Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფური ეტაპის I ტურის მატჩები კიდევ ოთხ ჯგუფში გაიმართება
  • რეალი ლიგას ზედიზედ მეოთხე მოგებისთვის ახალი მწვრთნელით შეუტევს
  • იუვენტუსი და კრიშტიანო რონალდო "მესტალიას" სტუმრობენ 
  • დავით ხოჭოლავა ჰოფენჰაიმის შემტევების წინააღმდეგ 

ჩემპიონთა ლიგაში პირველი ტურის შეხვედრები კიდევ ოთხ ჯგუფში გაიმართება. გამორჩეული მატჩები "სანტიაგო ბერნაბეუსა" და "მესტალიაზე" გაიმართება, სადაც სათამაშოდ რომა და იუვენტუსი ჩადიან. ხარკოვის არენაზე კი დავით ხოჭოლავა ჰოფენჰაიმის შემტევების შეჩერებას შეეცდება.

Е ჯგუფი

⚽ აიაქსი V აეკ ⌚ 21:00 📺 SILK SPORT HD1

► აიაქსმა ორჯერ მოუგო აეკს 1994/95 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში

► ბერძნულმა კლუბმა ნიდერლანდებში ევროთასების ხუთივე მატჩი დათმო

► აიაქსი ლიგის ჯგუფში 2014/15 წლების სეზონის შემდეგ პირველად თამაშობს

ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ორივე გუნდს საკვალიფიკაციო ციებ-ცხელების გადატანა მოუხა. ამსტერდამელებმა სამი ეტაპი განვლეს, სადაც შტურმთან, სტანდარდსა და კიევის დინამოსთან წაუგებლად ითამაშეს. აიაქსი საკუთარ ჩემპიონატშიც დამაჯერებელია - ხუთი მატჩიდან 4 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. საბერძნეთის ჩემპიონმა ჯგუფამდე ორი საკვალიფიკაციო რაუნდი დაძლია, შიდა ასპერეზზე კი სამივე მატჩი მოიგო და ცხრილში მხოლოდ ოლიმპიაკოსს ჩამორჩება, დამატებითი მაჩვენებლებით.

ამსტერდამში აიაქსი მაინც ფავორიტია. ერიკ ტენ ჰაგს გუნდში არამხოლოდ პერსპექტიული ახალგაზრდები ყავს, ისეთი გამოცდილი ფეხბურთელების იმედიც აქვს, როგორებიც კლას-იან ჰუნტელაარი და დეილი ბლინდი არიან. აიაქსი საკუთარ მოედანზე განსაკუთრებით თამამია - ბევრს იტანს და არც გაშვებას ერიდება. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო შტურმსა და სტანდარდთან...

⚽ ბენფიკა V ბაიერნი ⌚ 23:00 

► ბენფიკას ბაიერნთან ექვსიდან არცერთი მატჩი მოუგია - 3-3 ფრე და მარცხი

► ლისაბონის არენაზე გამართული ევროთასების სამივე მატჩი ფრედ დასრულდა

► ნიკო კოვაჩი ბაიერნის თავკაცის პოსტზე ევროთასებზე პირველ მატჩს ატარებს

ზოგადად, E ჯგუფში ისეთი გუნდები მოხვდნენ, რომლებსაც მიმდინარე სეზონში მარცხი ჯერ არ უგემიათ. ამ კვარტეტიდან პირველ წაგებასთან ყველაზე ახლოს კი ლისაბონელები არიან - ნიკო კოვაჩისთვის, რომელსაც ბუნდესლიგაში პრობლემები არ აქვს, დიდი გამოცდა არც პორტუგალიაში ელის.

დისციპლინის მოყვარული ხორვატი მწვრთნელის გუნდი ბუნდესლიგაში გამართული სამი ტურის შემდეგ ცხრილში პირველია და თან - ყველაზე შედეგიანიც (9 გოლი).

მიუნხენელთა რიგებში ტრავმირებულები მატს ჰუმელსი, რაფინია, კინგსლი კომანი და კორენტენ ტოლისო არიან, ფრანკ რიბერისა და ლეონ გორეტცკას თამაში კი საეჭვოა, მაგრამ ბაიერნი ლისაბონში მაინც 3 ქულისთვის ჩადის.

F ჯგუფი

შახტარი V ჰოფენჰაიმი ⌚ 21:00 📺 SILK UNIVERSAL

► გუნდები ერთამენთს ევროთასებზე პირველად ხვდებიან

► შახტარის ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა იცავს

► ჰოფენჰაიმს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დებიუტი აქვს

დავით ხოჭოლავა ჩემპიონთა ლიგაში მეორედ ერთვება. 25 წლის ქართველმა მცველმა წინა სეზონში 4 მატჩში ითამაშა, მისმა გუნდმა კი გამოსვლა ტურნირის 1/8-ფინალში, რომასთან ორი მატჩის ჯამში მარცხით დაასრულა. ხოჭოლავა შახტარში სათამაშო პრაქტიკა ახალ სეზონში ნამდვილად არ აკლია - უკრაინის ჩემპიონატში რვავე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და დიდი ალბათობით, შახტარის თავკაცი პაულუ ფონსეკა ნდობას გერმანელებთანაც გამოუცხადებს. 

