Thumbnail

ლივერპული V პსჟ | 10 თამაში, არცერთი მოგება - ტუხელს კლოპის კომპლექსი აქვს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართება
  • პირველი ტურის მთავარ შეხვედრაში ლივერპული პსჟ-ს მასპინძლობს
  • გერმანელი მწვრთნელების დუელი ამ თამაშს ინტრიგას მატებს

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის ცენტრალური მატჩი “ენფილდზე” გაიმართება - ლივერპული პარი სენ-ჟერმენს მასპინძლობს (⌚ 23:00 📺 SILK UNIVERSAL). ეს დაპირისპირება განსაკუთრებით საინტერესო მწვრთნელების დუელის გამოა: იურგენ კლოპი თომას ტუხელის წინააღმდეგ - ორი გერმანელი, რომლებიც თავიანთი საფეხბურთო ფილოსოფიებით ძალიან გვანან ერთმანეთს.

“პსჟ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფავორიტია. ეს გუნდი იმისთვისაა შექმნილი, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს!” - განაცხადა 51 წლის კლოპმა მატჩის წინ.

“ჩემპიონთა ლიგას, ტრადიციულად, ბევრი ფავორიტი ჰყავს. ლივერპული ერთ-ერთია!” - ეს კი 45 წლის ტუხელის სიტყვებია.

გარდა იმისა, რომ ორივე გერმანელია და ორივეს ერთნაირი, შემტევ და სწრაფი ფეხბურთი უყვარს, კლოპს და ტუხელს კიდევ ბევრი რამ აერთიანებთ. ორივე მაინცში გახდა ვარსკვლავი - ოღონდ, ჯერ კლოპი, მერე ტუხელი. მაინცის შემდეგ ორივე დორტმუნდის ბორუსიას დამრიგებელი იყო - ისევ ჯერ კლოპი, მერე ტუხელი. ახლა იურგენიცა და თომასიც გერმანიის საზღვრებს გარეთ მოღვაწეობენ და ორივე გრანდის მწვრთნელია: კლოპი ლივერპულის, ტუხელი - პარი სენ-ჟერმენის. და ყველაზე მთავარი: თუ იოახიმ ლიოვი ოდესმე გერმანიის ნაკრებს დატოვებს, ბუნდესგუნდის დამრიგებლის თანამდებობაზე, პირველ რიგში სწორედ კლოპი და ტუხელი მოიაზრებიან.

ბოლო 10 დუელიდან, ტუხელმა კლოპს ვერცერთი მოუგო - 8-ჯერ იურგენმა გაიმარჯვა, 2 მატჩი ფრედ დასრულდა. ამიტომაც წერს გერმანული მედია, რომ ტუხელს კლოპის კომპლექსი აქვს.

კითხვაზე, რა არის მისი წარმატების საიდუმლო, ლივერპულის დამრიგებელი ასე პასუხობს: “თუკი არსებობს რაიმე საიდუმლო, უმჯობესია, საიდუმლოდ დავტოვოთ!” იურგენი ტუხელს აქებს - განსაკუთრებული მწვრთნელია და ნამდვილად დაიმსახურა, რომ ევროპის ტოპ-კლუბის დამრიგებელი იყოსო.

“ისეთ სუპერვარსკვლავებს, როგორებიც ნეიმარი და კილიან მბაპე არიან, სჭირდებათ მწვრთნელი, რომელიც მათ რაღაცას ასწავლის და აჩვენებს, როგორ უნდა ითამაშონ ერთად, გუნდური ფეხბურთი. ვფიქრობ, პსჟ-ს ხელმძღვანელებმა საუკეთესი სპეციალისტი შეარჩიეს. ტუხელი სწორედ ისაა, ვინც პარიზულ გრანდს სჭირდებოდა,” - ამბობს კლოპი.

“პსჟ-ს ჰყავს საუკეთესო ფეხბურთელები და საუკეთესო მწვრთნელი იმისათვის, რომ ლივერპულში წარმატებას მიაღწიოს!” - ეს ფრანგული გრანდის ბოსის, ნასერ ალ-ხელაიფის სიტყვებია.

ტუხელის ბოლო 10 დუელი კლოპთან

► ევროპალიგის 1/4 ფინალი (2016): ლივერპული 4:3 დორტმუნდი; დორტმუნდი 1:1 ლივერპული.

► ბუნდესლიგა (2013/2014): დორტმუნდი 4:2 მაინცი; მაინცი 1:3 დორტმუნდი.

► ბუნდესლიგა (2012/2013): დორტმუნდი 2:0 მაინცი; მაინცი 1:2 დორტმუნდი.

► ბუნდესლიგა (2011/2012): დორტმუნდი 2:1 მაინცი; მაინცი 1:2 დორტმუნდი.

► ბუნდესლიგა (2010/2011): დორტმუნდი 1:1 მაინცი; მაინცი 0:2 დორტმუნდი.

კომენტარები

ბოლო ამბები