Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა
  • ლეომ მეორე ტაიმში კიდევ ორი ბურთიც შეაგდო და ჰეთ-თრიკი გაიფორმა
  • ინტერი ტოტენჰემთან აგებდა, მაგრამ თამაში ბოლო წუთებზე შეატრიალა

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი B ჯგუფის ორი მატჩით დაიწყო: “ნოუ კამპზე” ბარსელონამ ჰოლანდიურ ეინდჰოვენს პირველ ტაიმში მხოლოდ 1 გოლი აკმარა, მაგრამ მეორე ნახევარში კიდევ 3 გაუტანა და, საბოლოოდ, ძალიან ადვილად, 4:0 გაანადგურა. მილანის “ჯუზეპე მეაცაზე” კი, სადაც დიდი ხანია, ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი აღარ აჟღერებულა, ინტერმა ტოტენჰემს დრამატული ბრძოლა მოუგო.

ბარსელონა 4:0 ეინდჰოვენი

გოლები: 1:0 მესი (32), 2:0 დემბელე (75), 3:0 მესი (77), 4:0 მესი (88)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი (85. ვიდალი), ბუსკეტსი, კოუტინიო (81. ლონგლე) - მესი, სუარესი, დემბელე (83. არტური).

ეინდჰოვენი (4-2-1-3): ზუტი - დუმფრისი, შვააბი, ვირგევერი (66. ისიმატ-მირინი), ანხელინო - როსარიო (82. გუტიერესი), ჰენდრიქსი - პერეირო - ბერგვიინი (78. მალენი), ლ. დე იონგი, ლოსანო.

ახალი სეზონი ლიონელ მესის გოლით გაიხსნა! ბარსელონას არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა 32-ე წუთზე ულამაზესი ჯარიმა გაიტანა - ლეომ დაახლოებით 19 მეტრიდან გადაატარა ბურთი ცოცხალ კედელს და მარჯვენა კუთხეში ჩასვა. ზუტს ამ დარტყმის მოგერიება არ შეეძლო.

1:0 მესი (32)

ეინდჰოვენმა, რომელსაც ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი, ჰოლანდიელი მარკ ვან ბომელი წვრთნის, პირველ ტაიმში ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დატოვა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ბარსას სერიოზულ პრობლემებსაც ვერ უქმნიდა.

2:0 დემბელე (75)

მეორე გოლის დროს საგოლე გადაცემა ფილიპე კოუტინიოს კი ჩაეთვალა, მაგრამ ეს გოლი მთლიანად უსმან დემბელეს დამსახურებაა, რომელმაც ერთი შეხედვით გამოუვალ სიტუაციაში ორი მეტოქე ჩამოიშორა, კარისკენ წაიწია და ეფექტური დარტყმით გაიტანა.

3:0 მესი (77)

2 წუთის შემდეგ ბარსამ მესამედ აიღო პსვ-ს კარი. ივან რაკიტიჩის ბრწყინვალე პასის შემდეგ, მესიმ დუბლი გაიფორმა.

4:0 მესი (88)

მიუხედავად იმისა, რომ 79-ე წუთზე უმტიტი მოედნიდან გააძევეს და ბარსა 10 კაცით დარჩა, კატალონიურმა გრანდმა ეინდჰოვენს მაინც გაუტანა მე-4 გოლი და ისევ მესის ანგარიშზეა! ლეომ ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი ჰეთ-თრიკით დაიწყო!

ინტერი 2:1 ტოტენჰემი

გოლები: 0:1 ერიქსენი (53), 1:1 იკარდი (86), 2:1 ვესინო (92)

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - შკრინიარი, დე ვრეი, მირანდა, ასამოა - ვესინო, ბროზოვიჩი - პოლიტანო (72. კეიტა ბალტე), ნაინგოლანი (89. ბორხა ვალერო), პერიშიჩი (65. კანდრევა) - იკარდი.

ტოტენჰემი (4-3-1-2): ვორმი - ორიე, დ. სანჩესი, ვერტონგენი, ბ. დევისი - დემბელე, დაიერი, ერიქსენი - ლამელა (72. ვინკსი) - სონი (64. ლუკას მოურა), კეინი (90, როუზი).

“ჯუზეპე მეაცაზე” შეკრებილმა, ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს მონატრებულმა გულშემატკივრებმა პირველ ტაიმში არცისე ინტენსიური ფეხბურთი იხილეს. ინტერი ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა და უფრო აგრესიულად თამაშობდა, მაგრამ რეალურ უპირატესობაზე საუბარი ზედმეტია.

0:1 ერიქსენი (53)

პრინციპში, მეორე ტაიმიც იდენტურად დაიწყო, მაგრამ გოლი სტუმრებმა გაიტანეს და, უნდა ითქვას, რომ გაუმართლათ: კრისტიან ერიქსენმა მეორე ცდაზე გაუტანა ჰანდანოვიჩს, რომელმაც რიკოშეტის გამო ბურთის მოგერიება ვეღარ შეძლო.

1:1 იკარდი (86)

ინტერის გულშემატკივრებს შვება გუნდის კაპიტანმა, მაურო იკარდიმ მოჰგვარა, რომელმაც ასამოას ჩაწოდების შემდეგ, ბურთი ერთი შეხებით, ულამაზესი დარტყმით გადაგზავნა ვორმის კარში.

2:1 ვესინო (92)

ზუსტად 6 წუთის შემდეგ, მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე ვესინომ “ჯუზეპე მეაცას” ტრიბუნები “ააფეთქა”!

კომენტარები

ბოლო ამბები