Thumbnail

ტოჩინოშინი v ჰაკუჰო  | თუ ქართველი გაიმარჯვებს, ნოემბერშიც ოძეკი იქნება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინმა კარიერაში იოკოძუნა 5-ჯერ დაამარცხა
  • ტოჩინოშინი V ჰაკუჰო - ბალანსი 1:25-ია
  • ჰაკუჰო: ტოჩინოშინმა ძალიან მოუმატა და ამას ყველა ხედავს
გამარჯვება დიდ ჩემპიონთან! ტოჩინოშინმა წაუგებელი იოკოძუნა დაამარცხა!

ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ტიტულის შენარჩუნებასთან ახლოსაა - საკმარისია, 20 სექტემბერს მან მე-8 ორთაბრძოლა მოიგოს და სუმოს იერარქიაში მეორე რანგს შეინარჩუნებს და სულ მცირე, ნოემბრის ბაშოზეც ოძეკის რანგში იჭიდავებს. ქართველი ამ აუცილებლობის წინაში წინა ბაშოზე ტრავმის გამო დადგა, რომელზეც უარყოფითი ბალანსი დაუფიქსირდა.

მაგრამ ამის გაკეთება ხუთშაბათს ძალიან ძნელი იქნება - ქართველი ჩემპიონის მეტოქე ლეგენდარული ჰაკუჰოა, თუ ლევანს კარიერაში იმპერატორის ერთი თასი აქვს მოგებული, მონღოლს ასეთი ტიტული 40 აქვს!

ის ფორმაში არ არის და შეხედეთ, რას აკეთებს!

ჰაკუჰოსთან მომავალ ბრძოლამდე დავუბრუნდეთ დღევანდელ ბრწყინვალე გამარჯვებას მონღოლ იოკოძუნასთან, როცა ტოჩინოშინმა 160-კილოიანი დიდი ჩემპიონი ჰაერში ბავშვივით აათამაშა და შემდეგ იოლად გაიყვანა დოჰიოდან. 

აი, რა თქვა AbemaTV-ზე, რომელიც სუმოს პირდაპირ ჩვენებას ახორციელებს, სუმოს ექსპერტმა - "საოცარი ღონე! "ძლიერმა გულმა" "წერო-დრაკონი" ისე აიტაცა, თითქოს, გრავიტაციის ძალა შემცირებული იყო. დიახ, ეს მართალია - ტოჩინოშინი ტრავმის გამო ცუდ ფორმაშია, მაგრამ შეხედეთ, რა შეუძლია მაინც მას". 

ოქროს ვარსკვლავის დრო აღარ არის

როდესაც რიგითი სუმოისტი დიდ ჩემპიონს ამარცხებს, მას კინბოში (ოქროს ვარკსვლავი) გადაეცემა, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობის გარდა, მატერიალური სიკეთეც მოაქვს. ტოჩინოშინს 2 კინბოში აქვს - 2015 წლის ჰარუ ბაშოზე მან მე-4 მაეგაშირას რანგში მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი დაამარცხა. მეორე კინბოში შარშან ნაგოია ბაშოზე იყო, როცა ტოჩინოშინმა დიდი ჩემპიონი კისენოსატო დააგდო. 

კინბოში მხოლოდ რიგით მაეგაშირას გადაეცემა, ასე რომ, დღემდე ტოჩინოშინს კიდევ სამი გამარჯვება აქვს მოქმედ დიდ ჩემპიონებზე, რისთვისაც ოქროს ვარსკვლავი აღარ მიუღია. წლეულს, მარტის ბაშოზე მან დიდი ჩემპიონი კაკურიუ დაამარცხა (რომელმაც ეს ბაშო მოიგო), ხოლო მაისში ნავსი გატეხა და პირველად მოუგო კარიერაში ჰაკუჰოს, მომავალ მეტოქეს აკი ბაშოზე. ახლა კი კაკურიუ წელს მეორედ დაამარცხა. ასე რომ ლევანს დღეისთვის დიდი ჩემპიონი ხუთჯერ ჰყავს დამარცხებული.

დიდი ბრძოლა დიდ ჩემპიონთან

ტოჩინოშინმა ერთადერთხელ აჯობა ჰაკუჰოს

ტოჩინოშინის ახლანდელი მეტოქე სუმოს ცოცხალი ლეგენდაა - 800-ზე მეტი მოგება იოკოძუნას რანგში და 40 თასი ამის ნათელი დასტურია. ჰაკუჰო შეუდარებელი მებრძოლია. ნახეთ, როგორ გაუსწორდა ის დღეს ოძეკი ტაკაიასუს.

ჰაკუჰო V ტაკაიასუ

რიგით 69-ე იოკოძუნა ჰაკუჰო შო, იგივე მონხბათ დავააჯარგალი 33 წლისაა და ულან-ბატორშია დაბადებული. ქართველი და მონღოლი თანაბარი სიმაღლის არიან, თუმცა ტოჩინოშინი 21 კილოგრამით მძიმეა. მონღოლს პროფესიულ სუმოში დებიუტი ზუსტად 5 წლით ადრე ჰქონდა. სხვათა შორის 6 დივიზიონის "ავლა" ლევანმა უფრო სწრაფად მოახერხა - 2 წელში (ჰაკუჰომ 3 წელში). 

მათი დაპირისპირების ისტორია კი 2008 წლის ნოემბრის ბაშოდან იწყება. ჰაკუჰო უკვე დიდი ჩემპიონი იყო, ტოჩინოშინი კი მე-4 მაეგაშირა. ჰაკუჰომ უვატენაგეს ილეთით იმარჯვა. ასე იყო 10 წლისა და 25 ორთაბრძოლის განმავლობაში, სანამ მაისის ბაშოზე "სასწაული" არ მოხდა - მე-12 დღეს ლევანმა, რომელიც სეკივაკეს რანგში იბრძოდა და ოძეკის ტიტულისთვის გამარჯვება ესაჭიროებოდა, ჰაკუჰო იორიკირის ილეთით გაიყვანა დოჰიოდან. ამ ბაშოზე ტოჩინოშინი ფანტასტიკურ ფორმაში იყო, ჰაკუჰოსთან გამარჯვება ზედიზედ მე-12 იყო და სარეკორდო მისთვის, თუმცა მე-13 დღეს მან შოდაისთან ბრძოლაში ტრავმა მიიღო და იმპერატორის თასს ვეღარ შეწვდა, 13-2 ბალანსით ვიცე-ჩემპიონი გახდა.

"მცირე შეცდომები მომივიდა, რის გამოც დავმარცხდი კიდევაც. ტოჩინოშინმა ძალიან მოუმატა, რასაც თავად ყველა ხედავთ", - თქვა წაგებული ორთაბრძოლის შემდეგ დიდმა მონღოლმა. 

ტოჩინოშინის გამარჯვება ჰაკუჰოზე

კომენტარები

ბოლო ამბები