Thumbnail
  • პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა მეკარეების საკითხზე ისაუბრა
  • თომას ტუხელის თქმით, ჯიჯი ბუფონის სკამზე დასმა დროებითია
  • პსჟ-ს კარს ხან არეოლა დაიცავს, ხანაც ვეტერანი იტალიელი

როცა ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერის დასრულება გადაიფიქრა და იუვენტუსიდან პარი სენ-ჟერმენში გადავიდა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ 40 წლის იტალიელი ფრანგულ გრანდში შეუცვლელი პირველი ნომერი იქნებოდა, მაგრამ პსჟ-ს გერმანელმა მწვრთნელმა ჯიჯი სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდო. 

თავიდან ვრცელდებოდა ცნობები, რომ ტუხელის ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის ნაკრების მატჩებს უკავშირდებოდა - უგო ლორისის არყოფნაში, მსოფლიოს ჩემპიონების კარში ალფონს არეოლა უნდა ჩამდგარიყო, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა სჭირდებოდა. თუმცა ჩაიარა ერთა ლიგის მატჩებმა და გაირკვა, რომ პარიზელთა კარს მომავალ შეხვედრებშიც არეოლა დაიცავს. ბუფონი, როგორც სჩვევია, მწვრთნელის გადაწყვეტილებას პოზიტიურად შეხვდა და სათადარიგოთა სკამზე ჯდომის პერსპექტივა არ გაუპროტესტებია.

სენტ ეტიენთან მატჩის წინ, ტუხელმა მეკარეების საკითხზე ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, რომ ვეტერანი იტალიელის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება დროებითია: “ისე უნდა მოვიქცეთ, ვითომ პირველი ნომერი არ გვყავს. ჩვენს გუნდში ორი შესანიშნავი მეკარეა, ორივე გვჭირდება და ორივეს უნდა მიეცეს სათამაშო დრო,” - აღნიშნა პარიზელთა გერმანელმა დამრიგებელმა.

ტუხელის ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ პსჟ-ს კარში როტაცია იქნება. სენტ ეტიენთან კარს არეოლა დაიცავს, ამის შემდეგ პარიზელებს ჩემპიონთა ლიგაში ლივერპულთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა აქვთ და გუნდის მეკარე იმ მატჩშიც არეოლა უნდა იყოს, რადგან ბუფონს, წინა სეზონის სკანდალის გამო (რეალთან საპასუხო შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს), ჩემპიონთა ლიგაში სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები