Thumbnail

კანკავაც, კვეკვესკირიც - ერთად ყაზახეთის სუპერლიგის ტურის სიმბოლურში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტობოლის ქართველი ლეგიონერები ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთად მოხვდნენ
  • ჯაბამ ბოლო ტურში საგოლე პასი მიითვალა, ნიკამ - გოლი
  • კანკავა ყაზახეთის სუპერლიგაში მეექვსედ გამოარჩიეს, კვეკვესკირი - მესამედ

საქართველოს ნაკრებსა და კოსტანაის ტობოლში თანაგუნდელები: ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი ყაზახეთის პრემიერლიგის 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც ერთად მოხვდნენ.

ქართველი ფეხბურთელების გუნდმა ბოლო ტურში ჟეტისუს უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 2:2. ჯაბაც და ნიკაც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. კანკავამ საგოლე პასი შეასრულა და თავიდან ბოლომდე ითამაშა, კვეკვესკირმა კი 32-ე წუთზე გოლი გაიტანა, თუმცა მეორე ტაიმში ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა. ჟეტისუში შეუცვლელად ითამაშა ლაშა კასრაძემ.

ყაზახეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში 32 წლის ჯაბა კანკავა უკვე მეექვსედ მოხვდა, 26 წლის ნიკა კვეკვესკირი კი - მესამედ.  

ჩემპიონატის ტურის 11 რჩეული ტრადიციულად, ყაზახეთის ფეხბურთის პროფლიგამ, პარტნიორი კომპანია InStat-ის სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე შეადგინა. ანალიზში გათვალისწინებულია როგორც მოქმედებათა საერთო ინდექსი, ისე - მოთამაშის ამპლუისთვის სახასიათო სხვა მაჩვენებლები.

ჯაბა კანკავას მოგებული მორიგი საჰაერო დუელი

"ჟეტისუსთან” შეხვედრაში კანკავა, როგორც სჩვევია,  მოედნის ცენტრში არაჩვეულებრივად ნაყოფიერი იყო, სადაც მეტოქის შეტევებს დამაჯერებლად შლიდა და ასევე, თავისი გუნდის კომბინაციებს აგებდა. ტობოლის საყრდენი ორთაბრძოლების 61%-ში გამარჯვებული გამოვიდა, მოიგო 4 "საჰაერო" დუელი და ამდენჯერვე პროდუქტიულად გაისარჯა ართმევისას. მის ანგარიშზე 17 ჩაჭრაა, 12-ჯერ კი ის ნეიტრალურ ბურთს დაეუფლა, ჰქონდა 92%-იანი პასების სიზუსტე და მიითვალა საგოლე პასიც. მისი მოქმედებების ინდექსი - 294", - წერს sports.kz საქართველოს ნაკრების კაპიტანზე.

კვეკვესკირმა მატჩი ტრავმის გამო ვერ ჩაამთავრა, რომლის სიმძიმე ჯერ-ჯერობით უცნობია

"კვეკვესკირმა ჟეტისუსთან ძალიან შთამბეჭდავად ითამაშა - შორეული დარტყმით გაიტანა გოლი, მოიგო ბურთის ორთაბრძოლების 65%, ოთხჯერ ეფექტური დრიბლინგით გამოირჩა, პასების სიზუსტე კი 87% ჰქონდა. რომ არა ტრავმა, ალბათ ქართველმა ჰავბეკი უფრო მეტ ეპითეტსაც დაიმსახურებდა. მისი მოქმედებების ინდექსი - 283", - წერს საიტი ნიკაზე.

მიმდინარე ჩემპიონატში ჯაბა კანკავას ანგარიშზე 23 მატჩში 2 გოლია. 18 შეხვედრა და 1 გოლია ნიკა კვეკვესკირის აქტივში.

სუპერლიგაში ჩატარებული 25 მატჩის შემდეგ ტობოლს 40 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. მომავალ ტურში კანკავა-კვეკვესკირის გუნდი 22 სექტემბერს, აქტობეს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები