Thumbnail
  • ლოკომოტივი ჯგუფურ ეტაპზე იტალურ გუნდებს შეხვდება
  • ორ იტალიურ კლუბთან 4 თამაში
  • თბილისური გუნდის მიზანი ჩელენჯ ქაფზე მოხვედრაა

საქართველოს ჩემპიონი თბილისის ლოკომოტივი ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ლოკომოტივი კონტინენტის ფარზე ორ იტალიურ გუნდთან ოთხ მატჩს გამართავს.

წელს კონტინენტის ფარზე 8-ის ნაცვლად 6 კლუბი ითამაშებს. ეს გუნდები სამგუნდა ჯგუფებში გადანაწილდნენ. ჯგუფის გამარჯვებულები ერთმანეთს 2-მატჩა ფინალში, ასევე შინ და გარეთ შეხვდებიან, მოგებული 2019/2020 წლების „ჩელენჯ ქაფის“ საგზურს მიიღებს. მეორე საგზურს ასევე ორმატჩიან დუელში რუსეთის ‘ენისეი’ და რუმინეთის ტიმიშოარა-სარასენსი გაითამაშებენ.

კონტინენტის ფარზე მონაწილე გუნდები: თბილისის ლოკომოტივი, კალვიზანო, ფიამე ორო რომა, პეტრარკა პადოვა, როვიგო დელტა, ბელგიური კლუბების ნაკრები (ბარბაროსები) ითამაშებენ.

ლოკომოტივის მატჩების განრიგი
ფოტო: Georgian Rugby

ლოკომოტივის მწვრთნელმა, თემურ ბენდიაშვილმა მეტოქეებზე ისაუბრა და გუნდის შანსები შეაფასა.

თემურ ბედნიაშვილი: 'ჩვენ ვუყურებთ სანაკრებო მატჩებს, საფრანგეთის ტოპ 14-ს და ინგლისის პრემიერშიპს, მაგრამ თითქმის არაფერი ვიცით სხვა სარაგბო ქვეყნების შესახებ. ისინი თავისი გზით ვითარდებიან და მნიშვნელოვანია, რომ მათ მხარი ავუბათ. სწორედ ამიტომ, მიუხედავად დიდი სირთულეებისა, გადავწყვიტეთ „კონტინენტის ფარზე“ გასვლა, მით უმეტეს, რომ ფორმატი შეიცვალა ეს ძალიან „ძვირიც“ აღარ ჯდება.

ჯგუფურ ეტაპზე ვეთამაშებით იტალიურ კლუბებს, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოძიებას ახლა ვიწყებთ. იტალიელებს პრო 14-ში ორი კლუბი ყავთ (‘ბენეტონი’ და ‘ძებრე’) და მთელი ქვეყანა მათზე მუშაობს. დანარჩენი კლუბები ისეთი ძლიერები არ არიან, რომ მათი დამარცხება ვერ მოვახერხოთ.

გვჯერა, რომ მომავალი მეტოქეების დამარცხებით ჩელენჯ ქაფზე გასვლა შეგვიძლია და ამისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებთ“.

კომენტარები

ბოლო ამბები