Thumbnail

რა შანსი დარჩა საქართველოს ნაკრებს? - ბრძოლა მე-3 ადგილისთვის

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გერმანიამ და საბერძნეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს
  • საქართველოს ნაკრები მესამე ადგილისთვის იბრძვის

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე ორი შეხვედრა გამართა: ისრაელს გასვლაზე მოუგო (85:80), ხოლო საბერძნეთთან სახლში დამარცხდა (85:86). დარჩა თუ არა ილიას ზუროსის გუნდს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი?

სატურნირო ცხრილი და ფორმატი

საქართველოს ნაკრები შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე L ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ისრაელს, საბერძნეთს, ესტონეთს, სერბეთს და გერმანიას უწევს კონკურენციას. ილიას ზუროსის გუნდს სერბეთთან და გერმანიასთან აღარ მოუწევს თამაში, რადგან ამ გუნდებს პირველ ეტაპზე დაუპირისპირდა. მეორე ეტაპზე გუნდებს ქულები გადმოყვათ და შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს თავიდანვე ფორა ჰქონდა ამოსაქაჩი, რომ საუკეთესო სამეულში შესულიყო და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოეპოვებინა. ისრაელში მოგების და თბილისში დამარცხების შემდეგ, სატურნირო ცხრილში ასეთი ვითარებაა…

სატურნირო ცხრილი

მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდან სამი საუკეთესო გუნდი გადის და აქედან ორმა უკვე მიაღწია მიზანს. მეორე ეტაპზე მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, საბერძნეთის და გერმანიის ნაკრებებმა უკვე მოიპოვეს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური, რომელიც ჩინეთში გაიმართება. დარჩა ერთი ვაკანტური ადგილი, რომლისთვის ბრძოლაშიც ფავორიტი სერბეთია, თუმცა საქართველოს ნაკრები ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს.

რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბერძნეთის და გერმანიის ნაკრებებმა უკვე მოიპოვეს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური და დარჩა ერთი ვაკანტური ადგილი. ამ დროისთვის, მესამე ადგილზეა სერბეთის ნაკრები, რომელსაც 13 ქულა აქვს, უახლოესი მდევარი კი საქართველოა 11 ქულით. აქვე ვთქვათ, რომ კალათბურთში მოგებისთვის გუნდი 2 ქულას იღებს, ხოლო დამარცხებულს 1 ქულა ემატება.

საქართველოს ნაკრებს 4 მატჩი აქვს დარჩენილი, საიდანაც მინიმუმ 3 აუცილებლად უნდა მოიგოს: სახლში ისრაელთან და ორივე თამაში ესტონეთთან. ბუნებრივია, საბერძნეთის ნაკრებთან გასვლაზე მოგების დაგეგმვა, რთულია. ასეთ შემთხვევაში, ილიას ზუროსის გუნდი 7 ქულას მოაგროვებს და შესარჩევ ეტაპს 18 ქულით დაასრულებს.  

საქართველოს ნაკრების კალენდარი

გადავხედოთ სერბეთის ნაკრების კალენდარს, რომელსაც ასევე 4 მატჩი აქვს დარჩენილი: ბალკანელები ჯერ ისრაელს ეთამაშებიან გასვლაზე, სადაც ორი ქულის მოპოვება ადვილი ნამდვილად არ იქნება. შემდეგ, სერბებს საკუთარ კედლებში საბერძნეთთან უწევთ დაპირისპირება. მართალია, სერბეთი სახლში ითამაშებს და პლუს, ბერძნებს სატურნირო მოტივაცია არ ექნებათ, მაგრამ საბერძნეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და სერბეთშიც მოსაგებად ითამაშებს. ბოლო ორი თამაში სერბებს შედარებით ადვილი აქვთ: გასვლაზე ესტონეთთან და სახლში ისრაელთან. ეს ის მატჩებია, სადაც ბალკანელები 4 ქულას დაგეგმავენ და ფავორიტებიც იქნებიან.       

სერბეთის ნაკრების კალენდარი

ამ რეალობით, საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი მიზერულია. ილიას ზუროსის გუნდმა ან ოთხივე დარჩენილი მატჩი უნდა მოიგოს, მათ შორის საბერძნეთთან გასვლაზე, ან სერბეთმა დარჩენილი 4 მატჩიდან მაქსიმუმ ერთი მოიგოს და სამში დამარცხდეს, რაც კალენდრიდან გამომდინარე, ასევე ნაკლებად სავარაუდოა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მალე ევროლიგა დაიწყება და დიდი ალბათობით, ნოემბერი-დეკემბრის მატჩებში საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი არ ეყოლება. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, ილიას ზუროსმა კი შეკრას ის გუნდი, რომელიც 2021 წლის ევრობასკეტზე გავა და კონტინენტის პირველობაზე ევროპულ გრანდებს კონკურენციას გაუწევს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: ილიას ზუროსი

 

კომენტარები

ბოლო ამბები