Thumbnail

ლაშა გუჯეჯიანი: ამ ნაკრებიდან უმეტესობას ტოკიოში ასპარეზობა შეუძლია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
  • მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობას აფასებს

საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 9 მედალი მოიპოვა: 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ კიდევ შეიძლებოდა მედლების აღება.

ნაკრების მზადება და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა

ლაშა გუჯეჯიანი: ''მიუხედავად იმისა, რაც ქართულ ძიუდოში ხდებოდა, ნაკრებში მშვიდი და სპორტული გარემო სუფევდა, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. მშვიდად ვემზადებოდით ევროპის ჩემპიონატისთვის. გუნდი ასი პროცენტით მზად იყო.

გვსურდა უფრო მეტი მედლის აღება. კიდევ ერთი ოქროს მედლის მოგების შანსიც გვქონდა. რა თქმა უნდა, მიღწეულ შედეგს დადებითად ვაფასებ.

ვანო ხუბაშვილი (-55კგ) უმედლოდ დაგვრჩა, მედალს ვგეგმავდით მასთან ერთად. თემურ ნოზაძე (-60კგ), რომელიც თავის წონაში ლიდერია, საპრიზო ადგილზე ვერ გავიდა.

ლაშა ბექაურს გამოვყოფ, ახალგაზრდა ვარსკვლავს, რომელიც შარშან ჭაბუკებში ჭიდაობდა. მან წონა შეიცვალა 73 კილოგრამიდან 90 კილოგრამში ავიდა. ვფიქრობ, რომ სხვა ტურნირებისთვის ბოლომდე დაიხარჯება და შედეგიც იქნება. რაც შეეხება მსაჯობას, იდეალურად იმსაჯეს და რამდენჯერმე ძალიან სწორი გადაწყვეტილებაც მიიღეს.''

ლაშა გუჯეჯიანი: ჩემი ნაკრებიდან
ტოკიოს ოლიმპიადისთვის ბევრი იბრძოლებს.

გოგონათა ნაკრები

ლაშა გუჯეჯიანი: ''გოგონათა ნაკრების უფროს მწვრთნელს თავისი პროექტები და მიმართულებები აქვს. ძალიან კარგი, საიმედო თაობა მოდის, გამოვყოფ ეთერ ლიპარტელიანს, რომელიც დიდი შემართებით ასპარეზობდა, პროგრესი აშკარად იგრძნობოდა.''

გუნდური ასპარეზობა

ლაშა გუჯეჯიანი: ''ინდივიდუალურ ასპარეზობაში იმდენად კარგად წარმოვაჩინეთ თავი, რომ ვფიქრობდი უფრო ადვილად შევძლებდით გუნდურ ასპარეზობაში წარმატების მიღწევას. მოგეხსენებათ, რომ ინდივიდუალური ჩათვლის მიხედვით, ვაჟთა და გოგონათა შედეგების გათვალისწინებით, პირველ ადგილზე გავედით. გუნდურში კი თან არ გაგვიმართლა და მსაჯებმაც გარკვეული როლი ითამაშეს წარუმატებლობაში.''

ტოკიოს ოლიმპიადა და 2020

ლაშა გუჯეჯიანი: ''ყველაფერს ფაქტები ამტკიცებს. ახალგაზრდული პროექტი 2020 წინ მიიწევს. საქმეს აკეთებდე და ამ საქმის არ გჯეროდეს, ეს არ შეიძლება. ვფიქრობ, რომ ჩემს ნაკრებს იმის პოტენციალი აქვს, რომ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების 70-80 პროცენტი შეიცვალოს.''

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

ლაშა გუჯეჯიანი: ''ეს ტურნირი პრიორიტეტულია, მაგრამ ახალგაზრდული ნაკრებიდან არავინ წავა. ისინი ევროპასა და მსოფლიოს ჭიდაობენ. სხვა ძიუდოისტებს მივცემთ შანსს, რათა განვითარება შეძლონ. შეიძლება შედარებით სუსტი შემადგენლობით წავიდეთ, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული ვიქნებით.''

კომენტარები

ბოლო ამბები