Thumbnail
  • ტუხელი ცდილობს, ორივე გოლკიპერის ამბიციები დააკმაყოფილოს
  • “არეოლა მოუმატებს არა ბუფონის გამო, არამედ ბუფონის წყალობით”

პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა არაორაზროვნად მიანიშნა, რომ ამ ეტაპზე ალფონს არეოლა დაწინაურებულია ჯანლუიჯი ბუფონთან შიდა კონკურენციაში და გუნდის პირველ მეკარედ დღეს ფრანგი მოიაზრება.

მოგეხსენებათ, დიადმა იტალიელმა სერია A-ს მორიგი ჩემპინობის მოპოვებით იუვენტუსთან ურთიერთობა დაასრულა და თავისუფალი აგენტის სტატუსით პარიზულ კლუბში გადავიდა. ფრანგული პირველობის სამი სასტარტო მატჩი ჯიჯიმ გუნდის კარში გაატარა, მომდევნო სამი - სათადარიგოთა სკამზე. ფრანგულ პრესაში გავრცელდა ვარაუდი, რომ ტუხელი არეოლას სათამაშო პრაქტიკას აძლევს მოახლოებული სანაკრებო მატჩების წინ, რადგან მსოფლიო ჩემპიონთა გოლკიპერი და კაპიტანი უგო ლორისი ტრავმირებულია და პარიზელ მეკარეს “სამფეროვანთა” კარში ჩადგომა ელოდა.

მაგრამ ტომას ტუხელი ამ ვერსიას უარყოფს. “დიახ, მე არჩევანი გავაკეთე. ეს გადაწყვეტილება საბოლოო არაა, მაგრამ ალფონსს ვუთხარი, რომ დღეს ისაა პსჟ-ს პირველი გოლკიპერი”, - უთხრა ტუხელმა “რადიო მონტე-კარლოს” ჟურნალისტს, - “ის კლუბის აკადემიაშია გაზრდილი, პარი სენ-ჟერმენი მისთვის ყველაფერია და არეოლას მიზანი პსჟ-ს სამსახურში ყოფნაა. ესაა სიტუაცია, რომელსაც პატივისცემითა და გაგებით უნდა მოეკიდო. საამაყოა, რომ გუნდში ასეთი ხასიათის მოთამაშეები გვყავს. ძალიან გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც პსჟ-ს სულისკვეთებას ატარებენ.

სრულიად განსხვავებული ვითარებაა ჯანლუიჯი ბუფონთან მიმართებაში. ესაა ლეგენდა, ალფონსის კერპი, რომელიც მის გვერდითაა. ორივე მოთამაშე ძალიან ძლიერი პიროვნებაა, ამიტომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს მოზომილი და გონივრული. ჯიჯიმ და ალფონსმა ეს იციან. ჭკვიანური ტაქტიკა უნდა იყოს მიმართული თავმოყვარე კაცების ამბიციების დაკმაყოფილებაზე და თუ ეს გამოგვივიდა, საუცხოო შედეგს მივიღებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ალფონსი მოუმატებს არა ჯიჯის გამო, არამედ ჯიჯის წყალობით”.

ამასთან, პარიზელთა გერმანელმა დამრიგებელმა გუნდში ბუფონის როლსა და გავლენაზეც გაამახვილა ყურადღება.

“ჯიჯი არაა უბრალოდ სათადარიგო მოთამაშე. ესაა ფეხბურთელი, რომელიც გუნდზე ძლიერ გავლენას ახდენს. მაგალითად, მან ბრწყინვალედ ითამაშა გენგამის წინააღმდეგ, მეორე ტაიმში გოლის გაშვებისგან გვიხსნა. დღეს კი ის სკამზე იმიტომაა, რომ ალფონს არეოლას სჭირდება სათამაშო დრო. ჯიჯის სრული უფლება აქვს, სათადარიგოთა სკამზე გულზე ხელდაკრეფილი დაჯდეს და თამაშს მშვიდად მიადევნოს თვალ-ყური. მაგრამ არა! ის ყველაფერში მონაწილეობს, ბიჭებს ამხნევებს, ესაუბრება, ცდილობს დამეხმაროს… ეს სრული სიგიჟეა! ასეთ მომენტებში ხვდები, რატომაა ეს კაცი ასე მაღლა, როგორ გაიკეთა ასეთი კარიერა”, - დასძინა ტომას ტუხელმა.

კომენტარები

ბოლო ამბები