Thumbnail

‘ბუფონი პარიზში არ უნდა წასულიყო!’ - ოლივერ კანმა იუვეს ლეგენდა გააკრიტიკა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩემპიონთა ლიგის წინ ოლივერ კანმა “კიკერში” სტატია გამოაქვეყნა
  • ლეგენდარულმა გერმანელმა ჯანლუიჯი ბუფონზე კრიტიკულად ისაუბრა

ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ, ოლივერ კანმა ჩემპიონთა ლიგის სტარტის წინ აღნიშნა, რომ არ ესმის ჯანლუიჯი ბუფონის, რომელმაც იუვენტუსში გატარებული 17 წლის შემდეგ, ტურინული გრანდი დატოვა და 40 წლის ასაკში პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. 

“ეჭვი მეპარება იმაში, რომ ბუფონი სწორად მოიქცა, როცა 40 წლის ასაკში, იუვეს ლეგენდის რანგში, ტურინული გრანდი დატოვა და პარიზში გადავიდა. როგორც ჩანს, მას სასტიკად უნდა, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს,” - დაწერა კანმა “კიკერის” ბლოგში.

ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, ფეხბურთელმა კარიერის დასასრულებლად ზუსტი დრო შეარჩიოს: “ახლა გაირკვა, რომ მას ხშირად მოუწევს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა, რაც, დარწმუნებული ვარ, ბუფონის გეგმებში არ შედიოდა,” - მიაჩნია 49 წლის კანს, რომელმაც თავისი კარიერა 2008 წელს, მიუნხენის ბაიერნში, გერმანიის ჩემპიონისა და თასის მფლობელის რანგში დაასრულა.

საფრანგეთის ჩემპიონატში 5 ტურია გასული და ბუფონი პსჟ-ს კარს მხოლოდ პირველ ორ შეხვედრაში იცავდა, მომდევნო 3 ტური კი სკამზე გაატარა - მას მერე პარიზული გრანდის კარში ალფონს არეოლა დგას. თუმცა ფრანგული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება დროებითია. გერმანელი სპეციალისტის თქმით, პსჟ-ს პირველი მეკარე არ ჰყავს და კარს ხან ბუფონი დაიცავს, ხანაც - არეოლა.

“კიკერში” გამოქვეყნებულ სტატიაში კანმა ტუხელის პერსპექტივაზეც ისაუბრა: “პარი სენ-ჟერმენში უნდა გამოჩნდეს, არის თუ არა თომასი მართლაც უმაღლესი დონის მწვრთნელი. მან მუშაობა დაიწყო გრანდში, სადაც ვარსკვლავები თამაშობენ. მარტო ნეიმარის ხსენება რად ღირს, რომელიც სუპერვარსკვლავია და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პსჟ-ში გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს.”

შეუძლია თუ არა ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის მოგება?

ლეგენდარულმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგაში გერმანული კლუბების შანსებზეც ისაუბრა: “ერთადერთი გერმანული კლუბი, რომელიც მაღალ დონეზე თამაშობს, მიუნხენის ბაიერნია, მაგრამ რეკორდმაისტერისთვის ნამდვილად არ არის საკმარისი ის, რომ გერმანიის ჩემპიონატს 20-ქულიანი უპირატესობით იგებდეს, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ ფაზაში კი მოდუნებული იყოს. ბაიერნს, რა თქმა უნდა, შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი მოთხოვნის წაყენება არასწორია.”

საერთოდ, კანი ბუნდესლიგისა და გერმანული საკლუბო ფეხბურთის დონეს ძალიან კრიტიკულად უყურებს: “გერმანულ კლუბებს ანტიკომერციული მიდგომა აქვთ, მაგრამ კარგი იქნებოდა, ინტენსიურად ვიფიქროთ, როგორ უნდა განვითარდეს ბუნდესლიგა. მართალია, გერმანიის ჩემპიონატი ჯერ კიდევ პირველი კლასის პროდუქტია, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ სხვებს ძალიან არ ჩამოვრჩეთ და ბუნდესლიგა არ გადაიქცეს ისეთ ლიგად, რომელმაც ტოპ-ლიგებისთვის უნდა ზარდოს ფეხბურთელები,” - წერს ოლივერ კანი.

კომენტარები

ბოლო ამბები