ზოგადად, დონეცკური გუნდის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხილვა კარგა ხანია არავის უკვირს - შახტარი აქ უკვე მეათე სეზონს იწყებს ბოლო ოცი წლის განმავლობაში. ჰოფენჰაიმი კი ჩემპიონთა ლიგაში პირველად შარშან გამოჩნდა, მაგრამ იულიან ნეგელსმანის გუნდმა მაშინ საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში ლივერპულის ბარიერი ვერ დაძლია და ოთხშაბათს ხარკოვში ჯგუფურ ეტაპზე დებიუტი ექნება.

დავით ხოჭოლავა ჩემპიონთა ლიგაში მეორე სეზონისთვის ემზადება

მანჩესტერ სიტი V ლიონი  23:00 

► გუნდები ერთმანეთს ევროთასებზე პირველად ხვდებიან

► სიტი ლიგის ჯგუფში 8 საშინაო მატჩში დაუმარცხებელია - 8 მოგება, 1 ფრე

► ლიონი ჯგუფურ ეტაპს ერთი გამოტოვებული სეზონის შემდეგ უბრუნდება

სიტი ჩემპიონთა ლიგას კიდევ ერთხელ შეუტევს, რომლის მოგებას აქამდე ვერაფრით ახერხებდა. პეპ გვარდიოლას გუნდის პირველი მეტოქე კი მოკრძალებული ლიონია. 

ინგლისის ჩემპიონებმა შარშანდელი ფორმა შეინარჩუნეს და პრემიერლიგის ხუთ სასტარტო მატჩში 4 მოგება მიითვალეს, ქულები კი მხოლოდ ვულვზთან სტუმრად დაკარგეს. ახლა ჯერი ჩემპიონთა ლიგაზეა, სადაც ბუქმეკერები მთავარ ფავორიტად სწორედ სიტის მიიჩნევენ. ოღონდ, სასტარტო თამაშის წინ პეპს საკადრო პრობლემები მაინც შეექმნა. მაშინ, როცა კევინ დე ბრუინის არყოფნას უკვე ყველა მიეჩვია, მორიგი დანაკლისი შესაძლოა, ბენჟამენ მენდი, სერხიო აგუერო და ფაბიან დელფი იყოს.

G ჯგუფი

რეალი V რომა ⌚ 23:00 📺 SILK UNIVERSAL

► რეალის სტატისტიკა რომასთან ევროთასებზე: 6 მოგება, 1 ფრე, 3 მარცხი

► რეალი ხულიენ ლოპეტეგისთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში პირველად თამაშობს

► რეალი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეოთხედ მოგებისთვის ბრძოლას იწყებს

ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასული სეზონის  ნახევარფინალისტს მასპინძლობს. რეალი ტურნირში, რომელიც ზედიზედ სამჯერ მოიგო, ახალი მთავარი მწვრთნელითა და კრიშტიანო რონალდოს გარეშე ერთვება. ევროსეზონი კი გუნდმა ცოტა უფრო ადრე და წარუმატებლად დაიწყო - უეფას სუპერთასი ატლეტიკოს დაუთმო (2:4).

ხულიენ ლოპეტეგის ხელმძღვანელობით მადრიდელებმა ჩემპიონატი სამი მოგებით დაიწყეს, მაგრამ მეოთხე ტურში ქულები მაინც დაკარგეს და ახლა 10 ქულით, ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ, ბარსელონას შემდეგ. აღარაა რონალდო, მაგრამ თვალსაჩინოა რეალის თავდამსხმელების - ქარიმ ბენზემასა და გარეთ ბეილის ფორმა, რომლებმაც სეზონის ხუთ მატჩში ჯამში 8 გოლის გატანა მოასწრეს (შესაბამისად, 5 და 3).

რეალის ვარჯიში რომასთან მატჩის წინ

რომაელებს ჩემპიონთა ლიგაში წინა სეზონში ნაჩვენები შედეგის, მინუმუმ, გაუმჯობესება უნდათ, მაგრამ ჯერჯერობით, საქმეები არცთუ კარგად მისდით. ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეგირდებმა იტალიის ჩემპიონატში სტარტზე მოიგო, მაგრამ მომდევნო სამ მატჩში სულ 2 ქულა მოიპოვეს. რომას ფანატებს კი არამხოლოდ სატურნირო ცხრილში გუნდის მე-9 ადგილი, დაცვის ხაზის თამაშიც ადარდებთ. ბოლო 3 მატჩში გაშვებული 7 გოლი - მეტისმეტად შემაშფოთებელია, განსაკუთრებით მადრიდში სტუმრობის წინ.

