რეალის ახალმა მე-7 ნომერმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა და “სანტიაგო ბერნაბეუს” პუბლიკა არა მარტო გაახარა, არამედ დაამშვიდა კიდეც. გამოჩნდა, რომ 7-ნომრიან ფორმას რეალში არცისე ცუდი ახალი მფლობელი ჰყავს.

ლეგანესთან და ბილბაოსთან მარიანო დიასი განაცხადში იყო, ოთხშაბათს კი მისი დრო დადგა. რომასთან მატჩის 73-ე წუთზე, მადრიდელთა დამრიგებელმა ხულიენ ლოპეტეგიმ ახალი “შვიდიანი” მოედანზე გარეთ ბეილის ნაცვლად შეუშვა, ამ უკანასკნელმა კი მწვრთნელს მადლობა ძალიან ლამაზი გოლით გადაუხადა.

მარიანო დიასის გოლი რომას კარში

“მან თავისი შანსი გამოიყენა!” - კმაყოფილი იყო მატჩის შემდეგ ლოპეტეგი, - “მოედანზე გასვლის წინ ვუთხარი, ბურთი იმ კუთხეში ჩაახვიე-მეთქი და ჩემი დავალება შესანიშნავად შეასრულა. მარიანო აქაურობას კარგად იცნობს, მოედანზე ისე გავიდა, როგორც რეალის ფეხბურთელს ეკადრება და გაიტანა ისეთი გოლი, როგორიც რეალის ფეხბურთელს უნდა გაჰქონდეს!”

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან თავად მარიანომაც ისაუბრა: “მწვრთნელმა მითხრა, რომ ბურთი არ უნდა დამეკარგა და თანაგუნდელებს უნდა დავხმარებოდი. მითხრა, ისე მოიქეცი, როგორც ვარჯიშებზე იქცევი ხოლმეო,” - თქვა 25 წლის ფეხბურთელმა და დასძინა, გამიმართლა, ასეთი გოლი რომ გავიტანეო.

მას, რა თქმა უნდა, ესპანეთის ნაკრებზეც ჰკითხეს, რაზეც მარიანომ ასე უპასუხა: “ლუის ენრიკეს ზარი, რა თქმა უნდა, ძალიან გამახარებს. იმედი მაქვს, რომ მის სიაში ჩემი გვარიც წერია.”

მარიანო დიასი რეალმა ლიონიდან ერთი წლის შემდეგ დაიბრუნა. ფრანგული კლუბისთვის მან 34 მატჩში 18 გოლის გატანა შეძლო და 5 საგოლე პასი გააკეთა, რაც მშვენიერი შედეგია. ევროპალიგაზე მარიანომ 9 შეხვედრაში 2 გოლი და 2 საგოლე პასი დააგროვა.

კომენტარები

ბოლო ამბები