Thumbnail

ასეთი ტოჩინოშინი არ გინახავთ! ლევან გორგაძის პირველი ბრძოლა იაპონიაში [2006]

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 2006 წლის მარტის ბაშოზე ტოჩინოშინის დებიუტი შედგა
  • ის ახლანდელზე 46 კილოგრამით ნაკლებს იწონიდა
  • სად არის ახლა მისი პირველი მეტოქე

30 წლის ლევან გორგაძე ახლა მსოფლიოში ცნობილი სუმოისტია - ოძეკი ტოჩინოშინი იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტსმენია. 2018 წლის იანვრის ბაშოზე მან იმპერატორის თასი მოიგო, ხოლო მაისში ოფიციალურად მიანიჭეს ოძეკის (ჩემპიონის) რანგი. პროფესიულ სუმოში მან უკვე 523 ორთაბრძოლა მოიგო, აქედან 400-ზე მეტი უმაღლეს დივიზიონ მაკუუჩიში და ახლა თანასწორად ებრძვის ამომავალი მზის ქვეყნის კერპებს, დიდ ჩემპიონებს და ხშირად ამარცხებს მათ.

თუმცა ეს ყველაფერი იოლად არ მოსულა - პროფესიულ სუმო დაახლოებით 550 სუმოისტი ექვს დივიზიონშია გადანაწილებული, ამ პირამიდაზე ასვლა კი ძალიან ძნელია და მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. იაპონიაში სულ 4 სუმოისტი გვყოლია და აქედან სამმა უმაღლეს დივიზიონს მიაღწია. კოკაის და გაგამარუს უმაღლესი რანგი კომუსუბი იყო (იერარქიაში მე-4 რანგი), ხოლო ტოჩინოშინმა ოძეკის რანგს მიაღწია (მეორე, იოკოძუნას შემდეგ). 

ორ წელიწადში გავლილი გზა

ტოჩინოშინმა პროფესიული კარიერა 2006 წლის ჰარუ ბაშოზე დაიწყო და 2008 წლის მარტში უმაღლესი დივიზიონის საგზური მოიპოვა. ქართველ ექს-ძიუდოისტს ზუსტად 2 წელი დასჭირდა საიმისოდ, რისთვისაც ბევრი ნახევარ კარიერას ანდომებს და შედეგსაც მხოლოდ ნაწილი აღწევს. სიტყვაზე, მან ეს 6 დივიზიონი დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოზე სწრაფად გაიარა, რომელიც ახლა იმპერატორის თასის 41-ე ჯილდოსთვის აშკარა ფავორიტია. 

ეს იყო ოსაკაში

პროფესიული სუმოს პირამიდა

მოკლედ, ყველაფერი 2006 წელს ქალაქ ოსაკაში, 13 მარტს ტოჩინოშინ ცუიოში, როგორც თითქმის ყველა დებიუტანტი, მაე-ზუმოში გამოჩნდა. ეს არის "დივიზიონი" დამწყებებისთვის, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ სპორტსმენები უდაბლესი დივიზიონით - ჯონოკუჩით. 

13 მარტს ჰარუ ბაშოს მეორე დღე იყო. 190 სმ სიმაღლის ქართველი ახალბედა, რომელიც სულ 129 კილოს იწონიდა (ახლა 191 სმ და 175 კგ), მასზე ხუთი წლით უფროსს, მაგრამ მასსავით დებიუტანტ იკეჰარას შეხვდა. იაპონელმა შეუტია, მაგრამ ფეხი დოჰიოს მიღმა გადაუცდა და ისამიაში დაფიქსირდა. ასე მოიგო პირველი ორთაბრძოლა ქართველმა ფალავანმა. მარტის ბაშოზე ქართველი დებიუტანტი ერთხელაც აჭიდავეს, მან მორის უჩარის ილეთით აჯობა და ქართველმა მაისის ბაშოზე ჯონოკუჩიში ჭიდაობის უფლება დაიბევა და დაიწყო... ტოჩინოშინმა სუმოს პირამიდის საფეხურები სწრაფი ტემპით "აირბინა".

რა ბედი ეწია ლევანის პირველ მეტოქეს

რა ბედი ეწია იკეჰარას, რომელსაც დებიუტი ქართველთან მარცხით გამოუვიდა? ის ახლა 35 წლისაა და მიუხედავად იმისა, რომ წარმატებას ვერ მიაღწია, ისევ ჭიდაობს. იკეჰარას ვერც შიკონას (საბრძოლო სახელი) შეცვლამ უშველა, ახლა ის აოძორას სახელით ჭიდაობს. იაპონელის უმაღლესი საფეხური იყო მაკუშიტას დივიზიონის მე-6 ნომერი. ეს რანგით მესამე დივიზიონია.

იკეჰარა (იგივე აოძორა) ახლაც მაკუშიტაშია, ოღონდ, მხოლოდ 55-ე ნომერია. კიდევ უფრო უიღბლო გამოდგა მორის კარიერა, მან მაკუშიტას 27-ე ნომრობამდე მიაღწია, თუმცა სუმოს ზუსტად 10 წლის წინათ შეეშვა. იმათგან, ვინც 2006 წლის მარტში მაე-ზუმოში დაიწყო, რიუდენს გამოვყოფთ, რომელიც ახლაც უმაღლეს დივიზიონშია. აბსოლუტური უმრავლესობა კი ან უკვე შეეშვა სუმოს, ან მესამე-მეხუთე დივიზიონებშია.

ტოჩინოშინი VS იკეჰარა 📺

კომენტარები

ბოლო ამბები