Thumbnail

ზაზა ფაჩულიას სამი ამოცანა ახალი სეზონისთვის: სროლები, პასები, ჯანმრთელობა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ფაჩულიამ საშუალო სროლების სტაბილურობა უნდა შეინარჩუნოს...
  • ...ასისტენტური ეფექტურობა გაზარდოს...
  • ...და გაუფრთხილდეს თავის ჯანმრთელობას

პოპულარულ ამერიკულ საკალათბურთო ვებ-რესურს HoopsHabit-ზე გამოაქვეყნდა ბლოგერ გეიჯ ბრიჯფორდის მოზრდილი ანალიტიკური წერილი, რომელიც ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიას მიეძღვნა. ამერიკელი ბლოგერი საუბრობს იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს ფაჩულია თავის ახალ გუნდს - დეტროიტ პისტონსს, რა დეტალებს უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება ქართველმა ცენტრმა, რომელიც NBA-ში თავისი მე-16 სეზონისთვის ემზადება.

“მიუხედავად იმისა, რომ NBA გუნდების შემადგენლობების რაოდენობრივად შემცირებისკენ მიდის, დეტროიტი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს. ზაფხულში პისტონსმა გოლდენ სტეიტ უორიორზის ყოფილი ცენტრი ზაზა ფაჩულია დაიმატა. მიზანი - შემადგენლობაში დამატებითი სიღრმეების შექმნა.

რასაკვირველია, ანდრე დრამონდი უდავო ვარსკვლავია ცენტრის პოზიციაზე, მაგრამ ფაჩულიას შეუძლია გუნდისთვის იმის მოტანა, რასაც დრამონდი ვერ ახერხებს. მას შეტევებისას ერთგვარი მეორე პლეიმეიკერის როლის მორგება შეუძლია.

გარდა შეტევაში ასეთი სარგებლიანობისა, მას უშუალოდ ცენტრის ფუნქციების შესრულებაც ეხერხება, ანუ, დეტროიტელთა ჩანაფიქრით, დრამონდს ამოსუნთქვის საშუალება, სწორედ ზაზამ უნდა შეუქმნას. დრამონდი დღემდე ყველაფერს აკეთებდა მძიმე ტრავმების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ამ ლიგაში არაფერია გამორიცხული. მართალია, ფაჩულია დრამონდის დონეზე ვერ თამაშობს, მაგრამ ასაკის მიუხედავად, ამ პოზიციაზე კვლავაც ღირსეული ფიგურაა. 2018-19 წლების სეზონში არავის ექნება ფაჩულიას განვითარებისა და უფრო მაღალ დონეზე ასვლის მოლოდინი, რადგან ეს სეზონი მისთვის მე-16 იქნება NBA-ში, მაგრამ ის კვლავაც მნიშვნელოვანი კალათბურთელია.

დეტროიტის თავკაცი დუეინ ქეისი ეცდება, თავისი ახალგაზრდა ტალანტების განვითარებას შეუწყოს ხელი და პარალელურად აღმოსავლეთ კონფერენციაში პისტონსს კონკურენტუნარიანობა შეუნარჩუნოს. ფაჩულია გამარჯვეულთა ბანაკიდან მოვიდა, გოლდენ სტეიტიდან, და მართალია, ის არ ყოფილა გასულ სეზონში ჩემპიონობაში ყველაზე დიდი წვლილის შემტანი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, მან იცის, რაა საჭირო გამარჯვებისთვის. ფაჩულია, ქეისი და ხოსე კალდერონი აქ იმისთვის არიან, რათა მოტორ-სიტი (დეტროიტის თიკუნი - ქ.რ.) დაბრუნდეს კონკურენციაში და ფაჩულიას ამ კუთხით რამდენიმე ამოცანა ექნება შესასრულებელი.

3. საშუალო სროლების სტაბილურობის შენარჩუნება

გასულ სეზონში ფაჩულია 10-16 ფუტიდან (3,0-4,8 მ - ქ.რ.) ბურთს მეტოქის კალათში 50%-ზე მაღალი სიზუსტით აგდებდა. თავისი ხანგრძლივი კარიერის უდიდესი ნაწილი ეს კალათბურთელი საშუალო დისტანციიდან თითქმის ყოველთვის საშუალოზე მაღალი სიზუსტით ისროდა. ეს დეტალი ძლიერ წაადგება დეტროიტს, რადგან დრამონდი სტაბილური საშუალო სროლით ვერ დაიკვეხნის, ის უფრო ფარქვეშ მეფობს. თუმცა, ისიც სიურპრიზი იქნება, თუ ფაჩულიას დიდი სათამაშო დრო მიეცემა. შემადგენლობების სხვადასხვა ვარიანტებში მას ექნება გარკვეული დრო, მაგრამ რეჯი ჯექსონსა და ბლეიკ გრიფინზე მეტს არ უნდა ველოდოთ.

გასულ სეზონში ფაჩულიამ ხსენებული დისტანციიდან მხოლოდ 27-ჯერ ისროლა. თუმცა, 2014-15 წლების სეზონში, როცა მილუოკი ბაქსში იყო, 166 სროლა შეასრულა ამ დიაპაზონიდან. ფაჩულიაs ამ სროლების 50%-მა მიზანს უწია.

საშუალო სროლების რაოდენობა არც ახალ სეზონში ექნება მაღალი, მაგრამ მას სავსებით შეუძლია, პისტონსs თავისი ჩვეული პროცენტი სკამიდან შესვლისასაც მოუტანოს. ფაჩულია მაღალი და ჭკვიანია, ეს ეხმარება, ახლო და საშუალო დისტანციიდან წარმატებით ისროლოს.

საშუალო დისტანციიდან სროლა - ეს NBA-ში მივიწყებული ხელოვნებაა. მაღლები პერიმეტრისკენ მიილტვიან, მათ შორის დრამონდიც, ვინც მთელი ზაფხული 3-ქულიანების დახვეწაზე იკლავდა თავს. ამ ასაკში ფაჩულია არ დაიწყებს შორიდან სროლის სწავლას, მაგრამ საშუალო დიაპაზონში მისი შედეგიანობა უნდა გაგრძელდეს. ფაჩულია სოლიდური ვეტერანია და საშუალო რადიუსიდან მისი ეფექტურობა იქნება ის ნანატრი ნიუანსი, რომელიც დეტროიტის შემტევი არსენალის მრავალფეროვნებას აქამდე ასე აკლდა.

2. თავისი ასისტენტური ეფექტურობის გაზრდა

ცენტრის პოზიციიდან პასების დარიგება ფასდაუდებელი ხელოვნებაა. მხოლოდ რამდენიმე ცენტრსა და მძიმე ფორვარდს ეხერხენა გაქცეულისთვის მწვავე პასის მიცემა ან მსროლელის პერიმეტრზე კარგ პოზიციაზე გაყვანა. მთელი კარიერის განმავლობაში ფაჩულია თანდათან აუმჯობესებდა შედეგიანი გადაცემების სტატისტიკას. გასულ სეზონში ის 36 წუთში 4 ხეირიან პასს გასცემდა. გასათვალისწინებელია, რომ იმ სეზონში მას საშუალოდ 14,1 წუთით უშვებდნენ პარკეტზე და დეტროიტში ეს მაჩვენებელი წესით უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, ფაჩულიამ თავისი პასების რაოდენობაც უნდა გაზარდოს.

მას მოუწევს სხვა სტილთან შეგუება - როცა გუნდში უფრო მეტი “კატერია” (მოთამაშე, რომელიც ფარისკენ უბურთოდ იჭრება და მწვავე გადაცემას ელის), ვიდრე მსროლელი. დღეს პისტონსში ნამდვილად არაა სნაიპერების ის რაოდენობა, რომელიც “მეომრებშია”. ისეთმა მოთამაშეებმა, როგორების სტენლი ჯონსონი, გლენ რობინსონ III და ლენგსტონ გელოუეი არიან, იციან, როგორ უნდა ფარქვეშ უბურთოდ შესვლა. თუ ფაჩულიას თავი აწეული აქვს, მას ყოველთვის შეუძლია პასის საჭირო ადრესატის მოძებნა. გრიფინი და ფაჩულია მეტად საინტერესო წყვილს შეადგენენ - მაღლები, ვისაც სხვებისთვის შეტევის ორგანიზება შეუძლიათ.

დრამონდი არასდროს გამოირჩეოდა კარგი ასისტენტობით, მაგრამ გასულ სეზონში 36 წუთში საშუალო 3,3 შედეგიან გადაცემას კი მოუყარა თავი. შეტევის ხარისხის ზრდასთან ერთად ეს მაჩვენებელიც უნდა გაიზარდოს. იგივე პრინციპი შეეხება ფაჩულიასაც. უკეთესი შეტევა შედეგიანი გადაცემის რაოდენობას მასაც გაუზრდის. უნარებისა და ეშმაკობის ხარჯზე მას ყოველთვის შეუძლია ამ როლის შესრულება, სიტუაციის განურჩევლად.

1. გაუფრთხილდეს თავის ჯანმრთელობას

ფაჩულიასთვის საბედნიეროდ, ჯანმრთელობა არასდროს ყოფილა სერიოზული პრობლემა ქართველი გოლიათისთვის. თავისი კარიერის თითოეულ რეგულარულ სეზონში მას სულ ცოტა 52 მატჩი აქვს ჩატარებული. მართალია, მისი ჯანმრთელობა არაა ელიტური დონის, მაგრამ მწვრთნელისთვის მისი ხელმისაწვდომობა თავისთავად ძალზე მნიშვნელოვანია. გასულ წლებში ფაჩულია ამას ყოველთვის ახერხებდა. არავინ ელის მას სასტარტო ხუთეულში, მაგრამ დრამონდის შემდეგ ის ერთადერთი სუფთა ცენტრი იქნება.

ალბათ, ფაჩულია ვეღარ შეძლებს 25 და მეტი წუთის თამაშს, მაგრამ ჩვეულ დონეზე 15-20 წუთი მისთვის ამ სეზონში პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ის მზად უნდა იყოს, რომ დუეინ ქეისი სასურველ მომენტში ბრძოლაში ჩართავს. ფაჩულია ალბათ ამოვარდება როტაციიდან პლეი-ოფის დროს, მაგრამ რეგულარულ სეზონში ის უაღრესად საჭირო ფიგურა იქნება. სან ანტონიო საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანმრთელი მოთამაშის ყოლა რეგულარულში, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატების იმედი გქონდეს. ფაჩულია ტრავმირებულებს შეცვლის და წლის განმავლობაში გრიფინის დატვირთვას შეამსუბუქებს.

დეტროიტის ახალი სათადარიგო ცენტრი არაა ძალიან ძლიერი ჰაერში, მაგრამ პარკეტზე მისი შესაძლებლობები ყველასთვისაა ცნობილი. ის ყოველწლიურად 60-70 მატჩს კარგ დონეზე ატარებს და წლეულსაც იგივე ორიენტირები უნდა ჰქონდეს. პისტონსს ძალიან უჭირს შემტევი კადრების მხრივ და ნებისმიერი მაღლის ტრავმა ფაჩულიას თამაშში სრულფასოვნად ჩართვას ავტომატურად გამოიწვევს. და თუ თავად ფაჩულია დაიმტვრევა, ქეისის მის დაბრუნებამდე დიდი კრეატიულობის გამოვლენა მოუწევს, რათა თავისი სათადარიგოებისთვის რამე ახალი გამოიგონოს”.

კომენტარები

ბოლო ამბები