Thumbnail

ტოჩინოშინი: მიზნამდე ჯერ კიდევ შორია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის ფრთხილი ოპტიმიზმი
  • 40 კენშო 6 მოგებისთვის

აკი ბაშოზე მე-6 ორთაბრძოლა მოიგო ქართველმა ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე), ბრაზილიელი კაისეის ძლევით მას 6-4 ბალანსი გაუხდა. ტოჩინოშინი ბრძოლის შემდეგ კმაყოფილი ჩანდა, თუმცა პროგნოზისგან თავი შეიკავა: "ამ ბაშოზე მიზნის მიღწევამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი", - განუცხადა მან იაპურ მედიას ბრძოლის შემდეგ. 

შემოდგომის ბაშოს 2/3 მიილია, ტოჩინოშინს 5 ბრძოლა რჩება, 8 მოგებამდე (და ტიტულის შენარჩუნებამდე) კი მხოლოდ 2 მოგება აშორებს. თითქოს, არ არის რთულად მისაღწევი შედეგი, მაგრამ 30 წლის ქართველს დარჩენილი ხუთი ორთაბრძოლიდან სამი აუცილებლად ექნება ძალიან რთული - დიდ ჩემპიონებთან, კაკურიუსთან (19 სექტემბერს) და ჰაკუჰოსთან, აგრეთვე ოძეკი ტაკაიასუსთან. პირველი ორი 10-0 ბალანსით ბაშოს ლიდერია, ხოლო ტაკაიასუ მათ კვალში 9-1 ბალანსით უდგას. 

40 კენშო

10 დღის შემდეგ ბრძოლებში მოპოვებული ჰონორარით დიდი ჩემპიონი კისენოსატო ლიდერობს - 221 კენშო. მეორე ადგილზეა დაუმარცხებელი ჰაკუჰო - 216, მესამეზე კი კიდევ ერთი დაუმარცხებელი სუმოისტი, კაკურიუ მოდის - 190.

ტოჩინოშინი მოპოვებული ჰონორარით მე-8 ადგილზეა ბაშოზე, მას 40 კონვერტი დაუგროვდა, თითოეულში კი დაახლოებით 1 300 ლარის ეკვივალენტური იაპონური ვალუტაა - დაახლოებით 52 ათასი ლარი ჯამში.

კომენტარები

ბოლო ამბები