Thumbnail
  • გალათასარაიმ რუსეთის ჩემპიონებს შინ სამი უპასუხო გოლი გაუტანა
  • პორტუმ სტუმრად შალკესთან ორიდან ერთი პენალტი გაიტანა და ქულა მოიპოვა
  • იკერ კასილიასის მე-20 ჩემპიონთა ლიგა

მოსკოვის ლოკომოტივისა და საბა კვერკველიასთვის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონი არცთუ კარგად დაიწყო. რუსეთის ჩემპიონები, რომლებიც მიზნად ჯგუფიდან გასვლას ისახავენ, სტამბოლში მინუმუმ ქულის მოპოვებას იმედოვნებდნენ, მაგრამ ფათიჰ თერიმის გაწვრთნილი გალათასარაი იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე რუსებს ეგონათ. 

გელზენკირხენში კი ქულის მოპოვება შეძლო პორტუმ, რომელმაც შალკესთან ორიდან ერთი პენალტის გამოყენება მაინც მოახერხა, მისი მეკარე იკერ კასილიასი კი ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახდა - ესპანელი გოლკიპერი ამ ტურნირში უკვე მეოცედ ჩაება. 

გალათასარაი 3:0 ლოკომოტივი (მ)

გოლები: 1:0 როდრიგესი (9’), 2:0 დერდიიოკი (67'), 3:0 ინანი (პენ. 90+4).

გაძევება: ნ'დაიე (87')

გალათასარაი (4-3-3): მუსლერა - ლინესი, დონკი, აზიზი, ნაგატომო - ბელანდა (73' მაიკონი), ფერნანდო, ნ’დიაიე - აკბაბა, დერდიიოკი (82' ანრი), როდრიგესი (91' ინანი).

ლოკომოტივი (4-3-2-1): გილერმე - იგნატიევი (69' ედერი), კვერკველია, ჩორლუკა, იდოვუ - ჰიოვედესი, დენისოვი, კრიხოვიაკი - ფერნანდეში, ალეკსეი მირანჩუკი (86' ანტონ მირანჩუკი) - ფარფანი.

სტამბოლში, მატჩის დასაწყისშივე გაშვებულმა გოლმა რუსეთის ჩემპიონების გეგმები არია. უკვე მე-9 წუთზე, გარი როდრიგესმა შორიდან ძლიერად და ზუსტად ისე დაარტყა, ხელი ვერავინ შეუშალა. საბა კვერკველია ამ ეპიზოდში უბრალო იყო. 

მოსკოველებმა ნელ-ნელა დაალაგეს თამაში და ინიციატივასაც დაეუფლნენ. 21-ე წუთისთვის თავით ვარდნაში ურტყამდა "რკინიგზელთა" პერუელი ნახევარმცველი ჯეფერსონ ფარფანი, მაგრამ მასპინძელთა მეკარე კუთხეში წასულ ბურთს მისწვდა.
  
აქედან რამდენიმე წუთში ანგარიშის გათანაბრების ძალიან რეალური შანსი ქართველ მცველსაც ჰქონდა. კუთხურის მოწოდების შემდეგ, ამოტანილი ბურთი საბოლოოდ საბას მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან ძლიერად დაარტყა. ბურთი კარის ხაზზე მდგარმა ფერნანდომ თავით მოიგერია.

შესვენების შემდეგ მოსკოვის ლოკომოტივმა ტემპის მომატება სცადა, მაგრამ მწვავე მომენტები საკუთარ კართან უფრო მიიღო. 67-ე წუთზე მასპინძლებმა საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. ერენ დერდიიოკმა 24 მეტრიდან ბურთი "ცოცხალ კედელს" შემოატარა და გილერმეს ახლო კუთხეში გაუტანა.

დარჩენილ დროში ლოკომოტივს არაფერი გამოუვიდა. ბოლო წუთები გალათასარაიმ კაცნაკლულმა გაატარა, მაგრამ ამით სტუმრებს ხეირი არ უნახავთ. პირიქით, რომ არა მოსკოველთა მეკარის კარგი თამაში, როდრიგესი დუბლსაც მიითვლიდა. 

მაგრამ მესამე გოლი გილერმეს კარში მაინც გავიდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლოკომოტივის გოლკიპერმა ემრე აკბაბა წესების დარღვევით შეაჩერა, 11-მეტრიანი ნიშნულიდან კი სელჩუკ ინანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

გალათასარაიმ მოიგო და ჯგუფში გალიდერება მოახერხა

შალკე 1:1 პორტუ

გოლი: 1:0 ემბოლო (64'), 1:1 ოტავიო (პენ. 75')

გამოუყენებელი პენალტი: ტოლესი (13')

შალკე (3-4-2-1): ფერმანი - სანე, ნალდო, ნასტასიჩი - კალიჯური, სერდარი (84' არიტი), ბენტალები, მაკენი - შოპფი, უტი (65' კონოპლიანკა) - ემბოლო (72' ბურგშტალერი).

პორტუ (4-4-2): კასილიასი - პერეირა, ფელიპე, მილიტაო, ტელესი - ოტავიო (90' ერნანი), დანილუ, ერერა, ბრაიმი (82' ოლივერა) - აბუბაკარი (60' კორონა), მარეგა. 

იკერ კასილიასი ჩემპიონთა ლიგის მეოცე გათამაშებაში გამოდის

მასპინძელთა კარში 11-მეტრიანი საკმაოდ უწყინარ სიტუაციაში, აუტიდან ჩაწოდების შემდეგ დაინიშნა. ნალდო ბურთის მოგერიებას თავით ცდილობდა, მაგრამ ეს ხელით გააკეთა, რაც არბიტრს არ გამოპარვია. ალეკს ტელესმა ბურთი კუთხეში თითქოს კარგადაც გაუშვა, მაგრამ რალფ ფერმანმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და კარი იხსნა.

შესვებების შემდეგ უესტონ მაკენისა და ბრილ ემბოლოს სწრაფი კონტრშეტევა ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. კარის გადარჩენა ვერც კასილიასმა შეძლო და ვერც პორტუს მცველებმა.

შალკეს ემბოლოს გოლი მოსაგებად არ ეყო

პორტუგალიელებმა ქულის გადარჩენა 11-მეტრიანის წყალობით მოახერხეს, რომელიც არბიტრმა ხესუს ხილ მანსანომ ამჯერად სალიფ სანეს უხეშობის გამო დანიშნა. შალკეს ფეხბურთელები ამჯერადაც გაოცებას გამოხატავდნენ მსაჯის გადაწყვეტილების გამო, მაგრამ პირველი პენალტისგან განსხვავებით, ოტავიოს დარტყმა გოლით დასრულდა - ფერმანმა კუთხე ვეღარ გამოიცნო.

კომენტარები

ბოლო ამბები