Thumbnail

"მესამე მეოთხედში ხარვეზები გვქონდა!' - მეტ ჯენინგმა სადებიუტო მატჩი შეაფასა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველის ნაკრების მწვრთნელისა და კალათბურთელების კომენტარები ისრაელთან გამარჯვების შემდეგ
  • ილიას ზუროსის გუნდი საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თელ ავივში ურთულესი მატჩი მოიგო, ზუროსის გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის პირველი შეხვედრაში ისრაელს 85:80 სძლია. ნაკრების კალათბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ისრაელთან გამართული შეხვედრა შეაფასეს.

ილიას ზუროსი: "ძალიან კარგ ნაკრებთან ვითამაშეთ. ისრაელმა ერთი კვირის წინ რუსეთს 22 ქულით მოუგო რუსეთში. განსაკუთრებით პირველ მეოთხედში ვერ ვითამაშეთ კარგად, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგანაც ჩვენ ერთად არ ვყოფილვართ და ერთ კვირაზე მეტ ხანს არ გვივარჯიშია. ეს იყო ჩვენთვის დიდი პრობლემა. მომენტებში არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა.

დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც დღეს მხარს გვიჭერდნენ. მადლობა ჩემს სამწვრთნელო შტაბს, რომლებმაც მოკლე დროში გააგებინეს მოთამაშეებს, თუ რა გვჭირდებოდა. მომდევნო მატჩი საბერძნეთთან გველის - ბერძნები ერთ-ერთი საუკეთესონი არიან ევროპაში და არამარტო ევროპაში. რთული მატჩი იქნება და ამისთვის ვემზადებით. გულშემატკივრებს ვთხოვთ, რომ მხარი დაგვიჭირონ."

გოგა ბითაძე: "უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიქომაგა. ძალიან რთული მატჩი იყო, მესამე პერიოდში მეტოქე წინ გავიდა, მაგრამ ისე ვითამაშეთ, რომ ეს მოგება დავიმსახურეთ. მაყურებელს მოვუწოდებ, რომ მოვიდეს სპორტის სასახლეში. საბერძნეთი ძალიან ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კარგი მატჩი ჩავატაროთ."

მეტ ჯენინგი: "პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით, საბოლოოდ კარგი მატჩი გამოვიდა. გვქონდა ხარვეზები მესამე მეოთხედში. ძალიან ბევრი შორეული ტყორცნა განვახორციელეთ და კარგია, რომ უმეტესობა ზუსტი აღმოჩნდა. უმნიშვნელოვანესი მოგება მოვიპოვეთ თელ ავივში და ვფიქრობ, რომ ყველა ბედნიერია."

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მომდევნო მატჩს საბერძნეთის წინააღმდეგ, სპორტის სასახლეში გამართავს. 16 სექტემბერს გასამართი მატჩი 19:00-საათზე დაიწყება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები