Thumbnail

მოტოციკლით მყინვარწვერზე - ქართველი ენდურო რაიდერის უჩვეულო თავგადასავალი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გიორგი ოთიაშვილი Husky Motopark-ის დამფუძნებელია
  • ინტერვიუ ქართველ ენდურო რაიდერთან

სპორტის ეს სახეობა საქართველოში ჯერ კიდევ ახალია, თუმცა გიორგის და მისი მეგობრების ძალისხმევით ნელნელა იკიდებს ფეხს. გიორგი Husky Motopark-ის დამფუძნებელია, სადაც Enduro Club Georgia არაერთ საინტერესო შეჯიბრს ატარებს

თვითონ გიორგი ოთიაშვილმა ყველა გააკვირვა, როდესაც მოტოციკლით სტეფანწმინდაში მყინვარწვერზე ასვლა გადაწყვიტა და რაც მთავარია, სურვილი რეალობად აქცია. გიორგიმ მოტოციკლით მეტეო სადგურამდე მიაღწია, რომელიც ზღვის დონიდან 3 653 მეტრზე მდებარეობს, ამ ყველაფერზე კი popsport-თან ინტერვიუში ისაუბრა... 

popsport: პირველ რიგში, მოგვიყევი შენი გატაცების შესახებ...

ოთიაშვილი: ენდურო რაიდერი ვარ. უკვე 5-6 წელია მე და ჩემი მეგობრები ენდუროთი ვართ გატაცებულები. გვაქვს კლუბი: Enduro Club Georgia, რომელიც ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარებას უწყობს ხელს. გვაქვს Husky Motopark, რომელიც მთაწმინდის პარკის გადასახვევთან არის და სადაც არაერთ შეჯიბრს ვატარებთ. დავდივართ საერთაშორისო ღონისძიებებზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჰასკი პარკის გარდა, შეჯიბრებები ჩავატარეთ რეგიონებშიც: გუდაურში, თელავში და გონიოში. ჰასკი პარკში ფუნქციონირებს მოტო სკოლა და მოტო კლუბი. ჯერჯერობით, სპორტის ეს სახეობა საქართველოში ახალია, თუმცა ნელნელა იკიდებს ფეხს და სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება.  

მოტოციკლით ზღვის დონიდან 3 500 მეტრზე

popsport: პირადად შენი მიღწევის შესახებ მოგვიყევი, როდესაც მოტოციკლით მყინვარწვერზე ახვედი...

ოთიაშვილი: გამიჩნდა იდეა, რომ მოტოციკლით მყინვარწვერის მეტეო სადგურამდე ავსულიყავი, რომელიც ზღვის დონიდან 3 653 მეტრზე მდებარეობს. ეს არის სტეფანწმინდაში, კავკასიონის მყინვარწვერი, რომლის სიმაღლე 5 050 მეტრია, გზად კი მეტეო სადგური მდებარეობს. როდესაც ავედი, სადგურის თანამშრომლებმა მითხრეს, რომ იქ გენერატორის და ვერტმფრენის გარდა, ძრავის ხმა არ გაუგიათ და განცვიფრებულნი იყვნენ, რომ იქ მოტოციკლით ავაღწიე. გაკვირვებულებმა ბევრი ფოტოც გადაიღეს. ასეთი რამ აქამდე არასდროს მომხდარა. 

popsport: როდის გაგიჩნდა ეს იდეა და სხვას ხომ არ ჰქონდა მყინვარწვერზე მოტოციკლით ასვლის მცდელობა?

ოთიაშვილი: შეიძლება უფიქრიათ, მაგრამ ვერ გაბედეს, მცდელობა კი არავის ჰქონია. რომ არა ჩემი მთასვლელი მეგობარი, ვერც მე გავბედავდი, რადგან გზად დიდი ყინულის მასივია. სწორედ მეგობარმა მითხრა, რომ იქ უცნაური ყინულია, რომელიც საერთოდ არ ცურავს და თუ იქამდე მივაღწევდი, ყინულზეც შევძლებდი გზის გაგრძელებას. ასეც მოხდა, ყინული კი მართლაც ისეთი აღმოჩნდა, როგორც მეგობარმა დამიხასიათა.

ბოლო აღმართი მეტეო სადგურამდე

popsport: გაგვიზიარე შთაბეჭდილებები: რა გზა გაიარე, რა სირთულეებს გადააწყდი და რა ემოციებთან იყო ეს დაკავშირებული?

ოთიაშვილი: ყინულამდე გზა ძალიან რთულია. რაც უფრო ზემოთ ადიხარ, ჟანგბადი ნაკლებია, სუნთქვა ჭირს და მალე იღლები. შემდეგ ყინულია, ყველაზე რთული კი ბოლო აღმართია, რომელსაც სახელად ბოღმა ეწოდება. დაახლოებით 600 მეტრი აღმართია, რომლის ავლა ფეხით მოსიარულეებსაც ძალიან უჭირთ. ვიწრო, ციცაბო ბილიკია, გზად ქვები ყრია, საბურავი კი რთულად ეჭიდება. დიდი წვალების შემდეგ, აღმართი დავძლიე და ავედი მეტეო სადგურზე, რამაც რა თქმა უნდა დიდი ემოციები და სიხარული გამოიწვია.

მოტოციკლით მყინვარწვერზე

მოტოციკლით მყინვარწვერზე

მოტოციკლით მყინვარწვერზე

მოტოციკლით მყინვარწვერზე

მოტოციკლით მყინვარწვერზე

მოტოციკლით მყინვარწვერზე

მოტოციკლით მყინვარწვერზე

მოტოციკლით მყინვარწვერზე

მოტოციკლით მყინვარწვერზე

popsport: მოტოციკლზეც გვითხარი, რომლითაც ასეთი რთული გზა დაფარე და გაგვანდე, თუ გაქვს ახალი მიზანი?

ოთიაშვილი: Husqvarna Motorcycles არის ავსტრიული პრემიუმ მწარმოებელი, რომელიც ენდუროს კლასში საუკეთესო მოტოციკლებს უშვებს. რაც შეეხება ახალ მიზანს, მომავალ წელს, მინდა ისევ ავიდე მყინვარწვერზე და მეტეო სადგურს გავცდე, თუმცა სადამდე მივალ, ეს ჯერ არ ვიცი.

კომენტარები

ბოლო ამბები