Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში მორიგი მატჩი გამართა
  • ილიას ზუროსმა თანამემამულეებს მეორედაც ვერ მოუგო
  • საბერძნეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური პირველმა გაიფორმა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩი შინ საბერძნეთის ნაკრებთან გამართა. თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ შეხვედრაში მასპინძლებმა მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთ გრანდთან ბოლომდე იბრძოლეს და საბოლოოდ ქულის სხვაობით დამარცხდნენ - 85:86 (30-17, 19-21, 15-27, 21-21).

საქართველოს ნაკრების ბერძენმა თავკაცმა ილიას ზუროსმა, რომელმაც 2017 წელს, "აკროპოლისის თასზე" ერთხელ უკვე მოახერხა თანამემამულეების დამარცხება, ეს მეორედ ვეღარ შეძლო.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მეტოქეს ასეთი სასტარტო ხუთეული დაუპირისპირა: ცინცაძე, შერმადინი, შენგელია, სანაძე, ჯენინგი.

თითქმის გავსებული სპორტის სასახლის დარბაზში მასპინძლებს სტარტი იდეალური გამოუვიდათ -დაცვაშიც კარგად მოქმედებდნენ და მაღალი სიზუსტითაც უტევდნენ. კარგად ჩაერთო თამაში გოგა ბითაძეც, რომელმაც სამნახევარ წუთში 7 ქულა მოუტანა გუნდს. მანამდე ამდენივე მიითვალა დუდა სანაძემ, 6 - გიორგი შერმადინმა და შედეგად, საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი 13-ქულიანი უპირატესობით - 30:17 მოიგო!

მეორე მეოთხედიც იმავე სცენარით წარიმართა, შუისკენ კი მასპინძელთა უპირატესობამ 17-ქულასაც მიაღწია. მაგრამ აქედან მოყოლებული, ბერძნებმა მდგომარეობის გამოსწორება მთელ მოედანზე პრესინგის, პერიმეტრიდან კი ზუსტი ტყორცნების ხარჯზე მოახერხეს და ბოლოსკენ სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანეს. ტაიმის მიწურულს მეტ ჯენინგისა და გიორგი ცინცაძის ზუსტმა სამქულიანებმა ვითარება ჩვენთვის გამოასწორა - 49:38. 

დიდი შესვენების შემდეგ ჯენინგმა 3-ქულიანით საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. შემდეგ კი ბერძნებმა ნელ-ნელა შეძლეს მოედანზე გაბატონება, ისროდნენ პრაქტიკულად უშეცდომოდ და 10-ქულიანი გაქცევის შედეგად, მესამე მეოთხედის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ანგარიშში პირველად წინაც გავიდნენ. 64:65 - ეწერა ტაბლოზე ბოლო მეოთხედის წინ. 

დარბაზში ტემპერატურამ პიკს მიაღწია. ბოლო ათწუთეულში თამაში ქულა-ქულაში წარიმართა. ბერძნებს სროლა არ წაუვიდათ, მასპინძლებმა კი ამით ისარგებლეს და თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ანგარიშში წინ გასვლა მოახერხეს. იყო 7-ქულიანი გაქცევაც და 6-ქულიანი უპირატესობაც, მაგრამ ეს ყველაფერი ბოლო წუთნახევარში გავფლანგეთ და ზედ ბოლო წამზე, კონსტანტინე პაპანიკოლაუს მიერ ჩაგდებული 2-ქულიანით დავმარცხდით -  85:86.

ამ გამარჯვებით საბერძნეთის ნაკრებმა ჩინეთში 2019 წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური პირველმა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი გუნდის კაპიტანი იყო - თორნიკე შენგელიამ 24 ქულა ჩააგდო, რასაც 14 მოხსნა და 3 პასიც დაუმატა. 17 ქულა და 5-5 მოხსნა-პასი მიითვალა მეტ ჯენინგმა, ხოლო გოგა ბითაძემ 15 ქულა და 5 მოხსნა. 11 ქულა იყო გიორგი შერმადინის ანგარიშზე, 8 ქულა ჩააგდო დუდა სანაძემ, ხოლო გიორგი ცინცაძემ - 7, რასაც 7 პასი და 5 მოხსნაც მიუმატა.

მოედანზე საუკეთესო კი ნიკ კალატესი იყო, რომელმაც 31 ქულა ჩაგვიგდო. სტუმართა რიგებში 15 ქულა მიითვალა კონსტანტინოს პაპანიკოლაუმ, ხოლო კონსტანტინოს სლოუკასი თავის ნაკრებს 14 ქულით, 8-8 მოხსნითა და პასით დაეხმარა.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე 6-გუნდიან, L ჯგუფში ასპარეზობს, სადაც მისი მეტოქეები გერმანიის, საბერძნეთის, სერბეთის, ისრაელისა და ესტონეთის ნაკრებები არიან. გერმანია და სერბეთი ჩვენი მეტოქეები პირველ ეტაპზეც იყვნენ და მეორე ეტაპზე ამ გუნდებთან აღარ ვითამაშებთ.

პლანეტის პირველობის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები იღებს, საქართველოს შანსები კი მიზერულია. დღესვე ჩვენს ჯგუფში კიდევ ორი მატჩი გაიმართა - სერბეთმა შინ ესტონეთს სძლია - 91:65, ხოლო ისრაელი სტუმრად გერმანიაში დამარცხდა - 98:112. L ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს გერმანია-საბერძნეთი 16-16 ქულით იყოფენ, 13 ქულა აქვს მესამეადგილოსან სერბეთს. მეოთხე ადგილზე რჩება საქართველო 11 ქულით. ამდენივე ქულა აქვს მასთან დამარცხებულ ისრაელსაც, ხოლო ბოლო ადგილზე ესტონეთია - 10 ქულით.

ილიას ზუროსის გუნდმა მეორე ჯგუფურ ტურნირში გამოსვლა სტუმრად თელ ავივში, ისრაელის ნაკრებთან გამარჯვებით (85:80) დაიწყო. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელები სტუმრად ესტონეთის წინააღმდეგ, 30 ნოემბერს გამართავენ, 3 დეკემბერს კი თბილისში ისრაელს მიიღებენ. ჯგუფში ბოლო ორ მატჩს ზუროსის გუნდი მომავალ წელს ჩაატარებს - 21 თებერვალს საბერძნეთს ესტუმრება, 24 თებერვალს კი ესტონეთს უმასპინძლებს.   

კომენტარები

ბოლო ამბები