Thumbnail

ფუტსალის ლიგა: დებიუტანტმა ჩემპიონი დაამარცხა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • წყალტუბო 1:10 ტატიშვილი
  • ბსუ (ბთ) 5:3 აფხაზეთი
  • სტუ-თელასი 2:3 კოლხი-გულრიფში
  • აგორა 2:0 თბილისი

ფუტსალის ლიგის მე-5 ტურის შეხვედრები 3 დღეზე გადანაწილდა და საინტერესოდ წარიმართა. ქუთაისში ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი წყალტუბოს ესტუმრა და ყოველგვარი გართულების გარეშე შეძლო 3 ქულის მოპოვება. ფავორიტმა შეხვედრა გამანადგურებელი ანგარიშით, 10:1 მოიგო. ტატიშვილის რიგებში გამორჩეული იყო ვახტანგ კეკელია, რომლის ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდა; ბათუმის სახელმწიგო უნივერსიტეტი აფხაზეთს დაუპირისპირდა და 5:3 სძლია მეტოქეს. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, პირველი ტაიმი ფრედ, 2:2 დასრულდა, მეორეში კი აჭარლებმა მოუმატეს და მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერეს აქტივში.

მე-5 ტურში მიმდინარე ჩემპიონატის მთავარი სენსაცია დაფიქსირდა - მოქმედი ჩემპიონი სტუ-თელასი ლიგის დებიუტანტ კოლხი-გულრიფშთან 2:3 დამარცხდა. კოლხი ლეგიონერებით გაძლიერდა და როგორც ჩანს, უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს. პირველ ტაიმში, ომითმა დუბლი შეასრულა, ბაბაქმა ერთი გოლიც დაუმატა და კოლხი 3 ბურთის სხვაობით დაწინაურდა. მეორე ნახევარში თელასმა ორი ბურთის გაქვითვა შეძლო, მაგრამ ქულის გადასარჩენად დრო და ძალა აღარ ეყო. მიმდინარე სეზონში, თელასმა პირველი მარცხი განიცადა და პირველი ქულები დაკარგა.

ცენტრალური მატჩი

მე-5 ტურის ცენტრალური მატჩი აგორასა და თბილისს შორის გაიმართა. დაძაბულ შეხვედრაში საგოლე მომენტები აგორამ გამოიყენა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით, აგორამ წარუმატებელი მატჩების სერია შეწყვიტა და სატურნირო ცხრილის საუკეთესო სამეულში დამკვიდრდა.

მე-5 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში ორხელისუფლებიანობაა: 12-12 ქულით ლიგას სტუ-თელასი და ტატიშვილი ლიდერობენ. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები