Thumbnail

'იქნებ, საქართველოს ფეხი დაუცდეს' - ყაზახეთის ნაკრების თავკაცის იმედი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სტანიმირ სტოილოვმა უეფას ერთა ლიგაში ჩატარებული მატჩები ცივი გონებით შეაფასა
  • ბულგარელი მწვრთნელი ნანობს, რომ საქართველოსთან მეორე ნომრად არ ითამაშა

უეფას ერთა ლგაში საქართველოს ნაკრების მეტოქე ყაზახეთის მთავარი მწვრთნელი სტანიმირ სტოილოვი რთულ მდგომარეობაშია - ასტანაში, ჩვენთან წაგების შემდეგ (0:2), ვერც სტუმრად შეძლო ანდორას დამარცხება (1:1) და ამჟამად ჯგუფში ბოლო ადგილზეა. არადა, ყაზახეთის ნაკრებს ტურნირის დაწყებამდე, საქართველოსთან ერთად, ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებდნენ...

ბულგარელმა სპეციალისტმა განვლილი მატჩების ანალიზი ერთი კვირის შემდეგ გააკეთა და ახლახან გამოცემა KazFootball.kz-თან ინტერვიუში დაშვებულ შეცდომებსა და შანსზე ისაუბრა. აი, რას ფიქრობს დღეს სტოილოვი საქართველოს ნაკრებთან თამაშზე.

ასტანაში ანგარიში გიორგი ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე გოლით გახსნა

"მატჩების შედეგებმა ჩვენი მოლოდინი ვერ გაამართლა, სულ სხვას მოველოდით… საქართველოს ნაკრებთან საკმაოდ დინამიური, მაგრამ ნერვული თამაში გამოგვივიდა. ჩანდა, რომ ვინც პირველი გაიტანდა, ის მოიგებდა კიდეც.

ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ, არ გაეწბილებინათ სტადიონზე მოსული ქომაგი. ამ სურვილმა კი მათ მოქმედებებს დაძაბულობა შესძინა. 

საქართველოსთან მატჩში ხასიათის სიმტკიცე, ოსტატობა და თავდაჯერება გვაკლდა.

მე და ჩემმა თანაშემწეებმა სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ იმას, რომ ჩვენს ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა აკლდათ. საქართველოსთან პირველ ნომრად თამაში გვინდოდა, მაგრამ იმისთვის, რომ ეს გააკეთო, აუცილებელია მუდმივ დინამიკაში, კარგ კონდიციებში იყო. სამწვრთნელო შტაბს დაცვიდან, მეორე ნომრად თამაშის გადაწყვეტილება რომ მიგვეღო, შესაძლოა, ასეთ ფეხბურთს ჩვენთვის დადებითი შედეგი მოეტანა.

რაც შეეხება ყაზახეთის შანსებს, გულახდილად ვთქვათ, ჯგუფში გალიდერება ძალიან გაჭირდება, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ. იმედი მაქვს, ფეხბურთელები დარჩენილი თითოეული მატჩის მნიშვნელობას გაიაზრებენ. დაველოდებით საქართველოს ნაკრების ფეხის დაცდენას - იქნებ დაკარგონ ქულები".

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგაში მომავალ მატჩს 13 ოქტომბერს, სტუმრად ანდორასთან ჩაატარებს, ყაზახეთი კი ამავე დღეს ლატვიას ესტუმრება. საქართველოს-ყაზახეთის მეორე, თბილისური დაპირისპირება ბოლო ტურში, 19 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები