Thumbnail
  • იუვენტუსმა სასუოლოს სენსაციური სტარტი დაასრულა
  • კრიშტიანო რონალდომ სერია A-ში ანგარიში დუბლით გახსნა და მატჩის გმირია

იუვენტუსს ქულები ვერც სასუოლომ დააკარგვინა, რომელიც ამ ტურამდე, ყველასათვის მოულოდნელად, ბრწყინვალედ თამაშობდა. ტურინულმა გრანდმა სენსაციური მეორეადგილოსანი 2:1 დაამარცხა, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი ალბათ მაინც ის არის, რომ მატჩის გმირი კრიშტიანო რონალდო გახდა!

პორტუგალიელ სუპერვარსკვლავი სამი ტურის შემდეგ უგოლოდ იყო, რის გამოც უკვე აკრიტიკებდნენ, სასუოლოსთან კი კრიშტიანომ არა მარტო პირველი იტალიური გოლი გაიტანა, არამედ დუბლიც შეასრულა!

იუვენტუსი 2:1 სასუოლო

გოლები: 1:0 რონალდო (50), 2:0 რონალდო (65), 2:1 ბაბაკარი (91)

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - ჟოაუ კანსელუ, ბენატია, ბონუჩი, ალექს სანდრო (80. კუადრადო) - ხედირა, ემრე ჯანი (71. ბენტანკური), მატუიდი - დიბალა, რონალდო, მანჯუკიჩი (61. დუგლას კოშტა).

სასუოლო (4-3-3): კონსილი - ლიროლა, ფერარი, მარლონი, როჟერიო (72. დელორკო) - დანკანი, ლოკატელი (83. ბაბაკარი), ბურაბია - ბერარდი, კ. პ. ბოატენგი, ჯურიჩიჩი (61. დი ფრანჩესკო).

რონალდომ პირველი გოლი სასუოლოს მცველების დახმარებით, ცარიელ კარში გაიტანა.

15 წუთის შემდეგ, CR7-მა კონტრშეტევა უნაკლოდ დააგვირგვინა - 2:0

მსაჯის მიერ დამატებულ დროში სასუოლომ ერთი ბურთის გატანა შეძლო, მერე კი, მეტოქე ფეხბურთელის შეფურთხებისთვის დუგლას კოშტა მოედნიდან გააძევეს - ბრაზილიელს მინიმუმ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯო კიელინის არყოფნაში, იუვეს კაპიტანი სამი ხედირა გახლდათ. 4 ტურის შემდეგ იუვეს 12 ქულა აქვს და იტალიის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს. ოთხშაბათს ალეგრის გუნდს ჩემპიონთა ლიგაში, ვალენსიასთან გასვლითი მატჩი ელის, სერია A-ს მომდევნო ტურში კი ფროზინონეს ესტუმრება.

იუვენტუსისა და სასუოლოს მატჩს ლეგენდარული ანდრეა პირლო დაესწრო

კომენტარები

ბოლო ამბები