Thumbnail
  • 📅 13 სექტემბერი ⌚ 21:00 🌍 თელ-ავივი | ისრაელი v საქართველო
  • 📅 16 სექტემბერი ⌚ 19:00 🌍 თბილისი | საქართველო v საბერძნეთი 

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები თელ ავივშია, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი ისრაელის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 13 სექტემბერს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. სამი დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრები პირველ საშინაო მატჩს გამართავს და თბილისის სპორტის სასახლეში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება. მოახლოებული მატჩების შესახებ თელ ავივში კომენტარი გააკეთა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ. მოკლე კომენტარით შემოიფარგლა საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი შერმადინი...

საქართველოს ნაკრები თელ ავივში პირდაპირი რეისით ჩაფრინდა

ვლადიმერ ბოისა (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი)
“ვიცით, რომ წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება. ისიც გააზრებული გვაქვს, რომ წაგებულ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის მიზერული შანსი რჩება. ისრაელის ნაკრები დიდი ხანია ემზადება და ამხანაგური მატჩებიც ითამაშა, ხოლო ჩვენ არ გვქონია ამის შესაძლებლობა, რადგან ევროპული კლუბების გამო კალათბურთელები გვიან შემოგვიერთდნენ. ისრაელის ნაკრებს ევრობასკეტზე მოვუგეთ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში და იმედია, რომ ამჯერადაც დადებით შედეგს მივაღწევთ. 

აქვე მინდა ვთქვა 16 სექტემბრის მატჩზე, რომელსაც თბილისში საბერძნეთის წინააღმდეგ გავმართავთ. ჩემი პირადი აზრით, ასეთ ძლიერ გუნდთან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არ გვითამაშია. ვფიქრობ, საბერძნეთის ნაკრები უფრო ძლიერია, ვიდრე სერბეთი, გერმანია და ავსტრია. ვისაც უყვარს კალათბურთი, აუცილებლად უნდა მოვიდეს სპორტის სასახლეში, რადგან ჩვენ გუნდს სწორედ გულშემატკივართა მხარდაჭერა აძლიერებს. ამასთან, თბილისში ვარსკვლავები ითამაშებენ. თუ მოვიგეთ ისრაელში, ვფიქრობ რომ საბერძნეთთან მატჩზე ბილეთების შოვნა ძალიან რთული იქნება”. 

გიორგი შერმადინი (საქართველოს ნაკრები)
“სასიამოვნოა, რომ თელ ავივში პირდაპირი რეისით ჩამოვედით. ძალიან არ დავღლილვართ. დღეს საღამოს ვარჯიში გვაქვს და იმედია, რომ დავხვეწთ იმ კომბინაციებს, რომლებიც თამაშზე უნდა გამოვიყენოთ”.

მეტ ჯენინგი და გიორგი შერმადინი

როგორც აღვნიშნეთ, ისრაელიდან დაბრუნებული საქართველოს ნაკრები 16 სექტემბერს, სპორტის სასახლეში საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველო - საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაწყებულია ონლაინ TKT.GE-ზე. ბილეთების ფასი  5, 10, 15 და 25 ლარია. 

საქართველოს ნაკრები L ჯგუფში ასპარეზობს, სადაც საბერძნეთთან, ისრაელთან და ესტონეთთან მოუწევს დაპირისპირება. ჯგუფში კიდევ ორი გუნდია: სერბეთი და გერმანია, თუმცა მათ ილიას ზუროსის გუნდი პირველ ეტაპზე ეპაექრა და აღარ შეხვდება. გუნდებს დაგროვილი ქულებიც გადმოყვათ და შესაბამისად, მეორე ეტაპს უთანასწორო კონკურენციაში იწყებენ: საქართველოს ნაკრებს 8 ქულა აქვს და 6-გუნდიან ჯგუფში მე-5 ადგილზეა. მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს პირველი სამი გუნდი მოიპოვებს და ამ მომენტისთვის ამ პოზიციებს გერმანია (12 ქულა), საბერძნეთი (12 ქულა) და სერბეთი (10 ქულა) იკავებენ.

საქართველოს ნაკრების კალენდარი

კომენტარები

ბოლო ამბები