Thumbnail

დრამატული გამარჯვება ისრაელში - საქართველოს ნაკრებმა შანსი შეინარჩუნა!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრებმა თელ ავივში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო
  • ილიას ზუროსის გუნდმა ისრაელი 85:80 დაამარცხა
  • 📅 16 სექტემბერი ⌚ 19:00 🌍 თბილისი | საქართველო v საბერძნეთი 

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა. ილიას ზუროსის გუნდი თელ ავივში ისრაელს დაუპირისპირდა და 85:80 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

თამაშის სტარტზე საქართველოს ნაკრების უპირატესობა გამოიკვეთა. ზუროსის შეგირდები მეტწილად პერიმეტრიდან უტევდნენ მეტოქეს - 3-ქულიანებს შესანიშნავად ისროდნენ მეტ ჯენინგი, თორნიკე შენგელია და დუდა სანაძე. საქართველოს ნაკრები შედეგიანი იყო შეტევაში, თუმცა სიხისტე აკლდა დაცვაში და შედეგად, ისრაელმაც მოაგროვა ქულები. საბოლოოდ, პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 26:23 მოიგო.

მეორე მეოთხედის წინ, ილიას ზუროსმა შეგირდებს დაცვაში მეტი ყურადღება და მონდომება მოსთხოვა, რამაც შედეგი გამოიღო. საქართველოს ნაკრებმა სივრცეები შეუზღუდა მეტოქეს და კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა. შენგელიას, სანაძის და ჯენინგის ზუსტ ტყორცნებს, გიორგი შერმადინის და მერაბ ბოქოლიშვილის ქულებიც დაემატა. შედეგად, მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 23:14 მოიგო, დიდ შესვენებაზე კი ზუროსის გუნდი 12-ქულიანი უპირატესობით იგებდა, 49:37.

მესამე მეოთხედში თამაში მოულოდნელი სცენარით წარიმართა. ისრაელის ნაკრებმა თამაშზე სრული კონტროლი დააწესა და თავიდანვე 8-ქულიანი გაქცევა მოაწყო. ქართველმა კალათბურთელებმა შეცდომებს უმატეს და მეოთხედის შუაში მასპინძლები წინ გავიდნენ. ილიას ზუროსი წუთშესვენებისას ისეთი ემოციური იყო, როგორც არასდროს - საქართველოს ნაკრებმა მეოთხედი 16:31 წააგო. დასკვნითი მეოთხედის წინ, ისრაელმა 3-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, 68:65.

დასკვნითი მეოთხედი დაძაბული და დრამატული გამოდგა. თამაში ქულა ქულაში მიდიოდა, მატჩის ბედი კი ბოლო წამებზე გაირკვა. შესანიშნავი მეოთხედი ჰქონდა გოგა ბითაძეს, რომელიც ბრწყინვალე იყო როგორც საკუთარ, ისე მეტოქის ფარზე; ამასთან, არაერთი დაფარება მიითვალა აქტივში. თორნიკე შენგელიამ ჯარიმებით დატვირთა მეტოქე და გადამწყვეტ მომენტში ლიდერის ფუნქციები იტვირთა, დუდა სანაძე კი პერიმეტრიდან ისროდა ბრწყინვალედ. სულ, საქართველოს ნაკრებმა 37-დან 16 სამქულიანი ჩააგდო და სწორედ ამით მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა. საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედი 20:12 მოიგო, საბოლოოდ კი 5-ქულიანი უპირატესობით, 85:80 სძლია მეტოქეს. 

საუკეთესოები საქართველოს ნაკრებში: თორნიკე შენგელია - 22 ქულა, 9 მოხსნა; დუდა სანაძე - 17 ქულა; მეტ ჯენინგი - 15 ქულა; გოგა ბითაძე - 13 ქულა, 9 მოხსნა, 4 დაფარება; გიორგი შერმადინი - 9 ქულა, 3 მოხსნა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქეზე ორჯერ მეტი, 16 სამქულიანი (37-დან) ჩააგდო. 5-5 სამქულიანი დუდა სანაძემ და მეტ ჯენინგმა ჩააგდეს, ხოლო სამჯერ ზუსტად თორნიკე შენგელიამ ისროლა.

საქართველოს ნაკრები L ჯგუფში ასპარეზობს, სადაც 5 გუნდს უწევს კონკურენციას: ისრაელს, ესტონეთს, საბერძნეთს, სერბეთს და გერმანიას. თუმცა, ბოლო ორ გუნდთან საქართველოს ნაკრებს აღარ მოუწევს თამაში, რადგან პირველ ეტაპზე ეს დუელები უკვე შედგა. გუნდებს ქულებიც გადმოყვათ და შესაბამისად, მეორე ეტაპს უთანასწორო კონკურენციაში ხვდებიან. საქართველოს ნაკრებს 10 ქულა აქვს და 6-გუნდიან ჯგუფში მე-4 ადგილზე აინაცვლა. ლიდერები გერმანია და საბერძნეთი არიან 14-14 ქულით, მესამე ადგილზე კი სერბეთია 11 ქულით.

 

კომენტარები

ბოლო ამბები