Thumbnail

10 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის აზიური პლეი-ოფის მატჩში ტიმ კეჰილმა სირიელების წინააღმდეგ ნაკრებში თავისი საიუბილეო 50-ე გოლი გაიტანა. ავსტრალიელებმა სირია, სიდნეიში 37 წლის კეჰილის დუბლით - 2:1 დაამარცხეს და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას საერთაშორისო პლეი-ოფით განაგრძობენ.

დამატებით დროში გატანილი მეორე ბურთის შემდეგ, სოკერუსის ლეგენდამ გოლი ‘T სიმბოლოს გამოსახვით აღნიშნა. ეს ფაქტი შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა ადგილობრივი ტურისტული კომპანიის TripADeal-ის პოსტი ინსტაგრამზე, სადაც კომპანიამ აღნიშნული ჟესტის გამომხატველი ფოტო გამოქვეყნა და განმარტა, რომ ტიმ კეჰილი მათი კომპანიის ახალი სახეა. ტიმ კეჰილის ოფიციალური გვერდი პოსტს კომენტარის სახით ბურთის და თვითმფრინავის რვა ემოჯით გამოეხმაურა.

ამ გარემოებით დაინტერესდა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო, რის შედეგადაც პოსტი მალევე წაიშალა. ამჟამად კეჰილის საქმე ფიფაში განიხილება და შესაძლოა მომდევნო წელს მოედანზე ყოფნის დროს მოთამაშეთა მარკეტნგული რეგულაციების სიას, ახალი დეტალი დაემატოს, სადაც ცალკე პუნქტი ჟესტიკულაციით და უშუალოდ სხეულის საშუალებით გამოხატულ კომერციულ აქტივობებს დაეთმობა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს უეფა დანიელი ნიკლას ბენდტნერი გოლის აღნიშვნის დროს სპონსორი საცვლების კომპანიის ლოგოს გამოჩენის გამო 100.000 ევროთი დააჯარიმა.

ავსტრალია 10 და 15 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში კონკა-კაფის წარმომადგენელ ჰონდურას დაუპირისპირდება. პირველ მატჩს კეჰილის გუნდი 10 ნოემბერს გასვლაზე სან პედრო სულაში ჩაატარებს, ხოლო 15 ნოემბერს სოკერუსი ჰონდურასს სიდნეიში უმასპინძლებს.

საერთაშორისო პლეი-ოფის მეორე მატჩი სამხრეთ ამერიკის და ოკეანეთის გუნდებს შორის შედგება, სადაც ერთმანეთს 11 და 15 ნოემბერს ახალი ზელანდია და პერუ დაუპირისპირდებიან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები