Thumbnail

ტალანტები აღარ არიან, ტალანტები! - გულახდილი ინტერვიუ ჯიჯი ბუფონთან

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ჯანლუიჯი ბუფონს დიდი ფეხბურთი არ ეთმობა. ლეგენდარული იტალიელი მეკარე ბოლო დროს ხშირად ამბობს, რომ შესაძლოა, ზაფხულში კარიერა არ დაასრულოს. ჯიჯის ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ მას მერე, რაც იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა, არაერთხელ განაცხადა, რომ შეიძლება დიდი ფეხბურთიდან წასვლა გადაიფიქროს. ბუფონმა ამას წინათ ისიც კი თქვა, რომ იტალიის ნაკრებში დაბრუნებასაც არ გამორიცხავს. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ბუფონს გერმანულმა ჟურნალმა “შპიგელმა” ჩამოართვა.

SPIEGEL: სინიორ ბუფონ, როცა იტალიის ნაკრებმა შვედეთი ვერ დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩა, ოფიციალურად განაცხადეთ, რომ თქვენი სანაკრებო კარიერა დასრულდა. თუმცა, მოგვიანებით აღნიშნეთ, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე თამაშს არ გამორიცხავთ. გაგვარკვიეთ, რას აპირებთ?

80 წლისაც რომ ვიყო და იუვენტუსს ან იტალიის ნაკრებს მეკარის რანგში დავჭირდე, ცოტას წავივარჯიშებ და კარში ჩავდგები!

ბუფონი: სიმართლე გითხრათ, უკვე აღარ ვიცი, ამ კითხვას როგორ ვუპასუხო. მოკლედ, მე ვარ ჯარისკაცი და ჩემს კლუბს და ჩემს ქვეყანას ვემსახურები. ჩემთვის ჩემი კლუბი და ჩემი ქვეყანა ყოველთვის პირად ინტერესებზე მაღლა იდგა. დიდი ალბათობით ფეხბურთს შევეშვები, მაგრამ ჩემი კლუბის და ჩემი ქვეყნის სამსახურში დავრჩები. 80 წლისაც რომ ვიყო და იუვენტუსს ან იტალიის ნაკრებს მეკარის რანგში დავჭირდე, ცოტას წავივარჯიშებ და კარში ჩავდგები.

SPIEGEL: “სკუადრა აძურას” მომდევნო მატჩი მარტში უწევს და მანამდე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.

ბუფონი: უკვე ვთქვი, რაც უნდა მეთქვა. იანვრის ბოლოს 40 წლის ვხდები. ეს ისეთი ასაკია, რომ უკვე დროა, სხვასაც მივცე დრო და შანსი. ყველაზე კარგად მე ვიცი, რომ ჩემი დარჩენით სხვებს ვუშლი ხელს, ეს კი არ მინდა. ახალგაზრდა მეკარეებს პატივი უნდა ვცე. მორჩა.

1998 წელი: ჯანლუკა პალიუკა, ანჯელო პერუცი და ახალგაზრდა ჯანლუიჯი ბუფონი

SPIEGEL: იტალიის და გერმანიის ნაკრები გუნდების დაპირისპირებას უდიდესი ისტორია აქვს. მოდით, გაიხსენეთ ერთი მომენტი: 2006 წლის მუნდიალი, ნახევარფინალი, საფინალო სასტვენამდე 9 წუთია დარჩენილი და ერთი გერმანელი თქვენსკენ ბურთით მორბის…

ბუფონი: დიახ, იმ მომენტს რა დამავიწყებს. პოდოლსკი იყო.

SPIEGEL: თქვენ მისი დარტყმა მოიგერიეთ. მერე იტალიამ გერმანიას ორი გოლი გაუტანა. იყო თუ არა ეს გადამწყვეტი მატჩი მსოფლიოს ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე?

ბუფონი: ასეთ თამაშებში ყველა მომენტი გადამწყვეტია. ძალიან თანაბარი თამაში იყო, რომლის ბედი ბოლოს წვრილმანებმა გადაწყვიტა. იტალიის ნაკრებმა მაშინ, განსაკუთრებით ბოლო წუთებში, ძალიან თამამად ითამაშა. ჩვენმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ უაღრესად ჭკვიანური შეცვლები გააკეთა. იმ თამაშის მოგება აუცილებლად გვინდოდა. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ოდნავ უფრო მეტად გაგვიმართლა, ვიდრე გერმანიის ნაკრებს.

SPIEGEL: 2006 წლის მერე კიდევ იყო დრამატული მატჩები. მაგალითად, იტალიის მოგება (2:1) ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე, ბალოტელის დუბლით. მერე იყო გერმანიის გამარჯვება ევრო 2016-ზე, პენალტების სერიაში. რატომ გამოდის გერმანიის და იტალიის დუელები ასეთი განსაკუთრებული?

ბუფონი: ჩვენ ერთმანეთთან ისტორია და გეოგრაფია გვაკავშირებს. როცა გერმანია იტალიას ხვდება, ერთმანეთს ორი უდიდესი საფეხბურთო ქვეყანა უპირისპირდება. ეს არის ისტორიული დუელი, რომელიც ყოველთვის უფრო მეტი იქნება, ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო მატჩი.

იტალიელი ფეხბურთელის დნმ არ იცვლება - ჩვენ ისევ შეგვიძლია ბრძოლა და დიდი ვნებით თამაში. უბრალოდ, ტალანტი დაგვაკლდა. და როცა ტალანტები გაკლია, მხოლოდ ბრძოლის ჟინი და ტაქტიკური განსწავლულობა საკმარისი აღარ არის.

SPIEGEL: გარი ლინეკერს ნათქვამი აქვს, საფეხბურთო მატჩი 90 წუთი გრძელდება, მაგრამ ბოლოს ყოველთვის გერმანელები იგებენო. ეს ფრაზა შეიძლება იტალიაზეც ითქვას - ბოლოს სულ თქვენ იგებთ ხოლმე, ყოველ შემთხვევაში, გერმანიასთან. თუმცა 2016 წელს გერმანიას ვეღარ მოუგეთ. რატომ? და კიდევ უფრო უარესი: როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ისე, რომ იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა?

ბუფონი: აქამდე ყოველთვის ასე იყო - წარმატებას წარუმატებლობა მოყვება ხოლმე და პირიქით. 2010 წლის მუნდიალზე საშინლად ვითამაშეთ. მერე, 2012-ში უკვე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავედით. 2014 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ისევ დიდი სირცხვილი ვჭამეთ და ჯგუფში ჩავრჩით. მერე კი, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ისევ კარგად ვითამაშეთ და გერმანიასთან მხოლოდ პენალტების სერიაში წავაგეთ. იტალიელი ფეხბურთელის დნმ არ იცვლება - ჩვენ ისევ შეგვიძლია ბრძოლა და დიდი ვნებით თამაში. უბრალოდ, ტალანტი დაგვაკლდა. და როცა ტალანტები გაკლია, მხოლოდ ბრძოლის ჟინი და ტაქტიკური განსწავლულობა საკმარისი აღარ არის.

SPIEGEL: ჰო, აღარ გყავთ ბაჯო, დელ პიერო, ტოტი, პირლო...

ბუფონი: დაახლოებით 10 წლის წინ ასეთი შესანიშნავი ფეხბურთელები ჯერ კიდევ გვყავდა. სამწუხაროდ, ის დრო წარსულს ჩაბარდა. რთული პერიოდი გვაქვს. 1997 წელს, როცა იტალიის ნაკრებში პირველად გამოვჩნდი, მწვრთნელსა და ფეხბურთელებს ერთმანეთში ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ, როგორიც ქარხნის დირექტორს და მუშებს აქვთ ხოლმე. მას მერე ბევრ დრო გავიდა და ყველაფერი შეიცვალა. მგონია, რომ ეს კარგია.

2006 წელი: იტალიელების ზეიმი

SPIEGEL: ბოლო დროს ხშირად ვხედავთ თქვენს ცრემლებს. მაგალითად, ევრო 2016-ზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, შვედეთთან მატჩის შემდეგ… ხომ არ ნანობთ, კარიერა უფრო ადრე რომ არ დაასრულეთ?

ბუფონი: ოდნავადაც არ ვნანობ! თითქმის 40 წლის ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ. მიხარია, რომ ჩემზე ყველა მხოლოდ კარგს ამბობს.

მინდა, ჩერჩილის სიტყვები გაგახსენოთ: მან თქვა, იტალიელები ომში ისე იქცევიან, თითქოს ეს უბრალოდ საფეხბურთო მატჩი იყოს, ფეხბურთს კი ისე თამაშობენ, თითქოს ომში არიანო.

SPIEGEL: რამდენად მნიშვნელოვანი იყო პირადად თქვენთვის ის ფაქტი, რომ მეექვსე მუნდიალზე უნდა გეთამაშათ და აბსოლუტურ რეკორდს ამყარებდით, თვით ლოთარ მათეუსსაც კი აჯობებდით?

ბუფონი: ეს იქნებოდა რეკორდი, რომელიც ძალიან გამახარებდა. ამით ჩემი კარიერა მართლაც იდეალურად დასრულდებოდა. მაგრამ ამაზე დიდი ტკივილი ის არის, რომ იტალია, მსოფლიოში ერთ-ერთი უიდესი საფეხბურთო ქვეყანა, სადაც სპორტის ეს სახეობა სიგიჟემდე უყვართ, მუნდიალის გარეშე რჩება. ეს უფრო დიდი ტკივილია, ვიდრე ჩემი რეკორდით გამოწვეული სიხარული იქნებოდა…

მინდა, ჩერჩილის სიტყვები გაგახსენოთ: მან თქვა, იტალიელები ომში ისე იქცევიან, თითქოს ეს უბრალოდ საფეხბურთო მატჩი იყოს, ფეხბურთს კი ისე თამაშობენ, თითქოს ომში არიანო. ეს შესანიშნავი სიტყვებია და ზუსტად გამოხატავს იტალიელი ფეხბურთელის მატჩისადმი მიდგომას. არ დამავიწყდება, რა დღეში ვიყავი ბავშვობაში, როცა მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატი იწყებოდა. დიდი სანაკრებო ტურნირების დროს, იტალიაში ყველა ერთიანდება - ნეაპოლელები, ინტერისტები და იუვენტინოები უცებ მეგობრები ხდებიან ხოლმე.

მინდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დროს სადმე გადავიკარგო და არსად გამოვჩნდე!

SPIEGEL: ამბობენ, ფეხბურთი ერთადერთია, რაც ჩრდილოეთ და სამხრეთ იტალიელებს აერთიანებსო...

ბუფონი: ჰო, ეს მეც გამიგია. ამიტომაც ვინანებ შვედეთთან წარუმატებლობას ცხოვრების ბოლომდე. ჩვენ იტალიელ ბავშვებს წავართვით იმის შესაძლებლობა, რომ ზაფხულში ფეხბურთით ეცხოვრათ. თუმცა ჯერ მაინც ვერ ვგრძნობთ, რა დავაშავეთ. აი, ზაფხული რომ მოვა და მუნდიალი დაიწყება, მაშინ მივხვდებით, რა გავაფუჭეთ. მინდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დროს სადმე გადავიკარგო და არსად გამოვჩნდე. თავს მხოლოდ მაშინ გამოვყოფ, როცა მუნდიალის ფინალი დასრულდება.

SPIEGEL: “ჯიჯი ბუფონი - ქვეყნის სიამაყე” - აი, ასეთი წარწერა იყო რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სტადიონზე გამოფენილ ბანერზე…

ბუფონი: ასეთი რაღაცები ძალიან მეამაყება. იმიტომ, რომ ეს ჩემს მიერ განვლილი გზის დაფასებაა. ჩემთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ვყოფილიყავი არა მარტო კარგი ფეხბურთელი, არამედ კარგი ადამიანიც. ხალხი არაფერს გაჩუქებს, ცხოვრება არაფერს მოგართმევს ლანგრით - ადამიანები ასეთ სიტყვებს ჰაერზე არ ისვრიან.

SPIEGEL: მილანში, “სან სიროზე” შვედეთის ჰიმნს უსტვინეს. თქვენ პირველი იყავით, ვინც ტაშის დაკვრა დაიწყო და სტვენის გადაფარვას შეეცადა. რატომ ხდება ასეთი რამ იტალიაში?

ბუფონი: ჰიმნი… ყველა ქვეყანამ დაწერა საკუთარი ისტორია - ბრძოლებით, ომებით, სისხლით. ქვეყნის ჰიმნს პატივი უნდა სცე! მე მგონია, რომ ჩვენ, იტალიელები, ერთმანეთსაც კი არ ვცემთ პატივს ისე, როგორც საჭიროა. ეს რომ შეგვეძლოს, გაცილებით მეტს მივაღწევდით. გაცილებით უკეთესი ქვეყანა და ერი ვიქნებოდით. სინამდვილეში, საკმაოდ ხალისიანი, კაცთმოყვარე და სტუმართმოყვარე ერი ვართ. ამიტომაც მწყდება ხოლმე გული, როცა ვხედავ, რომ სხვა ქვეყნის ჰიმნს უსტვენენ. ეს უდიდესი უკულტურობაა! არც მე ვარ უფრთო ანგელოზი - ბავშვობაში მეც ვიდექი ტიფოზებთან ერთად ერთად და მეც მიმღერია მოწინააღმდეგის შეურაცხმყოფელი სიმღერები. ასე რომ, კარგად ვიცი, რაზეც ვლაპარაკობ.

ყველა ქვეყანამ დაწერა საკუთარი ისტორია - ბრძოლებით, ომებით, სისხლით. ქვეყნის ჰიმნს პატივი უნდა სცე!

SPIEGEL: ალბერ კამიუ თქვა, ყველაფერი, რაც მორალის და ვალდებულებების შესახებ ვიცი, ფეხბურთმა მასწავლაო…

ბუფონი: ფეხბურთმა წარმოუდგენლად ბევრი რამ მასწავლა. ფეხბურთი ყველა დროის საუკეთესო თამაშია და ყოველთვის ასე იქნება.

ჯიჯი ბუფონი საფეხბურთო სამყარომ პარმადან გაიცნო

SPIEGEL: გერმანიაში გყავთ ფავორიტი გუნდი?

ბუფონი: მახსოვს, ბავშვობაში ბუნდესლიგაში მიონხენგლადბახის ბორუსიას ვქომაგობდი. იუვენტუსი გლადბახს ორი წლის წინ შეხვდა. მიონხენგლადბახელმა ფანებმა არ იცოდნენ, რომ გერმანიაში ყველაზე მეტად მათი გუდი მიყვარს და როცა მათთან მივედი და კაშნე ვთხოვე, მიმითითეს, აქედან დაიკარგეო. მეც წავედი, მაგრამ მერე გასახდელში ფან-კლუბის უფროსი შემოვიდა, ბოდიში მომიხადა და გლადბახის კაშნე მაჩუქა. არ მწყენია, რადგან ვიცოდი, რომ მათ არ იცოდნენ…

SPIEGEL: 175 მატჩი ნაკრებში და ათასზე მეტი მატჩი საერთო ჯამში - მიუხედავად იმისა, რომ 40 წლის ხდებით, ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში ხართ. როგორ ახერხებთ ამას?

