Thumbnail
  • მესის კარიერაში 41 ჯარიმა აქვს გატანილი
  • ყველა დროის ლიდერი ბრაზილიელი ჟუნინიოა - 77 გოლი საჯარიმო დარტყმით

ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ ლეო მესი საჯარიმო დარტყმების შესრულების დიდოსტატია, შესაძლოა, დღეს მსოფლიოში საუკეთესოც კი.

ბოლო რამდენიმე წელიწადში არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა თამაშის ეს კომპონენტი იმდენად დახვეწა, რომ წარმოუდგენლად შედეგიანი გახდა. მეტოქეები შავ დღეში ვარდებიან, როცა ლეო საჯარიმო დარტყმის შესასრულებლად ბურთთან მიდის. შეიძლება ითქვას, რომ 22 მეტრიდან ის უკეთ ურტყამს, ვიდრე 11-დან.

დღეისთვის ლეო მესიმ ოფიციალურ საკლუბო და სანაკრებო მატჩებში 41 გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით. საოცარი რიცხვია. დღეს სხვებზე ხშირად მას გააქვს ასეთი გოლები და დღეს ისაა საუკეთესო ამ კომპონენტში.

მაგრამ მთლად მესის ჰეგემონიასაც ნუ დავხატავთ. შესაძლოა, ეს სიურპრიზად მოგვეჩვენოს, მაგრამ ბევრი ფეხბურთელი არსებობს, ვისაც კარიერაში ლეოზე მეტი ჯარიმა გაუტანია. ცხადია, ლეგენდებზეა საუბარი. ქვემოთ ამ საფეხბურთო კომპონენტის გამორჩეულ ოსტატთა ტოპ-ათეულს გთავაზობთ:

10. კრიშტიანო რონალდო - 51 გოლი

(პორტუგალიის ნაკრები, სპორტინგი, მანჩესტერ იუნაიტედი, რეალი, იუვენტუსი)

დიახ, კრიშტიანუ რონალდუს მესიზე მეტი ჯარიმა აქვს გატანილი. თითქოსდა, დღეს ძნელი დასაჯერებელია, თუმცა, გავიხსენოთ, რომ დიდი პორტუგალიელი მეგოლე სულ რაღაც 2-3 წლის წინ ხშირად იტანდა გოლებს საჯარიმო ფარგლებს გარედან, მათ შორის საჯარიმო დარტყმებით…

9. როჟერიო სენი - 59

(ბრაზილიის ნაკრები, სინოპი, სან პაულუ)

თუკი ვინმეს ოდესმე აზრად მესის მასხრად აგდება მოუვა, შეუძლია უბრალოდ როჟერიო სენი უხსენოს და დააყოლოს, რომ ამ მეკარეს საჯარიმო დარტყმებით მასზე მეტი გოლი აქვს მითვლილი. მართალია, საწინააღმდეგო არგუმენტებიც არსებობს - სენის არსად უთამაშია ბრაზილიის ჩემპიონატისა და ლიბერტადორესის თასის გარდა, თან მისი კარიერა 20 სეზონისგან შედგება. მაგრამ ბრაზილიელის ამპლუიდან გამომდინარე, როჟერიო სენი ფენომენად უნდა მივიჩნიოთ. იცით თუ არა, რომ ამ მეკარეს ერთ-ერთი სეზონის მსვლელობისას 21 გოლი აქვს გატანილი? ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია!

8. რონალდ კუმანი - 60

(ჰოლანდიის ნაკრები, გრონინგენი, აიაქსი, პსვ, ბარსელონა, ფეიენოორდი)

ლეო მესიმდე “კამპ ნოუზე” საჯარიმო დარტყმბის მეფედ რონალდ კუმანი მიიჩნეოდა. მძლავრ ჰოლანდიელს ფეხის მაგივრად ზარბაზანი ჰქონდა და მისი ნებისმიერი დარტყმა იყო უკიდურესად სახიფათო ნებისმიერი გოლკიპერისთვის. მას გაჰქონდა თამაშიდან და სტანდარტული მდგომარეობებიდან, თან ნებისმიერი დისტანციიდან. კუმანი ძალიან მარტივად ურტყამდა - ზუსტად და უძლიერესად. მისი დარტყმის ძალა დღემდე უნიკალურად მიიჩნევა. კუმანის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი გოლი გახლავთ უმძლავრესი საჯარიმო გასროლა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როცა მისმა ბარსელონამ ისტორიაში პირველად მოიგო ეს ჯილდო სამპდორიასთან დაძაბულ ბრძოლაში.

6-7. ზიკო - 62

(ბრაზილიის ნაკრები, ფლამენგო, უდინეზე, კაშიმა)

იმ ეპოქაში, როცა ევროპაში ინგლისური კლუბები დომინირებდნენ, სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობდა გენიოსი, რომელსაც ბურთიანად წარმოუდგენელი რამეების კეთება შეეძლო. ზიკო იყო დახვეწილი ფეხბურთელი, შემტევი ნახევარმცველი, ბუნებისგან დაჯილდოებული პლასტიკით, წონასწორობის შენარჩუნების უნარითა და ბურთის ოსტატური ფლობით. მისი საჯარიმო დარტმების ხილვა იყო დიდი ესთეტიკური სიამოვნება, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი მან შოტლანდიის ნაკრებს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გაუტანა.

6-7. დიეგო მარადონა - 62

(არგენტინის ნაკრები, არხენტინოს ხუნიორსი, ბოკა ხუნიორსი, ბარსელონა, ნაპოლი, სევილია, ნიუელს ოლდ ბოისი)

მესიმ მარადონას რეკორდების უმრავლესობა დაამხო, მაგრამ ამ კონკრეტული მიღწევის გაუმჯობესებისთვის ლეოს ერთობ მცირე შანსი დარჩა. დიადი არგენტინელი ყველა თანამედროვეს მნიშვნელოვნად აღემატებოდა და საჯარიმო დარტყმების შესრულების მხრივაც უბადლო იყო. ურყტამდა ისე მოხდენილად და ზუსტად, რომ რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ბურთი ჰაერში ზანტად, შენელებულად მიფრინავდა კარის დაუცველი კუთხისკენ.

5. დევიდ ბექჰემი - 65

(ინგლისის ნაკრები, მანჩესტერ იუნაიტედი, პრესტონი, რეალი, ლოს ანჯელეს გელექსი, მილანი, პარი სენ-ჟერმენი)

დიდებული ინგლისელი კარიერის მსვლელობისას პურის ფულს ორი რამით შოულობდა - უზუსტები ჩაწოდებებით და საოცარი საჯარიმო დარტყმებით. ცოცხალი კედლისთვის ბურთის შემოტარების მისი უნარი ლეგენდად დარჩა. მისი იმიჯი მუდმივად იცვლებოდა: ხან სკინჰედივით გამოიყურებოდა, ხან კიკინები ჰქონდა, მაგრამ ერთადერთი რამ უცვლელი რჩებოდა - მისი მახვილგონივრული საჯარიმო დარტყმები.

3-4. ვიქტორ ლეგროტალიე - 66

(არგენტინის ნაკრები, ხიმნასია ი ესხრიმა, ჩაკარიტა, ატლეტოკო არხენტინა, ხუვენტუდ ალიანსა, ინდეპენდიენტე რივადავია, ამერიკო ტესორიერი)

შესაძლოა, ამ ფეხბურთელის შესახებ მკითხველის დიდ უმრავლესობას საერთოდ არაფერი სმენია, მაგრამ არგენტინაში ვიქტორ ლეგროტალიე მთელი თაობის კერპი იყო.

გასული საუკუნის 60-იან წლებში მან 66 საჯარიმო დარტყმა გაიტანა. ეს არგენტინელი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა - მან კარიერის განმავლობაში 12-ჯერ გაიტანა ე.წ. ოლიმპიური გოლი, ანუ 12-ჯერ ჩაახვია ბურთი მეტოქის კარის ბადეში უშუალოდ კუთხურის ნიშნულიდან.

ლეგროტალიეს გადაბირება რეალსა და ინტერს სურდათ, შემდეგ მასზე ნიუ იორკ კოსმოსი ნადირობდა, რომელშიც იმ დროისთვის პელე და ბეკენბაუერი თამაშიბდნენ, მაგრამ ლეგროტალიემ ყველა წინადადება უარყო: შვილები სამშობლოში უნდა გავზარდოო - ეს იყო მისი უარის მიზეზი.

3-4. რონალდინიო - 66

(ბრაზილიის ნაკრები, გრემიო, პარი სენ-ჟერმენი, ბარსელონა, მილანი, ფლამენგო, ატლეტიკო მინეირო, კერეტარო, ფლუმინენსე)

მას გამოჩენისთანავე მოუწია ყურადღების ცენტრში ყოფნამ, მაგრამ სახელი რონალდინიომ 40 მეტრიდან დევიდ სიმენის კარში გატანილი საჯარიმო დარტყმით გაითქვა, მით უფრო, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მოხდა. ძალიან მაგარი გოლი იყო, მაგრამ გასაკვირი არაა, რადგან მისი ავტორიც ძალიან მაგარი იყო. ლაღი და ძლიერი, ის იყო როკ-ვარსკვლავივით თავისუფალი და ბარსელონაში 10-ნომრიანი მაისურის მესის წინამორბედი მფლობელი. ჯარიმები ყველანაირი გაჰქონდა - ხვრეტდა ცოცხალ კედელს პირდაპირი დარტყმით, ბურთს აგზავნიდა მეკარისგან ახლო თუ შორეულ კუთხეში, ცოცხალ კედელს ხან ზემოდან გადაავლებდა ბურთს, ხან ქვეშ გაუტარებდა (მესიმ ეს უკანასკნელი ილეთი მისგან ისწავლა). სწორედ რონალდინიოს მიერ დაწესებული რიტმი სუფევს დღეს “კამპ ნოუზე”, მესი მისი საქმის გამგრძელებელია.

2. პელე - 70

(ბრაზილიის ნაკრები, სანტოსი, ნიუ იორკ კოსმოსი)

კიდევ ერთი ბრაზილიელი “ათიანი” ამ სიაში. არავისთვისაა გასაკვირი, რომ პელეს ანგარიშზე 70 შედეგიანი საჯარიმო დარტყმაა. მას იმდენი გოლი აქვს გატანილი, რომ 70 აბსოლუტურად რეალური რიცხვია. ყველაზე მნიშვნელოვანი ლეგენდარული კაცის ამ მიღწევაში არის ის, რომ პელეს თავისი 70 ჯარიმის გატანამ მოუწია მძიმე ტყავის ბურთის ეპოქაში - როცა დარტყმაში მთელი ღონე უნდა ჩაგექსოვა, რათა ბურთს სასურველი ტრაექტორია მიეღო.

1. ჟუნინიო პერნამბუკანო - 77

(ბრაზილიის ნაკრები, სპორტ რესიფე, ვასკო და გამა, ლიონი, ალ გარაფა, ნიუ იორკ რედ ბულზი)

ჟუნინიო პერნამბუკანო იყო და რჩება საჯარიმო დარტყმების ღმერთად. მის მაღალოსტატურ ტექნიკას უამრავი მიმბაძველი ჰყავდა (რომლებიც მიმბაძველებადვე დარჩნენ). ჟუნინიოს დარტყმებში შერწყმული იყო ტემპი, ძალა, სიზუსტე, ტრაექტორია, ჩახვევის ხარისხი, რის გამოც მისი საჯარიმო დარტყმენი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ის არა ჟუნინიო ყოფილიყო, არამედ დოქტორ სტრეინჯი (კომიქსების ყოვლისშემძლე გმირი), რომელიც რეალობას ცვლიდა და ბურთს მოძრაობას ისე აიძულებდა, როგორც თავად მოესურვებოდა. ჟუნინიოს თავისი 77 ჯადო-ჯარიმა კლუბებში და ბრაზილიის ნაკრებში აქვს გატანილი და წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რომ მესი ოდესმე ამ ციფრებთან მიახლოებას მაინც მოახერხებს, გაუმჯობესებაზე საუბარს ხომ საერთოდ არ აქვს აზრი. შესაძლოა, ოდესმე ლეო მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ვაღიაროთ, მაგრამ ჟუნინიო პერნამბუკანო საჯარიმო დარტყმების მეფეცაა, სულთანიც, იმპერატორიც და ღმერთიც.

სხვები

კიდევ არაერთი ფეხბურთელია, ვისაც 50-ზე არანაკლები ჯარიმა აქვს გატანილი (ანუ ჯერჯერობით ისინიც სჯობნიან მესის), მაგრამ მათი ზუსტი სტატისტიკის მოძიება ვერ მოხერხდა. ამ სიაში არიან ალესანდრო დელ პიერო, შუნსუკე ნაკამურა, სინიშა მიჰაილოვიჩი, მიშელ პლატინი, პიერ ვან ჰოიდონკი და ჰრისტო სტოიჩკოვი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ბარსელონა
  • იუვენტუსი
  • პ.ს.ჟ
  • რეალ მადრიდი
  • ბაიერნი
  • ლივერპული
  • ატლეტიკო მადრიდი

კომენტარები

ბოლო ამბები