Thumbnail

ჰაქან შუქურს ვეღარ ცნობენ - თურქული ფეხბურთის ლეგენდა კაფეში მუშაობს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თურქეთის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი ამერიკაში, მოკრძალებულად ცხოვრობს
  • ჰაქან შუქური სამშობლოში ვერ ბრუნდება და კალიფორნიაში კაფეში მუშაობს
  • ნიუ იორკ თაიმსმა თურქ ფეხბურთელს ვრცელი სტატია მიუძღვნა

პალო ალტო, კალიფორნია - მომხმარებლების უმეტესობა მას ვერ ცნობს. კარგად ჩაცმული მამაკაცი მაგიდებს შორის დადის, გამოყენებულ ჭურჭელსა და დატოვებულ საკვებს ალაგებს.

ჰაქან შუქურის კაფე კალიფორნიაში.

კაფეში უამრავი ადამიანი შემოდის. დიდ დაფას უყურებენ, სადაც ლამაზად არის მენიუ ჩამოწერილი. უკვეთავენ ყავას, ჩაის, თურქულ საუზმეს. სწორედ ტრადიციულ თურქულ კერძს მიირთმევდა ამერიკაში ჰაქან შუქური და თან ჟურნალისტს უხსნიდა, როგორ მოხვდა ამ ქვეყანაში, რატომ მოუწია სამშობლოდან წამოსვლა და ამერიკაში დამალვა.

შუქური 46 წლისაა და თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტსმენია. მსოფლიოს თასის გმირი და ვეტერანი ფეხბურთელი ევროპის რამდენიმე ტოპ ლიგაში თამაშობდა. შუქურმა ცნობადობა პოლიტიკური კარიერისთვის გამოიყენა, ის თურქეთის პარლამენტის წევრადაც აირჩიეს. ამის შემდეგ ყველაფერი აირია...

2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა
სამხრეთ კორეა V თურქეთი

საბოლოოდ ჰაქან შუქური ამერიკაში აღმოჩნდა - მას აინტერესებს, მოახერხებს თუ არა ასაკოვანი მშობლების ნახვას, დაუბრუნდება თუ არა თურქეთი დემოკრატიულ გზას და მიეცემა თუ არა უკან დაბრუნების საშუალება.

“ეს ჩემი ქვეყანაა, მე მიყვარს ჩემი ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ კონტროლირებადი მედია ჩემზე დამახინჯებულ ინფორმაციას ავრცელებს. შესაძლოა, მომავალში წავიდე და ვესტუმრო იქაურობას,” - ამბობს თურქული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი.

ინგლისურად კარგად საუბრობს, გრძელ ამბებს კი მაინც თურქულად ყვება და თან ამოწმებს, თარჯიმანს სწორად თუ მიაქვს სათქმელი ჟურნალისტთან. თურქეთიდან წამოსვლის შემდეგ, ეს მისი პირველი ინტერვიუა. მან 2015 წელს დატოვა სამშობლო.

ერდოღანი შუქურისთვის მეგობარი და პოლიტიკური პარტნიორი იყო.

250 გარდაცვლილი, 60 ათასი დაკავებული - ჟურნალისტები, აკადემიკოსები, პოლიტიკური ოპონენტები და ყველა ის ადამიანი, ვისაც რეჟიმისგან განსხვავებული აზრი გააჩნდა. ერდოღანმა ქვეყანაში სამხედრო კონტროლი დაამაყარა, აკონტროლებს სასამართლოს, მედიასა და ახლა უკვე ინტერნეტსაც.

როგორც კი ქვეყანაში სიტუაცია გაუარესდა, შუქურმა მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად სამშობლო დატოვა. მთავრობამ ჰაქანი მიზანში ამოიღო და იმ ადამიანთა შორის დაასახელა, რომელიც ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას გეგმავდა.

დააყადაღეს ფეხბურთელის ქონება, საბანაკო ანგარიშები, სახლები. ერთი წლის განმავლობაში შუქურის მამა ციხეში იჯდა. როგორც კი მისი ადგილსამყოფელი გაიგეს, მეგობრები დაუკავშირდნენ და ურჩიეს, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყო. ჰაქანს არაფერს დაუშავებდნენ, თუ ერდოღანის მთავრობაზე ცუდს არ იტყოდა.

ჰაქან შუქური: “ძალიან კარგად ვიცხოვრებდი და მინისტრიც ვიქნებოდი, თუკი მათ თამაშში ავყვებოდი და იმას გავიმეორებდი, რასაც ისინი ამბობდნენ. მაგრამ ახლა ყავას ვყიდი. ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს ცუდი მხარეები, მაგრამ მჯერა, რომ ერთხელაც ნათელი დაბრუნდება. სიბნელე სამუდამოდ არასდროს გრძელდება.”

რამდენიმე წუთის შემდეგ, შუქური წამოდგა და მაგიდების დალაგება დაიწყო. თურქეთში მას ყველა იცნობდა, ამერიკაში კი ყურადღებასაც არ აქცევენ.

შუქური ფეხბურთს ისევ თამაშობს. მეგობრებთან ერთად პარკში ცდილობს ფორმის შენარჩუნებას. წინა კვირის გუნდის 15 გოლიდან 11 ჰაქანმა გაიტანა. პარკში ყველამ იცის, ვინ არის ჰაქან შუქური.

ის თურქეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია - 51 გოლი. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში შევიდა, როგორც მუნდიალის ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი.

ჰაქანი თურქეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

თურქს უამრავი მოგონება დაუგროვდა. კარიერის უმეტესი ნაწილი სამშობლოში გაატარა, გალათასარაის შემადგენლობაში. ამ კლუბთან ერთად 2000 წელს უეფას თასის გამარჯვებულიც გახდა. ითამაშა ტორინოში, ინტერში, პარმასა და ბლექბერნში. კარიერა კი გალათასარაიში დაასრულა.

ჰაქან შუქური უეფას თასით.

შუქურს მეფესა და ბოსფორის ხარს ეძახდნენ. 2011 წელს ის პარლამენტში მოხვდა - ერდოღანის პარტიასთან ერთად. ამავდროულად, კავშირები ჰქონდა ფეთულა გიულენთან, რომელიც პენსლივანიის შტატში გახიზნული სასულიერო ლიდერია. ერდოღანსა და გიულენს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ აირია, რაც ერდოღანმა შეიტყო, რომ გიულენის მოძრაობა “ჰიზმეთი” დიდ ზეგავლენას ახდენდა თურქულ მოსახლეობაზე.

შუქურმა მალევე დატოვა ერდოღანის პარტია, რითაც ახალი მტრები შეიძინა. 2015 წელს პალო ალტოში ჩამოვიდა და მეგობართან ერთად კაფეს გახსნა გადაწყვიტა.

“მსურს, რომ ჩემმა შვილებმა თავისუფლად და დამოუკიდებლად იცხოვრონ. მინდა, რომ ისინი გაემგზავრონ სხვადასხვა ქვეყანაში და შეისწავლონ მათი კულტურა. ეს ამერიკაში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზია,” - ამბობს შუქური.

ერდოღანმა ჰაქანი მოწინააღმდეგეთა სიაში შეიყვანა და მასზე ძებნა გამოაცხადა. მასთან ერთად, ამ სიაში კიდევ ერთი ცნობილი სპორტსმენი, NBA-ში მოთამაშე ენეს კანტერი მოხვდა, რომელიც ნიუ იორკ ნიქსის ღირსებას იცავს. კანტერი ხშირად სტუმრობს შუქურს. ისინი საუბრობენ ყველა თემაზე და განსაკუთრებით სამშობლოზე.

ხშირად წერენ, რომ სამშობლოში დაბრუნებისას საფრთხე არ დაემუქრება, თუ ხმას არ ამოიღებს, რაც ჰაქანისთვის მიუღებელია. ის აცნობიერებს, რომ უამრავი ადამიანი ცხოვრობს ასეთ პირობებში.

ჰაქან შუქური: “ვერ ვიქნები ეგოისტი და მხოლოდ ჩემს უფლებებს ვერ დავიცავ იმისთვის, რომ სარგებელი მივიღო და მშვიდად ვიყო. ჩემი თავის მიმართ პატივისცემას დავკარგავ.”

შუქური ხშირად ურეკავს მშობლებს, რომლებიც თურქეთში ცხოვრობენ. მამამ ციხეს თავი დააღწია, ის ახლა 77 წლისაა და სიმსივნეს ებრძვის.

ჰაქან შუქური: “მამაჩემმა მითხრა, რომ ძალიან ვენატრებოდი და ჩემი ჩახუტება სურდა. ყველა ავტირდით. უამრავი ადამიანია ასეთ მდგომარეობაში.”

თურქ ფეხბურთელს სურს, რომ საფეხბურთო აკადემია გახსნას და მწვრთნელობა დაიწყოს - ეს მისი ამერიკული ოცნებაა. შუქურის იდეას ინვესტორებიც გამოუჩნდნენ, მას უამრავი მეგობარი ჰყავს ევროპაში და სჯერა, რომ ეს საქმე წარმატებით დასრულდება.

ჰაქან შუქური: “აქ რამდენიმე მეგობარი შევიძინე, მყავს ახალი მეზობლებიც. რამდენიმე ხნის წინ კაფეში სტუმრები შემოვიდნენ, რომლებმაც მიცნეს და ჩემთან ფოტოები გადაიღეს. ერთ-ერთმა სტუმარმა მკითხა, თუ რატომ იღებდნენ ჩემთან ფოტოებს - მე ხომ არც ისე სიმპატიური ვარ.”

შუქურის სამუშაო დღე დასრულდა. ახლა დასვენების დროა. თურქი ფეხბურთელი ამერიკულ ოცნებას აგრძელებს და სამშობლოზე ფიქრობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები