Thumbnail

‘იმედია, ბარსას მწვრთნელი ისევ ვიქნები!’ - გვარდიოლა დაბრუნებაზე ალაპარაკდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ბარსელონაში დაბრუნებაზე ფიქრობს
  • პეპს უნდა, რომ მომავალში ისევ ბარსას მთავარი მწვრთნელი იყოს

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერას აუცილებლად მშობლიურ ბარსელონაში დაასრულებს. 47 წლის ესპანელისთვის პენსიაზე ფიქრი ჯერ, რა თქმა უნდა, ძალიან ადრეა, მაგრამ პეპმა უკვე იცის, სად სურს კარიერის მიწურულს მუშაობა - ბარსელონაში, ოღონდ, არა პროფესიონალების, არამედ ბავშვთა გუნდის დამრიგებლად. თუმცა, გვარდიოლამ ისიც თქვა, რომ იმედი აქვს, მომავალში ბარსას მწვრთნელი ისევ იქნება.

“იქ დავამთავრებ, სადაც დავიწყე. ჩემი კარიერის ბოლო ეტაპი, იმედია, ბარსელონას ბავშვთა გუნდი იქნება,” - განაცხადა გვარდიოლამ Movistar-თან ინტერვიუში და დასძინა: “იმედი მაქვს, ისევ ვიქნები ბარსელონას მწვრთნელი!”

ხოსეპ გვარდიოლა ბარსელონას მთავარი მწვრთნელი 2008-დან 2012 წლამდე იყო. მან სხვა ტიტულებთან ერთად, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და სამჯერ ესპანეთის ჩემპიონატი. 2007/2008 წლების სეზონში პეპი ბარსას სარეზერვო გუნდის დამრიგებელი გახლდათ.

ბარსელონას შემდეგ გვარდიოლა მიუნხენის ბაიერნის მწვრთნელი იყო, სადაც სამი სეზონი გაატარა და 2016 წლიდან მანჩესტერ სიტის ჩაუდგა სათავეში, რომელთანაც კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. ცოტა ხნის წინ პეპმა თქვა, რომ სამწვრთნელო კარიერის დიდხანს გაგრძელება არ სურს, თუმცა ფეხბურთიდან წასვლის კონკრეტული თარიღზე არ უსაუბრია.

კომენტარები

ბოლო ამბები