Thumbnail

აკი ბაშო | წარბგახეთქილმა ტოჩინოშინმა მონღოლი კომუსუბი დაამარცხა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი ტამავაშის წინააღმდეგ
  • გაგამარუს მესამე მარცხი ბაშოზე

ტოკიოში გრძელდება წლის ბოლოსწინა სუპერტურნირი, აკი ბაშო. ასპარეზობის მე-4 დღეს ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მონღოლ კომუსუბი ტამავაშის შეხვდა. დაჯახების შემდეგ, ლევანმა კიდესთან ილეთით შეასრულა და მეტოქე წააქცია, მაგრამ თავადაც დოჰიოდან გადავარდა. ქართველ სუმოისტს წარბი გაუსკდა. მსაჯებმა კი განმეორებითი ბრძოლა დანიშნეს.

განმეორებითი ბრძოლა წარბგახეთქილმა ტოჩინოშინმა ცუკიოტოშის ილეთით იმარჯვა და ახლა 3-1 ბალანსი აქვს.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე სეკივაკე მიტაკეუმია, სუმოისტი, რომელმაც ივლისის ბაშოზე ფავორიტების ტრავმებით ისარგებლა და კარიერაში პირველად მოიგო იმპერატორის თასი. ურთიერთშეხვედრებში ქართველი მებრძოლი წინაა - 5:2. მიტაკეუმი შესანიშნავად ასპარეზობს აკი ბაშოზეც - 4-0 ბალანსი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძეს ბაშოზე დადებითი ბალანსის მოპოვება ესაჭიროება, რომ ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს.

ჯურიოს მე-12 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-13 ნომერ ენჰოს შეხვდა და ჰატაკიკომით დამარცხდა. ქართველ რიკიშს დროულად მართებს მდგომარეობის გამოსწორება, მას 1-3 ბალანსი აქვს და მეორე ელიტური დივიზიონიდან გავარდნა ემუქრება. გაგამარუს მომდევნო მეტოქე ჯურიოს მე-13 ნომერი აზუმარიუა. 

ბაშოზე 7 სუმოისტია დაუმარცხებელი, მათ შორის სამივე დიდი ჩემპიონი (კაკურიუ, ჰაკუჰო, კისენოსატო), ოძეკი ტაკაიასუ და სეკივეკე მიტაკეუმი. რიგითი მაეგაშირებიდან ჯერ არ დამარცხებულან ჰოკუტოფუჯი და იოშიკაძე.

აკი ბაშო. IV დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

კაკურიუ ⚪ იუტაკაიამა ⚫ (ოშიდაში)

ჰაკუჰო ⚪ ჩიოტაირიუ ⚫ (უვატენაგე)

კისენოსატო ⚪ კაისეი ⚫ (იორიკირი)

გოეიდო ⚪ იკიოი ⚫ (ჰიკიოტოში)

ტაკაიასუ ⚪ ტაკაკეიშო ⚫ (ჰიკიოტოში)

ტოჩინოშინი ⚪ ტამავაში ⚫ (ცუკიოტოში)

მიტაკეუმი ⚪ იჩინოჯო ⚫ (ოშიდაში)

ენდო ⚪ ჩიონოკუნი ⚫ (ოშიდაში) 

კომენტარები

ბოლო ამბები