Thumbnail
  • ლა ლიგამ ამ სეზონში კლუბებისთვის სახელფასო ჭერი დააწესა
  • ყველაზე მეტს ბარსელონა იხდის, ყველაზე ცოტას - რონალდოს ვალიადოლიდი

ლა ლიგამ 20-ვე მონაწილე კლუბის სახელფასო ბიუჯეტების ლიმიტები გამოაქვეყნა ამ სეზონისთვის. ბარსელონას ამ სეზონში ყველაზე მეტის დახარჯვა შეუძლია, 66.5 მილიონით მეტის, ვიდრე "სამეფო კლუბს". ყველაზე დაბალი ბიუჯეტი ესპანური ელიტის კლუბებიდან ვალიადოლიდს აქვს, რომელიც ახლახან ბრაზილიელმა რონალდომ შეიძინა.

ამ ორ კლუბს შორის უზარმაზარი სხვაობაა - თუ კატალონიელებს ამ სეზონში ხელფასებში ჯამში 632.9 მილიონი ევროს დახარჯვა შეუძლიათ, ვალიადოლიდს მხოლოდ 23.8 მილიონის გაცემის საშუალება აქვს. 

ბარსას საშუალო ფეხბურთელი ვალიადოლიდისაზე თითქმის 28-ჯერ მეტ ხელფასს იღებს!
შარშანდელთან შედარებით ლიმიტები გაიზარდა - ბარსა 24%-ით მეტს გადაიხდის, ხოლო რეალი - 13.4%-ით. ატლეტიკოში ხელფასების ზრდა 23.3%-ია, მაგრამ ფავორიტებში ყველაზე მეტად ხელფასებმა ვალენსიაში იმატა - 45.4%-ით, რაც ამ კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლით არის განპირობებული. სამაგიეროდ, სევილიასთვის სახელფასო ზრდამ მხოლოდ 1.9% შეადგინა. ერთადერთი კლუბი, სადაც ხელფასები შემცირდა ესპანიოლია - 6.9%-ით. 

უზარმაზარი მატება აქვთ რაიო ვალეკანოს (302%), უესკას (452%) და ვალიადოლიდს (290%), რაც ამ კლუბების ელიტაში გადმოსვლით არის განპირობებული. 

ხელფასები ლა ლიგა 2-ში

გიორგი პაპუნაშვილის სარაგოსას სახელფასო ბიუჯეტი 6.3 მილიონი ევროა

ლა ლიგა 2-ში ყველაზე დიდი ხელფასები მალაგაშია, სადაც სეზონის ლიმიტი 25.2 მილიონი ევროა. მალაგა ერთადერთი კლუბია, რომელიც ლა ლიგის ერთ კლუბს მაინც უსწრებს სახელფასო ფონდით - ვალიადოლიდს. მეორე და მესამე ადგილებზე ლას პალმასი (19) და დეპორტივო (18) არიან. 
ვნახოთ, როგორი ვითარებაა ქართველი ლეგიონერების კლუბებში - გიორგი პაპუნაშვილის სარაგოსაში ეს მაჩვენებელი 6.3 მილიონი ევროა. გიორგი აბურჯანიას ლუგოში - 5.1 მილიონი ევრო, ლადო მოხევიშვილის ალბასეტეში ცოტათი მეტია - 6.6 მილიონი ევრო. ოთარ კაკაბაძე გადავიდა ხიმნასტიკიდან, ამ კატალონიურ კლუბში სახელფასო ლიმიტი 5.2 მილიონი ევროა. 
ლა ლიგა 2-ში ყველაზე ნაკლებს იხდის რეუსი - 3.1 მილიონ ევროს. ეს ბარსელონას სახელფასო ფონდზე 205-ჯერ მეტია!

რას ნიშნავს სახელფასო ჭერი

რას ნიშნავს სახელფასო ლიმიტი? ეს არის თანხა სრულად, რომელიც შეუძლია კლუბს სეზონში თავისი მთავარი გუნდის ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ხელფასებზე დახარჯოს. ხელფასებში შედის ყველაფერი - ჰონორარები, ბონუსები, ფეხბურთელის კონტრაქტით გათვალისწინებული სხვადასხვა გადასახდელი თანხები, საკომისიოები აგენტებისთვის და სხვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლა ლიგის კლუბი არ არის ვალდებული თავის ლიმიტს მიაღწიოს, ის ვალდებულია მხოლოდ არ გადააჭარბოს ამ ლიმიტს.

სახელფასო ჭერი ლა ლიგის კლუბებისთვის

1. ბარსელონა - € 633 მილიონი

2. რეალი - 567 მილიონი

3. ატლეტიკო - 293 მილიონი

4. ვალენსია - 165 მილიონი

5. სევილია - 163 მილიონი

6. ვილიარეალი - 109 მილიონი

7. ბეტისი - 97 მილიონი

8. ბილბაო - 88 მილიონი

9. სოსიედადი - 81 მილიონი

10. ესპანიოლი - 57 მილიონი

11. ლეგანესი - 53 მილიონი

12. ლევანტე - 52 მილიონი

13. სელტა - 51 მილიონი

14. ეიბარი - 41 მილიონი

15. ხეტაფე - 39 მილიონი

16. ალავესი - 39 მილიონი

17. ჟირონა - 37 მილიონი

18. ვალეკანო - 33 მილიონი

19. უესკა - 29 მილიონი

20. ვალიადოლიდი - 24 მილიონი.

კომენტარები

ბოლო ამბები