ბუფონი: ამას იმით ვარხერხებ, რომ ყოველთვის ამაზე ვფიქრობ. უბრალოდ, ნამდვილი პროფესიონალივით უნდა იცხოვრო.

SPIEGEL: წითელი ღვინის რეკლამაში გადაგიღეს...

ბუფონი: ყველაფერი დასაშვებია, ოღონდ ნორმის ფარგლებში. ღვინოსაც სიამოვნებით ვსვამ და ხანდახან სიგარასაც ვაბოლებ ხოლმე. კვირაში ორჯერ, ორ-ორი ჭიქა წითელი ღვინო პრობლემა არ არის. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მეორე დღეს ნახევარი საათით მეტი უნდა ივარჯიშო. ეს არის და ეს.

SPIEGEL: რა არის იუვენტუსის წარმატების საიდუმლო?

ბუფონი: იუვენტუსს აქვს ღირებულებები, რომლებიც თაობებს გადაეცემა. მთავარი მამოძრავებელი ძალა მფლობელები არიან - ანიელების ოჯახი.

SPIEGEL: ანუ, მაგალითად სამი ხედირა გადმოდის იუვეში და მეორე დღეს უკვე იუვებტუსის გენები გადაეცემა?

ბუფონი: მთლად ასე არ არის. იუვენტუსში პირველი თვეები ძალიან რთულია ხოლმე. კარგად მახსოვს 2001 წელი, როცა ტურინში პარმადან გადავედი. პირველ თვეებში მეგონა, რომ სხვა სამყაროში მოვხვდი. მინდოდა, გამეგო, მე ვიყავი უცხო პლანეტელი, თუ ეს გუნდი. იუვენტუსში ყველაფერი განსაკუთრებულია - საქმისადმი მიდგობა, ვარჯიში, ფანები, ქალაქი. იუვეს არასდროს გადაუხდია ფეხბურთელებში ისეთი ასტრონომიული თანხები, როგორც რეალი და ბარსელონა იხდიან ხოლმე. და მიუხედავად ამისა, იუვე ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას.

SPIEGEL: ზინედინ ზიდანზე რას გვეტყვით? 20 წელზე მეტია, იცნობთ…

ბუფონი: ჩვენ ერთმანეთს უდიდეს პატივს ვცემთ. რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს 2006 წლის მუნდიალის ფინალში მომხდარი ფაქტი. ზიდანმა მატერაცის თავი რომ ჩაარტყა, ეს იმდენად დიდი შოკი იყო, რომ მეც კი ვერ შევძლებდი ამაზე თვალის დახუჭვას. მაგრამ ცხოვრებაში ასეთი რამ ყველას ემართება - მინიმუმ ერთხელ. ზიდანი ძალიან კარგი ადამიანია.

2006 წლის მუნდიალის ფინალი: ბუფონი და ზიდანი

SPIEGEL: მატერაცისთვის არასდროს გიკითხავთ, რა უთხრა ზიდანს?

ბუფონი: არა. იმიტომ, რომ არ მაინტერესებს. 

SPIEGEL: კიდევ რა მიზნები გაქვთ?

ბუფონი: იუვენტუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა.

SPIEGEL: მსოფლიოს ჩემპიონატზე რა პროგნოზს გააკეთებთ?

ბუფონი: მე მუნდიალის დროს სადღაც ვიქნები გადაკარგული, მსოფლიოს ჩემპიონატს კი საუკეთესო გუნდი მოიგებს. ალბათ მაინც ვერ შევძლებ იმას, რომ ფინალს არ ვუყურო. მუნდიალის საგზურის დაკარგვა ჩემთვის უდიდესი ტკივილია. ეს არის ჭრილობა, რომელსაც ვერასდროს მოვიშუშებ.

ჯიჯი ბუფონს ჩემპიონთა ლიგის სამი ფინალი აქვს წაგებული - მილანთან, ბარსასთან და რეალთან

 

კომენტარები

ბოლო ამბები