Thumbnail

ბლოგი ◈ ნუ იქნები მარადონა

როცა ნარკოტიკს და სპორტს ერთ კონტექსტში ახსენებენ, პირველი, რაც თავში მოგდის, მარადონა და ფეხბურთია. ალბათ, იმიტომ, რომ ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტია, მარადონა კი ამ სპორტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილი. ოცი წლის წინ, სულაც იტყოდნენ რომ ყველაზე საუკეთესო ნაწილი. თუმცა ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. საინტერესო აქ მარადონას უაზროდ დასრულებული კარიერაა.

90-ანების მიწურულს, საქართველოში, სადაც ფეხბურთი ჯერ კიდევ ყველაზე პოპულარული სპორტი იყო და პოპულარულობაში ვგულისხმობ ეზოებს, სადაც დილიდან დაღამებამდე ფეხბურთს თამაშობდნენ, ფეხბურთის ძალიან უცნაური და არაერთგვაროვანი აღქმა ჰქონდათ. მაგალითად, ჩემმა ერთ-ერთმა გუნდელმა ფეხბურთს თავი იმიტომ დაანება, რომ ვერაფრით მოძებნა გამოსავალი, თუ რა უნდა ექნა იმ შემთხვევაში, როცა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებდნენ, თამაშის დროს რაღაც შეეშლებოდა, გულშემატკივრებისგან კი ფიდბექად გინებას მიიღებდა.

ახლა სასაცილოა, მაგრამ მაშინ ამაზე არავინ იცინოდა და დანამდვილებით ვიცი, ეს საკითხი ჩემი გუნდელის გარდა უამრავ ახალგაზრდა ფეხბურთელს აწუხებდა. მაინც, რა უნდა ექნა ჩემ გუნდელს? პრობლემის გადაჭრის საკითხი ასე იდგა: თავს ანებებს ფეხბურთს, ან ყოველ ჯერზე, როცა შეაგინებენ (თან შეაგინებენ დედას, თორემ მამისტყვნა მოსული იყო), ეს უნდა აბობღებულიყო ტრიბუნებზე და ეჩხუბა გულშემატკივართან. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით, ის არათუ ნაკრებში, აბაშის ავტომობილისტის დუბლებშიც ვერ მოხვდებოდა, მაინც, რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო და პერსპექტივაში, ათასობით ადამიანთან ჩხუბს ფეხბურთისთვის თავის დანებება ამჯობინა. სამწუხარო ამ ამბავში ის არის, რომ ამ ორი არჩევანის გარდა, სხვას ვერაფერს ხედავდა. და ასეთი ათასობით ბიჭი იყო.

ამავე პერიოდში, იმავე კლასმა, ვისზეც ზევით მოვყევი ამბავი, მარადონაზე შექმნა ლეგენდა, რომელიც საფუძვლად დაედო მომავალი ფეხბურთელების აჯენდას. ლეგენდის თანახმად, ფეხბურთელს ერთხელ მაინც უნდა ეთამაშა ხელით ისე, რომ ძალიან უსამართლოდ გადაეწყვიტა თამაშის ბედი. ამას, როგორც თვით დიეგო არმანდომ თქვა, ღმერთის ხელი ქვია და სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო ფეხბურთთან. ლეგენდის მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ფეხბურთელის კარიერაში იყო ტატუ.

მარადონას, ერთ-ერთ მხარზე ჩე გევარა აქვს გამოსახული. ჩე გევარა, რომელიც თითქმის მარადონას კარის მეზობელი იყო და ცოტა რომ გამართლებოდათ, შეიძლება ერთადაც გაეგორებინათ ბურთი. ასე რომ, გასაგებია საკმაოდ დაბალი აიქიუს მქონე მარადონას რატომაც ჰქონდა ტროცკის მერე ყველაზე დიდი რევოლუციონერის სიფათი გამოსახული. ლეგენდის წესებით ცხოვრების მსურველ ქართველ ბიჭებს კი რა უნდა ექნათ? დავით აღმაშენებლის ტატუ ტეხავდა, სარაჯიშვილი არავინ იცოდა, ვინ იყო, არც ვაჟა, ილია, აკაკი ჯდებოდა კონცეფციაში. ამიტომაც, ერთმა პლეხანოველმა გააქანა და მხარზე მისი მეზობელი განაბის ტატუ გაიკეთა, რის მერეც უბანში ხმა გავარდა და განაბამდეც მივიდა. განაბი დაადგა პერსპექტიულ ფეხბურთელს და ტატუ მაჩვენეო. იმანაც აჩვენა. ამას არ მოეწონა, ლუი დე ფიუნესს გავსო, რაც სიმართლე იყო, რადგან ეს განაბი ლუი დე ფიუნესს მართლაც გავდა. ერთი სიტყვით, ბოლოს რბილად აუხსნა, რომ ტატუ ან წაეშალა, ან კიდევ გადაეკეთებინა. გადააკეთა არწივად. ცოტა სხვანაირი არწივი კი გამოვიდა, მაგრამ ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. სხვათა შორის, არსებობს ერთი ამბავი, გაგანია მხედრიონის დროს, ჯაბა იოსელიანს დაუფინანსებია რაღაც გუნდის გამგზავრება უცხოეთში და უკან რომ დაბრუნებულან, ყველას ჯაბას ტატუ ქონდაო. არ ვიცი სიმართლეა თუ არა, მაგრამ სასაცილო კია.