⚽ პლზენი V ცსკა ⌚ 23:00

პლზენის ვიქტორიამ გასულ სეზონში დამაჯერებლად მოიგო ჩეხეთის ჩემპოიონატი - პრაღის სპარტას შვიდი ქულით გაუსწრო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა. მაგრამ შემდეგ წილისყრამ აღარ გაუმართლა - საკმაოდ რთული ჯგუფი ერგო. 

ჩეხეთის ჩემპიონი ჯგუფურ ეტაპზე ბოლო რვა წლის განმავლობაში მესამედ თამაშობს, 2013/14 წლების სეზონის შემდეგ კი - პირველად. ცსკა ზედიზედ მეექვსე წელიწადია, ძირითად ბადეშია წარმოდგენილი, ოღონდ, არმიელები ჯგუფიდან გასვლას 2011/12 წლების სეზონის შემდეგ ვეღარ ახერხებენ.

ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 2013/14 წლების სეზონშიც დაუპირისპირდნენ. ჩეხებმა მოსკოვში ანგარიშით 2:3 წააგეს, მაგრამ შინ მოიგეს - 2:1, რისი წყალობითაც მესამე ადგილი დაიკავეს და ცსკა-ს ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლაში აჯობეს.   

H ჯგუფი

⚽ ვალენსია V იუვენტუსი  23:00 📺 SILK SPORT HD2

► გუნდები ერთმანეთს ევროთასებზე პირველად ხვდებიან

► ვალენსია ჯგუფურ ეტაპზე ორწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება

► იუვენტუსმა ევროთასებზე ბოლო სამი საგარეო შეხვედრა მოიგო

ვალენსია ჩემპიონთა ლიგაში ბოლოს 2014/15 წლების სეზონში გამოდიოდა, უმთავრეს ევროპულ საკლუბო ტურნირში დაბრუნება კი გუნდმა წელს მარსელინოსთან ერთად მოახერხა. გუნდის შემადგენლობა სეზონის წინ გაძლიერდა კიდეც, თუმცა "ღამურებს" ჩემპიონატში აქამდე მხოლოდ 3 ქულა აქვთ - სამი ფრე. როგორც ჩანს, პრობლემა შეთამაშებაშია… 

იუვენტუსში კი, სადაც ამ ზაფხულს ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ტრიუმფატორი და მთავარი ბომბარდირი კრიშტიანო რონალდო გადაბარგდა, ყველაფერი სტაბილურადაა. "ბებერი ქალბატონი" მის გარეშეც ყოველ წელს იგებდა სერია A-ს და ჩემპიონთა ლიგაშიც საკმაოდ შორს მიდიოდა. აი, წელს კი ტურინელთა მიზნები კრიშტიანოსთან ერთად კიდევ უფრო მაღალი გახდა. ეს უკანასკნელიც "დაიქოქა" - ახლახან სერია A-ში დუბლი გაიფორმა.

კრიშტიანო ესპანეთში ბრუნდება - იუვენტუსის ფორმით

ვალენსიას ტურინელებთან "მესტალიაზე" ფრანსის კოკლენი დანამდვილებით ვერ დაეხმარება. მასპინძელთა რიგებში სათუოა ესეკიელ გარაისა და ჟოფრეი კონდოგბიას თამაში. მასიმილიანო ალეგრის მხოლოდ ანდრეა ბარძალის იმედი არ შეიძლება ჰქონდეს, სხვა ყველა მწყობრშია. 

⚽ იანგ ბოიზი V მანჩესტერ იუნაიტედი  23:00

► გუნდები ერთმანეთს ევროთასებზე პირველად ხვდებიან

► იან ბოიზს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დებიუტი აქვს

► იუნაიტედმა შვეიცარიაში ევროთასების ბოლო ორი მატჩი წააგო

გასულ სეზონში იანგ ბოიზი, 32 წლის შემდეგ პირველად, შვეიცარიის ჩემპიონი გახდა, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც თამაშობს, სადაც პლეი ოფში ზაგრების დინამოს ბარიერის დაძლევის შედეგად მოხვდა. ხერარდო სეოანეს გუნდი შიდა ჩემპიონატში წელსაც კარგად გამოდის - ექვსივე მატჩი მოიგო და შესანიშნავ ფორმაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდს რთული გამოცდა ელის. 

ზოგადად კი, მანჩესტერ იუნაიტედს შვეიცარული კლუბი ჯგუფში მეტოქედ უკვე ზედიზედ მეორედ ჰყავს. გასულ სეზონში "წითელმა ეშმაკებმა" ბაზელთან სტუმრად 0:1 წააგეს, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა ინგლისურ გუნდს, თავის კვარტეტში 15 ქულით პირველი ადგილი დაეკავებინა. აი, წელს კი ჟოზეს გუნდი კრიზისშია - პრემიერლიგაში სამი მოგება და ორი მარცხი აქვს, თავად პორტუგალიელი კი წნეხის ქვეშაა. 

ბოლო ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედს ოთხშაბათის შეხვედრაში ფილ ჯონსი ვერ დაეხმარება, ლუკ შოუმ კი გამოჯანმრთელება მოასწრო.

კომენტარები

ბოლო ამბები