Thumbnail

საბერძნეთის მწვრთნელი: შენგელიას გაჩერება შეუძლებელია! იღბალი ჩვენ მხარეს იყო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან ერთი ქულის სხვაობით დამარცხდა
  • მეტოქის მთავარი მწვრთნელის, თანასის სკურტოპულოსის კომენტარები მატჩის შემდეგ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლა და 85:86 დამარცხდა. დრამატული მატჩის შემდეგ, საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა თანასის სკურტოპულოსმა და კაპიტანმა ნიკ კალატესმა კომენტარები გააკეთეს. შთაბეჭდილებები ტანასის ანტეტოკუნმპომაც გაგვიზიარა.

თანასის სკურტოპულოსი (საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი):

"ვულოცავ ჩემს გუნდს მნიშვნელივან გამარჯვებას. მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ და ძალიან ბედნიერი ვარ. რთული გზა იყო, რომელიც წარმატებით გავიარეთ. ასევე, მინდა საქართველოს ნაკრებს მივულოცო კარგი თამაში. ეს იყო მატჩი, რომელშიც ყველაფერი ვიხილეთ: სისწრაფე, დაცვა, ენერგია და ბოლოს, ყველაფერი იღბალმა გადაწყვიტა. ბოლო წუთზე, როდესაც საქართველოს ნაკრები გვიტევდა, ჯარიმა არ ავიღეთ, რადგან ვიცოდით, რომ შეტევისთვის 5 წამი გვრჩებოდა. ჩემი გუნდის უკანა ხაზი უნდა გამოვარჩიო, პერიმეტრიდან კი შესანიშნავად ვესროლეთ. მეტოქე გუნდიდან თორნიკე შენგელია უნდა გამოვარჩიო, რომლის გაჩერებაც არ ყოფილა ჩვენი მიზანი, რადგან ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. დიდი მადლობა საქართველოს კარგი მასპინძლობისთვის და იმ ატმოსფეროსთვის, რაც დარბაზში იყო".

ნიკ კალატესი (საბერძნეთის ნაკრები):

"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ, საქართველოს ნაკრებს კი ვულოცავ კარგ თამაშს. ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო, რომლის ბედი ბოლო წამზე გადაწყდა. პირველ ტაიმში ჩამოვრჩით, მეორე ნახევარში კი დაცვაში მოვუმატეთ და ამის ხარჯზე დავეწიეთ მეტოქეს. მატჩის დასტულებამდე 1.28 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც საქართველოს ნაკრები 6 ქულით იგებდა, მაგრამ პრესინგის და ზუსტი სროლების ხარჯზე, მატჩი საჩვენო შედეგით დავასრულეთ. შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ეროვნულ ნაკრებში."

ტანასის ანტეტოკუნმპო (საბერძნეთის ნაკრები):

"ჩვენთვის ყველაფერი კარგად წავიდა. 17 ქულას ვაგებდით, რის შემდეგაც სხვაობა შევამცირეთ, საბოლოოდ კი წინ გავედით. ბერძენმა გულშემატკივრებმა ძალიან დიდი ენერგიით დაგვმუხტეს, რის შემდეგაც შესანიშნავი ბურთები ჩავაგდეთ და მატჩი მოვიგეთ. საქართველოს ნაკრებიდან რომელიმე მოთამაშის გამორჩევა გამიჭირდება, რადგან მინიმუმ სამი კალათბურთელის მიმართ განსაკუთრებული სიმპატიით ვარ განწყობილი".

კომენტარები

ბოლო ამბები