დაბოლოს, ლეგენდის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იმაში მდგომარებდა, რომ ფეხბურთისთვის თავი დასტოინად უნდა დაგენებებინა. რას ნიშნავს დასტოინად დანებება? რა თქმა უნდა, კოკაინის ფხვნილით მოთხვრილ ცხვირს. მაგრამ აქაც არ გაუმართლა ქართველ პერსპექტიულ ფეხბურთელს - კოკაინი ძვირი სიამოვნებაა და კუსტურალადაც ვერ დაამზადებ შემცვლელს, რომ კოკაინის ზემოქმედების იმიტაცია შექმნა. ასე რომ, განწირულები იყვნენ, საუკეთესო შემთხვევაში, ვენები დაეხვრიტათ საქართველოს სასაზღვრო სოფლებში ნაყიდი ჰეროინით.

ასე, წაკიმარებული მოკვდა ქართული ფეხბურთი საშუალო კლასის ნახმარ მანქანაში, ბარი ვაითის ფონზე და მხარზე გაურკვეველი ჯიშის არწივის ტატუთი.

მიუხედავად იმისა, რომ მარადონაზე გაცილებით ტრაგიკული ისტორიები არსებობს, როცა ათლეტებმა სპორტით და ნარკოტიკებით ერთდროულად კაიფი გადაწყვიტეს, როგორც ზევით ვთქვი, ამ სინთეზის დროს პირველი სწორად მარადონა ახსენდებათ. არადა, მარადონას ამბავი დანარჩენებთან შედარებით გასული საუკუნეების მიუზიკლს გავს, სადაც გმირს სადღაც ცოტა დაენძრა, მაგრამ ბოლოს მაინც მშვენივრად იმღერა, ცოტა ტრაგიკული, თუმცა ჰეფიენდური.

ზუსტად იმ ტრაგიკული მაგალითებით უნდა დაიწყოს ნარკოტიკების შესახებ ცნობიერების ამაღლება. და უნდა დაიწყოს ყველა სპორტულ სკოლაში. ‘არ ვარგა შვილო ნარკოტიკი’ ჯერ ერთი რომ ტყუილია და მეორე - არ მუშაობს. ისევე არ მუშაობს როგორც ‘არ ვარგა იარაღი, ომი, ჩხუბი, სმა, ჩაგვრა, ძალადობა’ და ასე შემდეგ. მე არ მაქვს საკმარისი ცოდნა, შესაბამისად, არ მაქვს რეცეპტი, როგორ უნდა გააგებინო ბავშვს, რატომ არ შეიძლება ერთად სპორტი და ნარკოტიკი, რომელიც თავისთავად გულისხმობს ნიკოტინსაც და ალკოჰოლსაც. მე, უბრალოდ, ვხედავ შედეგებს, სპორტის და ნარკოტიკის სინთეზი არ მთავრდება კარგი შედეგით. მე შემიძლია, უბრალოდ, მოვიყვანო ბესტის, გასკოინის, მუტუს, ვან დერ მეიდეს, ბოსნიჩის მაგალითები, მაგრამ ეს არ არის სწავლება და ეს შედეგს არ გამოიღებს. ეს უნდა გააკეთონ პროფესიონალებმა.

სპორტში რომ იყო წარმატებული, ძალიან ძლიერი ხასიათი უნდა გქონდეს, უნდა იყო შრომისმოყვარე და რაც ყველაზე მთავარია, უნდა გქონდეს ძლიერი მოთმინების უნარი. უნდა გაუძლო უამრავ ცდუნებას, რომელიც არ არის და არც არასდროს იქნება სპორტთან თავსებადი. შეუძლებელია ერთდროულად იყო მეხანძრე და პირომანი, ადრე თუ გვიან თავად დაიწვები შენივე დანთებულ ცეცხლში და ამის სწავლებაც ისეთივე მნიშვნელოვანი უნდა იყოს სპორტსკოლებში, როგორც ფიზიკური და ტექნიკური სწავლებები.

ყველას გვესმის, რომ ყბადაღებული 90-ანები ბევრი უბედურების საწყისია. ასევე იმ თაობის, რომელსაც რომანტიზებული ჰქონდა ფეხბურთელის ის ფსიქოტიპი, რომელზეც ზევით დავწერე. გასაგებია, რომ ის გარემო ზედმეტად განსაზღვრავდა პიროვნების ხედვას და შესაბამისად მომავალს, მაგრამ ახლა აღარ ვდგავართ ანალოგიური საფრთხის წინაშე.

ეს უნდა ასწავლონ სპორტსკოლებში აღსაზრდელებს. პროფესიონალურად უნდა აუხსნან, რომ ისინი შეიძლება ვერასდროს გახდნენ მარადონები, მაგრამ შეუძლიათ იყვნენ მასზე პროფესიონალები.

სანდრო ნავერიანი
ხან მწერალი, ხან რეჟისორი, ხანაც სცენარისტი, მაგრამ მუდმივი მოქალაქე, ქმარი და მამა.

კომენტარები

ბოლო ამბები